დამრიგებლობა მხოლოდ ჟურნალში სახელის მიწერა ან თვეში ერთხელ „კლასის საათის“ ჩატარებით არ შემოიფარგლება.
ყოველდღიური ურთიერთობა 20–25 მოსწავლესთან, მათ მშობლებთან, მასწავლებლებთან, ადმინისტრაციასთან და ხშირად სკოლის თითქმის ყველა რგოლთან.
აი, რას აკეთებს დამრიგებელი პრაქტიკაში, ყოველშემთხვევაში, მე რას ვაკეთებ, როგორც დამრიგებელი, ვეცადე, ყველაფერი დამეწერა, რაც გამიკეთებია და რასაც ვაკეთებ.
1. ყოველდღიური მუშაობა მოსწავლეებთან — დაახლოებით 10 თვის განმავლობაში თითოეული ბავშვის საჭიროებების, ქცევის, ემოციური მდგომარეობისა და სასწავლო პროცესის მუდმივი მონიტორინგი.
2. მშობლებთან მუდმივი კომუნიკაცია — ინფორმაციის დროულად მიწოდება აკადემიური მოსწრების, ქცევის, გაცდენების, პრობლემებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
3. დასწრების ყოველდღიური კონტროლი — ვინ აცდენს, რატომ აცდენს, რამდენჯერ აცდენს, არის თუ არა გაცდენა საპატიო და ხომ არ იკვეთება სისტემური პრობლემა.
4. დაგვიანებებისა და გაკვეთილიდან თვითნებური გასვლის კონტროლი — განმეორებადი შემთხვევების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.
5. საკლასო პრობლემების ყოველდღიური ანალიზი — კონფლიქტების, დაპირისპირებების, ქცევითი თუ სოციალური პრობლემების დროულად აღმოჩენა.
6. ბულინგისა და ძალადობის პრევენცია — შესაძლო ბულინგის ნიშნების შემჩნევა, ინფორმაციის გადამოწმება, რეაგირება და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია.
7. მედიაცია მოსწავლეებს შორის — კონფლიქტების მოგვარება, მხარეების მოსმენა და ურთიერთობის აღდგენაზე მუშაობა.
8. მოსწავლეზე ინდივიდუალური დაკვირვება — ქცევის, ემოციური მდგომარეობის, ურთიერთობებისა და აკადემიური პროგრესის ცვლილებების შემჩნევა და საჭიროების შემთხვევაში მშობლის ინფორმირება.
9. გაკვეთილებზე დასწრება და დაკვირვება — კლასის ქცევის, ჩართულობისა და საერთო სასწავლო გარემოს შეფასება და პრობლემების იდენტიფიცირება.
10. აკადემიური მოსწრების მონიტორინგი — ნიშნების კონტროლი, მკვეთრი ცვლილებების აღმოჩენა, მიზეზების გარკვევა და მშობელთან კომუნიკაცია.
11. 20–25 განსხვავებული ბავშვის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება — ერთ კლასში ხშირად სრულიად განსხვავებული ხასიათის, შესაძლებლობებისა და ინტერესების მქონე მოსწავლეების საერთო სივრცის შექმნა.
12. დაწყებით კლასებში განსაკუთრებით ინტენსიური მხარდაჭერა — ადაპტაცია, ურთიერთობები, ქცევა, ჰიგიენა, ნივთები, უსაფრთხოება, სასწავლო სირთულეები და ყოველდღიური წვრილმანი პრობლემებიც კი ხშირად დამრიგებლის საზრუნავია.
13. საკლასო სივრცის უსაფრთხოებაზე ზრუნვა — იმის კონტროლი, რომ ბავშვებმა ერთმანეთი, ინვენტარი ან საკლასო გარემო არ დააზიანონ.
14. საკლასო კონფლიქტებში ერთგვარი „არბიტრის“ ფუნქცია — ყოველდღიურად უამრავი პატარა თუ დიდი უთანხმოების მოსმენა და მოგვარება.
15. საკლასო ინვენტარის მოვლა-პატრონობა — დაზიანებული ან დაკარგული ნივთების საკითხების მოგვარება და, სამწუხაროდ, პრაქტიკაში ზოგჯერ საკუთარი თანხით საჭირო ნივთების შეძენაც.
16. დამატებითი სასწავლო თუ საორგანიზაციო მასალის მომზადება — საჭირო რესურსების მოძიება, დაბეჭდვა, გამრავლება და ხშირად პირადი ხარჯების გაწევა.
