რამდენად დაცულია სათბურში მოყვანილი სოკო შხამიანი ორეულის გაჩენისგან და როგორ უნდა იცნოთ ქამასა და ნიყვის მომწამვლელი ორეულები - მშობლები

რამდენად დაცულია სათბურში მოყვანილი სოკო შხამიანი ორეულის გაჩენისგან და როგორ უნდა იცნოთ ქამასა და ნიყვის მომწამვლელი ორეულები

2026-08-29 12:19:06+04:00

ახლახან კახეთში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. მასთან ერთად მოწამლულია კიდევ ორი პირი, რომელთა მდგომარეობაც არსებული ინფორმაციით, მძიმეა.

საქართველოში სოკოთი ინტოქსიკაციის მიზეზით გარდაცვალების შემთხვევები ყოველ წელს ფიქსირდება. ამის ძირითადი მიზეზი ხდება ის, რომ შხამიანი სოკოების ხშირად ჰგვანან საჭმელად ვარგისს სოკოებს.

გავრცელებული წარმოდგენა, თითქოს შხამიანი სოკო აუცილებლად მკვეთრი ფერის, უსიამოვნო სუნის ან უცნაური გარეგნობის უნდა იყოს, მცდარია. ბუნებაში არსებობს ძლიერ შხამიანი სოკოები, რომლებიც გარეგნულად ჩვეულებრივ საჭმელ სოკოს ძალიან ჰგავს.

ზოგჯერ განსხვავება მცირე დეტალებშია. რაც შეეხება სათბურში მოყვანილ სოკოს - რამდენად უსაფრხოა ის?

რამდენად დაცულია სათბურში მოყვანილი სოკო შხამიანი ანალოგისგან?

სპეციალურ სათბურში მოყვანილი სოკო შხამიან სახეობასთან შემთხვევით აღრევისგან საკმაოდ კარგად არის დაცული. ასეთ ფერმაში სოკო ჩვეულებრივ მიწაში არ იზრდება. გამოიყენება სპეციალურად მომზადებული სუბსტრატი, რომელშიც შეაქვთ კონკრეტული საკვები სოკოს მიცელიუმი, მაგალითად, ქამა. კონტროლდება ტემპერატურა, ტენიანობა, ჰიგიენა და თავად სუბსტრატიც.

ამიტომ შხამიანი სოკო იქ უბრალოდ „თავისით“ ვერ გაჩნდება. ამისთვის უცხო სახეობის სპორა უნდა მოხვდეს სუბსტრატში, გადარჩეს და გასაზრდელად შესაფერისი პირობებიც ჰქონდეს. პროფესიულ წარმოებაში ასეთი დაბინძურების ალბათობა ძალიან მცირეა.

სხვა შემთხვევაა სახლის პირობებში ან მცირე, კუსტარულ მეურნეობაში სოკოს მოყვანა. მაგალითად, სარდაფში, ფარდულში ან სხვა ადაპტირებულ სივრცეში სოკოს მოყვანა თავისთავად საშიში არ არის, თუ გამოიყენება სანდო მიცელიუმი და სწორად მომზადებული სუბსტრატი. თუმცა, რაც ნაკლებია ჰიგიენისა და წარმოების კონტროლი, მით უფრო იზრდება სუბსტრატის სხვა სოკოებითა და ობებით დაბინძურების შესაძლებლობა.

მთავარი განსხვავება სწორედ ესაა: მაღაზიაში შეძენილი, სანდო მწარმოებლის მიერ სპეციალიზებულ მეურნეობაში მოყვანილი სოკოს შემთხვევაში შხამიან „ტყუპთან“ შემთხვევით არევის რისკი უკიდურესად მცირეა. ხოლო უცნობ პირობებში მოყვანილი სოკოს უსაფრთხოება მხოლოდ იმით ვერ განისაზღვრება, რომ ის „სათბურის სოკოდ“ იყიდება.

კონტროლირებად მეურნეობაში მოყვანილი საკვები სოკოც შეიძლება გახდეს მოწამვლის მიზეზი, თუმცა ამ შემთხვევაში მიზეზი, როგორც წესი, შხამიანი „ტყუპისცალი“ კი არა, საკვების დაბინძურება ან გაფუჭებაა.

