რატომ არის ჰომეროსის „ოდისეა“ რევოლუციური ტექსტი? - ლევან ბერძენიშვილი გიორგი კეკელიძესთან პოდკასტში - მშობლები

რატომ არის ჰომეროსის „ოდისეა“ რევოლუციური ტექსტი? - ლევან ბერძენიშვილი გიორგი კეკელიძესთან პოდკასტში

2026-08-28 10:18:00+04:00

ჰომეროსის „ოდისეა“ კაცობრიობის ისტორიაში შინ დაბრუნების ყველაზე ეპიკური ამბავია. ტროას ომის შემდეგ, ითაკის მეფე ოდისევსს 10 წელი დასჭირდა სახლში დასაბრუნებლად. ამ დროის განმავლობაში კი გზად ღმერთების რისხვას, მითიურ არსებებებსა და სხვა უამრავ განსაცდელს ებრძოდა. დაკარგა მეგობრები და თანამებრძოლები.

ადამიანური ნებისყოფის, ერთგულებისა და უწყვეტი ბრძოლის ამბავი არაერთი ხელოვანის შთაგონება გამხდარა. ეს მარადიული ეპოსი კინორეჟისორ კრისტოფერ ნოლანისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. მისი „ოდისეა“, რომელიც ეკრანებზე 2026 წლის ივნისში გამოვიდა ანტიკური პოემის თანამედროვე, შთამბეჭდავი გაცოცხლებაა. ფილმი გადაღებულია IMAX კამერებით; მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები მეტ დეიმონი და ენ ჰეთევეი, რომელთა ნიჭი და ოსტატობაც ცალსახა აღნიშვნას საჭიროებს.

ფილმი მიჰყვება „ოდისეის“ ზოგად სიუჟეტს, შენარჩუნებულია ძირითადი შინაარსი, თუმცა ტექსტში შეტანილია ბევრი ცვლილება, იგრძნობა რეჟისორის ინტერპრეტაციებიც. ეკრანიზაცია კინოკრიტიკოსებმმა დადებითად შეაფასეს, ამას მოჰყვა კომერციული წარმატებაც, თუმცა საინტერესოა, რას ფიქრობს „ილიადასა“ და „ოდისეას“ მთარგმნელი, ლევან ბერძენიშვილი ნოლანის ეკრანიზაციაზე და რა უნდა იცოდეთ, თუ ახლა გეგმავთ ანტიკური ეპოსის წაკითხვას?

ლევან ბერძენიშვილმა „ილიადა“ და „ოდისეა“ ძველი ბერძნულიდან თარგმნა. მის მიერ შესრულებული „ოდისეის“ ახალი თარგმანი გასულ 2025 წელს გამოიცა.

მთარგმნელმა და ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილმა გიორგი კეკელიძესთან სტუმრობისას პოსკასტში „ბიბლუსი talks” ეპოსით დაინტერესებული მკითხველისა და მაყურებლისთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრა: ყურადღება გაამახვილა შინ დაბრუნების მნიშვნელობაზე როგორც ადამიანის ფსიქოლოგიის, ასევე ლიტერატურული კუთხით; განმარტა, რატომ არის „ოდისეა“ უმნიშვნელოვანესი ტექსტი ლიტერატურისთვის; როგორი პიროვნება იყო „ოდისევსი“ და როგორ წარმოაჩინა ის ჰომეროსმა. ასევე, როგორია თვითონ მთარგმნელის შეხედულება კრისტოფერ ნოლანის ეკრანიზაციის შესახებ.

გთავაზობთ რამდენიმე მონაკვეთს ლევან ბერძენიშვილის საუბრიდან:

  • რატომ არის ჰომეროსის „ოდისეა“ რევოლუციური ტექსტი?

„ჰომეროსმა დაწერა ორი პოემა, თუმცა სინამდვილეში, დაწერა ნახევარი მსოფლიო ლიტერატურა, რადგან როგორც ბორხესი ამბობს, სულ ოთხი სიუჟეტი არსებობს და ორი ჰომეროსისაა. მესამე იქვე, საბერძნეთშია, ეს არის არგონავტიკა, მაგალითად განძის ძიება, მაგრამ თემა - შინ დაბრუნება, ნამდვილად არის მსოფლიო ლიტერატურის ერთი მეოთხედი, თუ მეტი არა.

ჰომეროსმა ორი სხვადასხვა ტექსტი დაწერა, იმიტომ რომ მას ესმის ორი სხვადასხვა გმირი. ბერძნებს არ ჰყავთ ერთი არქეტიპი, არამედ მათ ჰყავთ ორი არქეტიპი, ოღონდ ერთი ძალიან უყვართ და ყველას არქმევენ ახილესს, ხოლო მეორეს - არიან. ბერძნები არ არიან აქილევსები, რომელიც იდეალია, კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყვნენ, მაგრამ არა - ისინი არიან ოდისევსები. ბერძნებმა ყველა ომი მოიგეს ცბიერებით. სხვანაირად ვერ გაიმარჯვებდნენ. 200 მილიონიანი ქვეყანა რომ დაგესხმება თავს და ჯამში მონებიანად ერთი მილიონი მოსახლეობა გყავს, ყველა სახელმწიფო ერთად აღებული, როგორ უნდა მოიგო? - მხოლოდ გამჭრიახობითა და ინტელექტით. ამიტომ ისინი უფრო ოდისევსები არიან.