17. მშობელთა კრებების ორგანიზება — ონლაინ ან პირისპირ, საჭიროების შესაბამისად; საკითხების მომზადება, განხილვა და შემდგომი კომუნიკაცია.
18. მშობელთა ონლაინჯგუფების მართვა — ყოველდღიური ინფორმაციის, განცხადებების, ცვლილებებისა და საჭირო შეტყობინებების გავრცელება.
19. ინდივიდუალური კონსულტაციები მშობლებთან — ხშირად სამუშაო საათების მიღმაც: დილით, საღამოს, ზოგჯერ კი დასვენების დღეებშიც.
20. ექსკურსიებისა და გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვა — მარშრუტი, ორგანიზება, მშობლებთან შეთანხმება, მოსწავლეთა უსაფრთხოება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
21. ექსკურსიის დროს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა — ათეულობით ბავშვის კონტროლი სკოლის გარეთ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა.
22. სკოლის ადმინისტრაციასთან მუდმივი კომუნიკაცია — ინფორმაციის მიღება, გადაცემა, პრობლემების დაფიქსირება და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
23. განსაკუთრებული ყურადღების საჭიროების მქონე მოსწავლეებზე დაკვირვება — გაცდენების, ქცევის, იზოლაციის, კონფლიქტებისა თუ აკადემიური სირთულეების სისტემური მონიტორინგი.
24. მოსწავლეთა ერთმანეთის მხარდაჭერის სისტემის შექმნა — საჭიროების შემთხვევაში თანატოლების ჩართვა, მეგობრული მხარდაჭერის წახალისება და კლასში იზოლაციის შემცირება.
25. კლასის თვითმმართველობის ჩამოყალიბება — კლასის პრეზიდენტის/წარმომადგენლის არჩევნები, პასუხისმგებლობების განაწილება და მოსწავლეთა დემოკრატიული მონაწილეობის ხელშეწყობა.
26. კლასის საათების ჩატარება — აქტივობები, დისკუსიები, ლექციები და საუბრები მოქალაქეობრივ, სოციალურ, უსაფრთხოების, ურთიერთპატივისცემისა და სხვა საკითხებზე.
27. მოსწავლეთა პირადი საქმეებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება — მონაცემების შევსება, განახლება და მოწესრიგება.
28. სადამრიგებლო პორტფოლიოს წარმოება — განხორციელებული საქმიანობის, შეხვედრების, აქტივობებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის დოკუმენტირება.
29. სემესტრული და წლიური ანგარიშების მომზადება — გაწეული სამუშაოს შეჯამება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა.
30. პრობლემურ საკითხებზე დამატებითი შეხვედრების ორგანიზება — ონლაინ თუ პირისპირ შეხვედრები მოსწავლეებთან და მშობლებთან.
31. საგნის მასწავლებლებთან მუდმივი დიალოგი — კონკრეტული მოსწავლის მოსწრების, ქცევის, ჩართულობისა და პრობლემების შესახებ ინფორმაციის შეგროვება.
32. მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის მედიაცია — უთანხმოების დროს ხშირად სწორედ დამრიგებელი ხდება პირველი ადამიანი, ვისაც ყველა მხარე მიმართავს.
33. ახალი მოსწავლის კლასში ინტეგრაცია — ადაპტაციის ხელშეწყობა და კლასის წევრებთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
34. კლასში გარიყვისა და სოციალური იზოლაციის გამოვლენა — დაკვირვება, რომ არცერთი ბავშვი არ დარჩეს მუდმივად ჯგუფის მიღმა.
35. მოსწავლის მოტივაციის შემცირების დროული შემჩნევა — როდესაც აქტიური ბავშვი მოულოდნელად აღარ სწავლობს, აღარ ურთიერთობს ან ხშირად აცდენს, მიზეზის გარკვევასაც ხშირად დამრიგებელი იწყებს.
36. განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერის პროცესში თანამშრომლობა — შესაბამის სპეციალისტებთან, პედაგოგებთან, ადმინისტრაციასა და ოჯახთან კომუნიკაცია.
37. უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმირება — მოსწავლეებისთვის სკოლის წესების, ქცევის ნორმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების განმარტება.
38. კიბერბულინგისა და ონლაინკონფლიქტების შემთხვევებზე რეაგირება — დღეს კლასის პრობლემები სკოლის კართან აღარ მთავრდება; სოციალური ქსელებიდან დაწყებული კონფლიქტი მეორე დილით კლასში გადმოდის.