სოკოც შეიძლება დაბინძურდეს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებით. დაბინძურება შესაძლებელია ჯერ კიდევ მოყვანისას — მაგალითად, არასათანადოდ დამუშავებული კომპოსტიდან ან დაბინძურებული წყლიდან — ასევე კრეფის, შეფუთვის, ტრანსპორტირების ან მაღაზიაში შენახვის დროს.

რისკი იზრდება მაშინაც, როდესაც სოკო დიდხანს ან არასწორ ტემპერატურაზე ინახება. სოკო წყლით მდიდარი და მალფუჭებადი პროდუქტია და შენახვის პერიოდში მასზე მიკროორგანიზმების რაოდენობა შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ამიტომ დარბილებული, ლორწოვანი, უსიამოვნო სუნის მქონე ან აშკარად გაფუჭებული სოკო საკვებად აღარ უნდა გამოვიყენოთ.

დაბინძურება შეიძლება მოხდეს უკვე სამზარეულოშიც — მაგალითად, თუ სოკო მოხვდა იმავე ზედაპირზე ან საჭრელ დაფაზე, სადაც უმი ხორცი ან ფრინველი იყო და ინვენტარი სათანადოდ არ გაირეცხა.

ყველაზე საშიში შეცდომა — შხამა საჭმელ სოკოდ

საქართველოში გვხვდება Amanita phalloides — შხამა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სოკოდ ითვლება. ის დაფიქსირებულია აფხაზეთსა და კახეთში და ჩვეულებრივ ზაფხულსა და შემოდგომაზე იზრდება.

shxama-1787990063.jpg

მისი ქუდი შეიძლება იყოს მომწვანო, ზეთისხილისფერი, მოყვითალო ან მოყავისფრო, ქვედა მხარეს კი თეთრი ფირფიტები აქვს. ფეხზე ჩვეულებრივ აქვს რგოლი, ხოლო ფეხის ბოლოში — ტომრის მსგავსი გარსი.

სწორედ ეს სოკო შეიძლება აერიოთ ქამა სოკოში. ქართულ სპეციალურ ლიტერატურაშიც აღნიშნულია, რომ გამოუცდელ ადამიანს შხამა შეიძლება ქამად მოეჩვენოს. მნიშვნელოვანი განსხვავებაა ფირფიტები: შხამას ფირფიტები თეთრია, ქამას კი ასაკის მატებასთან ერთად ვარდისფერიდან მუქ, შოკოლადისფერ შეფერილობამდე ეცვლება. ქამას ასევე არ აქვს ფეხის ძირში შხამასთვის დამახასიათებელი ტომრისებრი ვოლვა.

თუმცა მხოლოდ ამ ნიშნებით სოკოს საკვებად ვარგისიანობის დამოუკიდებლად განსაზღვრა უსაფრთხო არ არის.

ქამას თავისი შხამიანი „ორეულიც“ ჰყავს

საქმე კიდევ უფრო რთულდება, რადგან საქართველოში თვით ქამას გვარშიც გვხვდება შხამიანი სახეობა — Agaricus xanthodermus, რომელსაც ქართულ წყაროში „შხამიანი ქამა“ ეწოდება.

shxamiani-kama-1787990133.jpg

ის გარეგნულად ტიპური ქამას შთაბეჭდილებას ტოვებს: ქუდი მოთეთრო ან ღია ყავისფერია, ფირფიტები თავდაპირველად ღიაა, შემდეგ ვარდისფერდება და საბოლოოდ მუქი შოკოლადისფერი ხდება.

ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ დაზიანების ან გაჭრისას, განსაკუთრებით ფეხის ძირთან, მკვეთრად ყვითლდება. მისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური უსიამოვნო სუნიც. საქართველოში ეს სახეობა თბილისის ტერიტორიაზეც არის აღწერილი. შხამიანი ქამა საჭმლის მომნელებელი სისტემის ძლიერ მოშლას და მუცლის სპაზმებს იწვევს.

ამიტომ მხოლოდ ის წესი, რომ „თუ ფირფიტები გამუქდა, ქამაა და უსაფრთხოა“, საკმარისი ნამდვილად არ არის.

