ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად გვხვდება შეთავაზებები, რომლებიც მომხმარებლებს კრიპტოაქტივებში თანხის დაბანდებას, სწრაფად მოგების მიღებასა და დამატებითი შემოსავლის გამომუშავებას ჰპირდება. ზოგიერთ შემთხვევაში შეთავაზების მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი წევრების მოზიდვაცაა — ადამიანს ეუბნებიან, რომ თუ სქემაში სხვებსაც ჩართავს, დამატებით სარგებელს მიიღებს.
სწორედ ასეთი შეთავაზებების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოსახლეობას საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი. მისი განმარტებით, როდესაც შემოსავლის მიღება დიდწილად ახალი ადამიანებისა და მათი თანხების მუდმივ მოზიდვაზეა დამოკიდებული, შესაძლოა საქმე ფინანსური პირამიდის კლასიკურ სქემასთან გვქონდეს.
„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში, მათ შორის Facebook-ის გვერდებსა და ჯგუფებში, გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს კრიპტოაქტივებში ინვესტირებას და ამ გზით თანხის გამომუშავებას სთავაზობენ.
ასევე, მათ სთხოვენ, რომ სქემაში ახალი ადამიანებიც გააწევრიანონ და ამ გზით დამატებითი შემოსავალიც მიიღონ.
მსურს მოსახლეობა გავაფრთხილოთ, რომ მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა ფინანსური პირამიდის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენდეს, როდესაც მთავარი მიზანი არა მოზიდული სახსრების მომგებიან საქმიანობაში ინვესტირებაა, არამედ რაც შეიძლება მეტი ახალი ადამიანისა და თანხების მოზიდვა, რადგან სწორედ ამ მოზიდული თანხებით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თანხის გადახდა.
თავდაპირველ ეტაპზე, როდესაც სქემა კარგად ფუნქციონირებს და მასში ბევრი ადამიანი წევრიანდება, შესაძლოა კომპანია მოგებიანიც ჩანდეს და მომხმარებლებმა გარკვეული სარგებელიც მიიღონ. მაგრამ დროის გარკვეულ მონაკვეთში, როდესაც ახალი წევრების მოზიდვა შეუძლებელი ხდება, სქემა აუცილებლად იშლება.
ამიტომ მსურს მოსახლეობა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო და მოვუწოდო, რომ ნებისმიერი შემოთავაზების დროს, მათ შორის კრიპტოაქტივში ინვესტირებასთან დაკავშირებით, წინასწარ დეტალური ინფორმაცია მოიძიონ შემოთავაზების შესახებ და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება“, — ამბობს ლაშა გზირიშვილი.
ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი რამდენიმე პრაქტიკულ საკითხსაც გამოყოფს, რომელთა გარკვევაც მსგავსი შეთავაზების მიღებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„მე გაგიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
პირველ რიგში, როდესაც მსგავს შემოთავაზებას ნახავთ, აუცილებლად დაინტერესდით, კონკრეტულად რა საქმიანობას ეწევა ეს კომპანია, თქვენგან მოზიდულ სახსრებს რა ბიზნესსაქმიანობაში აბანდებს, ასევე, რატომ არის სქემაში ახალი ადამიანების გაწევრიანება საჭირო და ამის გარეშე შესაძლებელია თუ არა თანხის გამომუშავება.
ასევე, ხშირად მსგავსი კომპანიები მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიც არის „საფინანსო“, „საბროკერო“ და ასე შემდეგ.
აუცილებლად დაინტერესდით, ამ კომპანიას აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზია და არის თუ არა რომელიმე მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული სუბიექტი.
და ბოლოს, სქემის უშუალო მონაწილეებისგან გაარკვიეთ როგორც წარმატების, ასევე წარუმატებლობის მაგალითებიც. კარგად მოიძიეთ ინფორმაცია და მხოლოდ შემდეგ მიიღეთ ინფორმირებული გადაწყვეტილება“, — განმარტავს ლაშა გზირიშვილი.
სპეციალისტის გაფრთხილების მთავარი აქცენტი სწორედ ახალი წევრების მოზიდვაზეა: ის ფაქტი, რომ სქემის მონაწილე თავდაპირველად მართლაც იღებს თანხას, თავისთავად არ ნიშნავს, რომ შეთავაზება უსაფრთხო ან მდგრადია. ფინანსური პირამიდის არსებობისას ადრეული მონაწილეებისათვის გადახდები შეიძლება სწორედ მოგვიანებით ჩართული ადამიანების თანხებიდან ხდებოდეს. ამიტომ მაღალი მოგების დაპირებასთან ერთად განსაკუთრებით საყურადღებოა მოთხოვნა, რომ მომხმარებელმა სქემაში მეგობრები, ახლობლები ან სხვა ახალი წევრებიც მიიყვანოს.