39. კლასის საერთო ფსიქოლოგიური კლიმატის დაკვირვება — დაძაბულობის, დაჯგუფებების, დაპირისპირების ან სხვა პრობლემური ნიშნების დროულად შემჩნევა და შესაბამის სპეციალისტებთან თანამშრომლობა.
40. მოსწავლეთა მიღწევების წახალისება — კონკურსებში, ოლიმპიადებში, პროექტებში, სპორტულ თუ შემოქმედებით აქტივობებში მონაწილეობის მხარდაჭერა.
41. კლასის ღონისძიებების ორგანიზება — დღესასწაულები, თემატური დღეები, პროექტები, პრეზენტაციები და სხვა საერთო აქტივობები.
42. სკოლის ღონისძიებებში კლასის ჩართულობის ორგანიზება — მოსწავლეების ინფორმირება, მონაწილეთა შერჩევა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
43. მშობლისა და სკოლის დამაკავშირებელი მთავარი რგოლის ფუნქცია — ხშირად მშობლისთვის სკოლა სწორედ დამრიგებლით იწყება და მთავრდება.
44. გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება — ბავშვის შეუძლოდ გახდომა, ტრავმა, კონფლიქტი, დაკარგული ნივთი თუ სხვა მოულოდნელი შემთხვევა პირველ რიგში ხშირად ისევ დამრიგებლამდე მიდის.
45. კონფიდენციალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვა — მოსწავლისა და ოჯახის პირადი საკითხების ცოდნა და მათი ეთიკურად დაცვა.
46. კლასის ყოველდღიური ორგანიზაციული მენეჯმენტი — ინფორმაციის შეგროვება, გადამოწმება, გადაცემა, ვადების შეხსენება და ათეულობით მცირე საორგანიზაციო საკითხის მოგვარება.
47. მოსწავლის ინტერესების დაცვა — როდესაც ბავშვს უჭირს საკუთარი პრობლემის ჩამოყალიბება ან უფროსთან თქმა, დამრიგებელი ხშირად მისი წარმომადგენლის ფუნქციასაც ასრულებს.
48. და ბოლოს — პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც დოკუმენტში ვერ ჩაწერ: ბავშვმა სკოლაში თავი უსაფრთხოდ, მიღებულად და მნიშვნელოვნად იგრძნოს.
და ეს ყველაფერი რამდენ ადამიანთან?
თუ კლასში 25 მოსწავლეა, დამრიგებელი რეალურად მუშაობს არა მხოლოდ 25 ბავშვთან.
მას აქვს ურთიერთობა 25 მოსწავლესთან + მათ ოჯახებთან + ათეულობით საგნის მასწავლებელთან + ადმინისტრაციასთან + სპეციალურ მასწავლებელთან/ფსიქოლოგთან/სხვა სპეციალისტებთან.
ანუ ერთი კლასის დამრიგებლობა პრაქტიკაში შეიძლება ნიშნავდეს 50–70-ზე მეტ ადამიანთან მუდმივი კომუნიკაციის ქსელის მართვას.
და ერთდღიანი პროექტი ნუ გგონიათ, ეს ყველაფერი.
ეს გრძელდება ყოველდღიურად, მთელი სასწავლო წლის — დაახლოებით 10 თვის განმავლობაში.
დამრიგებელი ერთდროულად არის:
მენეჯერი, მედიატორი, ორგანიზატორი, ინფორმაციის გამტარი, დოკუმენტაციის მწარმოებელი, დამკვირვებელი, კონფლიქტების მომგვარებელი, მშობელსა და სკოლას შორის დამაკავშირებელი რგოლი და, რაც მთავარია, 20–25 ბავშვის ყოველდღიური მხარდამჭერი.
ამიტომ, დამრიგებლის შრომის ანაზღაურებაზე საუბრისას, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, უნდა გაითვალისწინოთ რიგი მიზეზები.
მე მაქვს ამბიცია, რომ ეს ყველაფერი ვაკეთო და ვაკეთებ კიდეც!
რამდენად შეესაბამება დამრიგებლისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის მოცულობა, დახარჯული დრო, ემოციური დატვირთვა და ყოველდღიური შრომა იმ ანაზღაურებას, რომელსაც სახელმწიფო ამ სამუშაოს სანაცვლოდ აფასებს?
თქვენ განსაჯეთ." - წერს შალვა მინდაძე.