7af715c3-06de-4a0b-ba4c-071c643a10a2-1787990218.png

აბა, როგორ უნდა გავარჩიოთ? მხოლოდ ერთი ნიშნის შემოწმება საკმარისი არ არის. სოკოს სახეობა რამდენიმე მორფოლოგიური ნიშნის ერთობლიობით უნდა განისაზღვროს. თუ სახეობის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ერთადერთი უსაფრთხო გადაწყვეტილებაა, რომ უარი თქვათ მის შეჭმაზე.

ნიყვის მსგავსი შხამიანი სოკო

საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო საჭმელ სოკოდ ითვლება ნიყვი — Amanita caesarea. ის განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული.

ნიყვს ნარინჯისფერ-წითელი ქუდი აქვს, ხოლო ფეხი და ფირფიტები ყვითელია. ფეხის ძირში მასაც აქვს თეთრი ტომრისებრი გარსი. სწორედ აქ ჩნდება მნიშვნელოვანი პრობლემა: ნიყვი იმავე Amanita-ს გვარს მიეკუთვნება, რომელშიც არაერთი ძლიერ შხამიანი სახეობაა გაერთიანებული.

მაგალითად, საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული წითელი შხამა — Amanita muscaria.

76d181ec-5ed4-431c-98fe-ca428c17fa12-1787990594.png

ერთი შეხედვით, ეს ორი სოკო ერტმანეთში როგორ უნდა აგერიოს, მაგრამ ეს მხოლოდზრდასრულ მდგომარეობაში. მაგრამ ახალგაზრდა ნაყოფში ფიფქები ყოველთვის მკაფიოდ არ ჩანს და წვიმის შედეგად შეიძლება ნაწილობრივ ჩამოირეცხოს.

განსხვავება განსაკუთრებით კარგად ჩანს ქუდის ქვემოთ: ნიყვის ფირფიტები და ფეხი ყვითელია, წითელი შხამას კი ძირითადად თეთრი ან მოთეთრო.

განსაკუთრებით სარისკოა ძალიან ახალგაზრდა სოკოს შეგროვება. ნიყვიც და ამანიტების ბევრი სახეობაც განვითარების დასაწყისში თეთრ გარსშია მოქცეული და მიწიდან ერთგვარი „კვერცხის“ სახით ამოდის. ასეთ სტადიაზე სოკოს ამოცნობა კიდევ უფრო რთულია.

მარწყვიო და შხამიანი თავჭედილა

საქართველოში კიდევ ერთი საინტერესო წყვილია საჭმელი მარწყვიო — Amanita rubescens

marcqvio-1787991088.webp

და შხამიანი თავჭედილა — Amanita pantherina.

amanita-pantherina8-1787991098.jpg

ორივე საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, ორივეს ქუდზე შეიძლება ჰქონდეს ღია ფერის ფიფქები, ორივეს აქვს ფეხზე რგოლი და აღნაგობაც საკმაოდ მსგავსია.

მარწყვიოს ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ დაზიანებულ ადგილებში მისი რბილობი თანდათან ვარდისფერსა და მოწითალო შეფერილობას იღებს. თავჭედილას რბილობი კი ძირითადად თეთრი რჩება. თავჭედილას ყავისფერ ქუდზე ხშირად მრავალი თეთრი მეჭეჭისებრი ფიფქია და ფეხის ძირი გამსხვილებულია.

მარწყვიო ქართულ წყაროებში საჭმელ სოკოდ არის მიჩნეული მხოლოდ წინასწარი 15–20-წუთიანი გათუთქვის შემდეგ, თავჭედილა კი შხამიანია. ამიტომ ამ ორი სახეობის ერთმანეთში არევა განსაკუთრებით სახიფათოა.

რატომ ეშლებათ გამოცდილ ადამიანებსაც?

სოკოს გარეგნობა ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. ერთი და იმავე სახეობის ახალგაზრდა და ზრდასრული ნიმუში შეიძლება ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. ქუდის ფერზე მოქმედებს ტენიანობა, მზის სხივები და ასაკი. წვიმამ შეიძლება ზედაპირიდან ფიფქები ჩამორეცხოს, ფეხზე არსებული რგოლი დაზიანდეს, ხოლო ვოლვა მიწაში დარჩეს.