ჰომერსომა დაწერა ორი პოემა იმ ხალხზე, რომელსაც იცნობდა. ერთში გამოხატა იდეალი, როგორი უნდა იყოს ვაჟკაცი კაცი, მეომარი, რომელიც ყველაფერს თმობს სახელის გამო და რომელიც არის ინდივიდი და ამბობს, რომ „მე უფრო მნიშვნელოვანი ვარ, ვიდრე ტროას ომი, ჰელენე, ვიდრე ბერძნები ზოგადად, რადგან მე შეურაცხყოფა მომაყენეს“. ამის საპირისპიროდ, სულ სხვა ტიპაჟია ოდისევსი. როგორც ჩანს, თვითონ ჰომეროსი, ახალგაზრდობაში წერს აქილევსს და სიბერეში - ოდისევსს. ჰომეროსმა აშკარად ისეთი რაღაცები ამოაკლო, რაც ოდისევსს განსაკუთრებით უარყოფითად წარმოაჩენდა. იგრძნობა, რომ მათ შესახებ იცის, მაგრამ არ წერს.

შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ლიტერატურაში ოდისევსი ყველაზე საინტერესო პერსონაჟია იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი ნახა, ყველაფერი იცის და აქვს ბრწყინვალე იუმორი, რომელიც აბსოლუტურად „გააცალა“ ინგლისური წარმოშობის ამერიკელმა რეჟისორმა. ოდისევსი ფილმში საერთოდ არ ხუმრობს, უაღრესად სერიოზულ პერსონაჟად არის წარმოდგენილი.

  • „ოდისეას“ ნოლანისეული ეკრანიზაცია:

არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ შეიძლება ვერჩოდე, მაგალითად ნოლანს იმის გამო, რომ ინტერპრეტაცია გააკეთა. სხვანაირად გეტყვით, მე 1950 წელს გადაღებული „ოდისეაც“ მაქვს ნანახი და ის პირდაპირ მიჰყვებოდა ტექსტს. ის იყო კარგი ფილმი იმდენად, რამდენადაც, ეპოსის შესახებ მოკლე შინაარსს გაიგებ, მაგრამ როგორც ფილმი, დიდი მხატვრული ღირებულება არ ჰქონია.

783654938-1426421972708181-2398989745052375070-n-1787897953.png

ამის შემდეგ ყველაზე სუსტი „ოდისეა“ არის კანჩალოვსკის ორნაწილიანი ეკრანიზაცია, რომელიც ასევე პირდაპირ მიჰყვება ტექსტს. მე ორ რამეს ვეძებ რეჟისორთან: პირველი, ის უნდა იყოს ჰომეროსის შესატყვისი რეჟისორი, გარკვეული დონე უნდა ეჭიროს, მაგალითად, „ოპენჰაიმერი“ ჰქონდეს გადაღებული და ამდენად ეპატიება, რადგან კარგი ფილმებიც აქვს. უბრალოდ ერთი რამ მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის, ნოლანსაც - რეჟისორი ყველაზე მეტად გააკრიტიკა იმ თარგმანის ავტორმა, რომლითაც ისარგებლა, თან ყველაზე თანამედროვე თარგმანია.

ერთხელ ერთმა კარგმა რეჟისორმა თქვა - თუ კარგი ფილმი გინდა, უნდა აიღო კარგი წიგნი, მაგრამ დიდი წიგნი არ უნდა აიღო, იმიტომ რომ ფილმი მას ვერ მოერევა. ეს არის ჰიჩკოკის სიტყვები.

ნოლანი საკმაოდ კარგი რეჟისორია, რომ გაბედა, ამიტომ ამ ნაწილში - „როგორ შეკადრე და როგორ მოჰკიდე“ ხელი, საერთოდ არ მაქვს არაფერი სათქმელი. უბრალოდ ნოლანმა აბსოლუტურად არ დაგვინდო ჩვენ, ვისაც ჰომეროსი გვიყვარს. მე არ მოვთხოვდი მას ერთგულებას და ტექსტისთვის მიყოლას. ფილმში ბევრი პრობლემაა, რა თქმა უნდა, მაგრამ სამსახიობო ნამუშევარი სახეზეა, ბევრმა კარგად შეასრულა როლი, გარდა აბსოლუტურად სამარცხვინოდ შესრულებული ათენას როლისა, რომელსაც ზენდეია თამაშობდა. როდესაც ღმერთები არ გყავს ფილმში და გყავს ათენა, უნდა იყო ცოტა მოკრძალებულად, რადგან რაღაცისთვის არის საჭირო... იმისთვის კი არა, რომ მთავარი გმირის დამკვირვებელი იყოს. ის არის წარმმართველი ძალა. ოდისევსის ძალა არის ათენა.

ლევან ბერძენიშვილმა პოდკასტში ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ფილმში არ მოეწონა ჰადესიდან მიცვალებულთა ამოსვლისა და ოდისევსისთვის დადევნების სცენა:

„ყველაზე ძალიან რაც არ მომეწონა, მოგეხსენებათ, ასეთი ამბავია, რომ ოდისევსს იქ მკვდრები კი არ გამოეკიდნენ, არამედ ერთმა მიცვალებულმა უთხრა მისი ბედის შესახებ, რომ ცოლის საქმროებს დაამარცხებდა, შერიგდებოდნენ და შემდეგ სახლში ვერ მოისვენებდა და წავიდოდა“.

გარდა ამისა, ლევან ბერძენიშვილმა ისაუბრა ფილმის დასასრულის არასრულყოფილებაზეც:

„დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სჯობდა, ილიადა გადაეღო, „ოდისეა“ მან ვერ გაიგო. ის კი არ არის საწყენი, რომ ინტერპრეტაციები აქვს, მან ვერ გაუგო ჰომეროსს. კაცი (ოდისევსი) ჩამოვიდა და თუ აქვს მას პოსტ ტრავმული აშლილობა, ცოლთან ერთად როგორ წავა და რას ნიშნავს, ყველაფერი შვილს დაუტოვა. ასე მარტივად იყო საქმე? ასე შეიძლება?“.

R