განსაკუთრებით ცუდი ჩვევაა სოკოს ფეხის გადაჭრა მიწის ზედაპირთან. მაგალითად, Amanita phalloides-ის ამოცნობისთვის მნიშვნელოვანი ნიშანი სწორედ ფეხის ბოლოში არსებული ტომრისებრი ვოლვაა. თუ ადამიანი მხოლოდ ქუდსა და ფეხის ზედა ნაწილს ხედავს, ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი დაკარგულია.

ამიტომ სოკოს უსაფრთხოების შეფასება ერთი ნიშნით — ფერით, სუნით ან იმით, რომ „ასეთი წლებია გვიკრეფია“ — სანდო მეთოდი არ არის.

ჭია რომ ჭამს, ესე იგი შხამიანი არ არის?

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხალხური წარმოდგენაა, რომ თუ სოკოს ჭია ან სხვა მწერი ჭამს, ადამიანისთვისაც უსაფრთხოა. ეს მცდარია. სხვადასხვა ორგანიზმს ტოქსინების მიმართ განსხვავებული მგრძნობელობა აქვს და ის, რაც მწერისთვის უვნებელია, ადამიანისთვის შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს.

ასევე არ არსებობს სანდო „საოჯახო ტესტი“, რომელიც მომზადების დროს გვიჩვენებს, სოკო შხამიანია თუ არა. ხახვის, ნივრის ან ვერცხლის კოვზის ფერის ცვლილებით სოკოს შხამიანობის დადგენა შეუძლებელია.

თერმული დამუშავება ყველა შხამს არ ანადგურებს

კიდევ ერთი სახიფათო შეცდომაა მოსაზრება, რომ ნებისმიერი სოკო უსაფრთხო გახდება, თუ კარგად მოვხარშავთ, რამდენჯერმე გამოვუცვლით წყალს ან დიდხანს შევწვავთ.

ზოგი საჭმელი სოკო მართლაც საჭიროებს წინასწარ თერმულ დამუშავებას. მაგალითად, საქართველოში გავრცელებული მარწყვიო რეკომენდებულია წინასწარ 15–20 წუთით გაითუთქოს.

მაგრამ ეს წესი შხამიან სოკოზე არ ვრცელდება. განსაკუთრებით საშიშია ამატოქსინების შემცველი სოკოები, მათ შორის Amanita phalloides: ჩვეულებრივი ხარშვა ან შეწვა მათ უსაფრთხო საკვებად ვერ აქცევს.

რატომ არის შხამათი მოწამვლა განსაკუთრებით საშიში

ამატოქსინებით მოწამვლის ერთ-ერთი მზაკვრული თავისებურება ისაა, რომ ადამიანი შეიძლება სოკოს ჭამის შემდეგ დიდხანს კარგად გრძნობდეს თავს. მძიმე კუჭ-ნაწლავის სიმპტომები ხშირად რამდენიმე საათის დაგვიანებით იწყება, მოგვიანებით კი მდგომარეობა თითქოს უმჯობესდება, მაშინ როცა ღვიძლის დაზიანება შეიძლება უკვე მიმდინარეობდეს.

ამატოქსინის შემცველი სოკოებით მოწამვლა მწვავე ღვიძლის უკმარისობის მიზეზი შეიძლება გახდეს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.

ამიტომ ტყეში დაკრეფილი უცნობი სოკოს მიღების შემდეგ ღებინების, ფაღარათის, ძლიერი მუცლის ტკივილის, სისუსტის ან სხვა სიმპტომების განვითარებისას სამედიცინო დახმარების მიღება არ უნდა გადადოთ. განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევა, როდესაც სიმპტომები ჭამიდან რამდენიმე საათის შემდეგ იწყება.

სიმპტომები გვიან ვლინდება, როცა ტოქსინები უკვე თავის ტვინს აღწევს - მცენარეები საქართველოში, რომელთა შხამიც შეძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს