საბავშვო ბაღში წასვლა ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა. დღის დიდ ნაწილს ის უკვე ოჯახის წევრების გარეშე გაატარებს და მის ყოველდღიურობაში სხვა უფროსები, აღმზრდელები და ბაღის თანამშრომლები გაჩნდებიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობელსა და აღმზრდელს შორის ისეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, რომელიც ბავშვს უსაფრთხო და მშვიდ გარემოს შეუქმნის.
კარგ შემთხვევაში აღმზრდელი მშობლის მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება: ის ხედავს, როგორ იქცევა ბავშვი თანატოლებთან, როგორ უმკლავდება ახალ გარემოს, რა უჭირს და რა გამოსდის განსაკუთრებით კარგად. მაგრამ თანამშრომლობა არ ნიშნავს იმას, რომ მშობელმა ყველაფერზე თვალი უნდა დახუჭოს ან პედაგოგის ნებისმიერი გადაწყვეტილება უპირობოდ მიიღოს. მთავარი ორიენტირი ბავშვის უსაფრთხოება, ღირსება და კეთილდღეობაა. ასევე უნდა გავითვალისწონოთ მასწავლებლის შრომითი უფლებებიც.
„რატომ გაუშვით ბავშვი გარეთ ასე ჩაცმული?“, „რატომ დასაჯეთ ჩემი შვილი?“, „რატომ სვამთ სულ ცალკე?“ — მშობელს მსგავსი კითხვების დასმის სრული უფლება აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვის მონათხრობი ან საკუთარი დაკვირვება აფიქრებინებს, რომ რაღაც რიგზე არ არის.
თუმცა ჩვეულებრივი გაუგებრობის შემთხვევაში საუბრის დაწყება ბრალდებით ხშირად ხელს უშლის იმის გარკვევას, სინამდვილეში რა მოხდა. მაგალითად, ჯობს ასე ჩამოაყალიბოთ: „გუშინ შევამჩნიე, რომ ბავშვი გარეთ ქუდის გარეშე იყო“ და შემდეგ აღმზრდელის ვერსიას მოუსმინეთ.
შესაძლოა, ბავშვის მონათხრობიც ზუსტი იყოს და აღმზრდელმაც დაუშვა შეცდომა. ამიტომ მიზანი პედაგოგის გამართლება კი არა, ფაქტების გარკვევაა. მშობელს შეუძლია პირდაპირ თქვას, რა აწუხებს, მოითხოვოს განმარტება და საჭიროების შემთხვევაში, მკაფიოდ დააფიქსიროს, რა არის მისთვის მიუღებელი.
სრულიად ბუნებრივია, მშობელს აინტერესებდეს, ჭამა თუ არა ბავშვმა, დაიძინა თუ არა, როგორ გაატარა დღე, ხომ არ იტირა, ხომ არ დაშავებულა ან ხომ არ ჰქონია კონფლიქტი. განსაკუთრებით პატარა ბავშვის შემთხვევაში, რომელსაც დღის ამბების სრულად მოყოლა ჯერ არ შეუძლია, აღმზრდელისგან მიღებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
პრობლემა ინფორმაციის მოთხოვნა კი არა, მუდმივი კონტროლია, როდესაც მშობელი ყოველდღიურად ცდილობს აღმზრდელის თითქმის ყველა მოქმედების შემოწმებას: ვისთან ითამაშა ბავშვმა ყოველ გასეირნებაზე, რამდენ ხანს იძინა, რამდენჯერ ადგა, რას აკეთებდა დღის თითოეულ მონაკვეთში და ა.შ. ასეთმა დეტალურმა დაკითხვამ შეიძლება აღმზრდელთან ნდობის საკითხი გაართულოს.
ყოველდღიურად ხშირად საკმარისია კითხვა: „როგორ გაატარა დღეს დღე?“ თუმცა თუ ბავშვის ქცევაში ცვლილებას ამჩნევთ, მას ბაღში წასვლა აღარ უნდა, ეშინია, ხშირად ტირის ან რაიმე საეჭვოს გიყვებათ, უფრო დეტალური კითხვების დასმა უკვე სრულიად გამართლებულია.

მშობელსა და აღმზრდელს ყოველთვის ერთნაირი შეხედულებები ვერ ექნებათ. განსხვავებული აზრი თავისთავად პრობლემა არ არის. სირთულე მაშინ იწყება, როდესაც საუბარი ყვირილში, შეურაცხყოფასა და ერთმანეთის მოსმენაზე უარის თქმაში გადადის.
მაგალითად, თუ აღმზრდელი ამბობს, რომ ბავშვი ხშირად ჩხუბობს, პასუხი არც პედაგოგის ავტომატურად დადანაშაულება უნდა იყოს და არც ბავშვის დასჯაზე დაუფიქრებლად დათანხმება. უფრო სასარგებლოა გაირკვეს: როდის იწყება კონფლიქტი? რა უძღვის წინ? როგორ რეაგირებს აღმზრდელი? როგორ შეიძლება ბავშვს ემოციების სხვაგვარად გამოხატვა ვასწავლოთ?
ბავშვის ტირილთან, გაბრაზებასთან თუ რთულ ქცევასთან პროფესიულად გამკლავება პედაგოგის სამუშაოს ნაწილია. მშობლისა და აღმზრდელის ამოცანაა, ერთად გაარკვიონ ბავშვის ქცევის მიზეზი და იპოვონ მისთვის სასარგებლო გამოსავალი.
თუ პრობლემა ყოველდღიურ გაუგებრობას ეხება — მაგალითად, დაკარგულ ნივთს, ჩაცმულობას, კვებას, ძილს ან ბავშვებს შორის ჩვეულებრივ კონფლიქტს, პირველ რიგში აღმზრდელთან მშვიდი საუბარი ხშირად ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზაა. თუ პრობლემა ვერ მოგვარდა ან განმეორდა, შემდეგ უკვე ბაღის ხელმძღვანელობასთან შეიძლება მისი განხილვა.
მაგრამ ეს წესი ყველა შემთხვევაზე არ ვრცელდება. თუ არსებობს ეჭვი ბავშვის ფიზიკურ დასჯაზე, დამცირებაზე, დაშინებაზე, ძალადობაზე, უყურადღებოდ დატოვებაზე ან მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა სერიოზულ დარღვევაზე, მშობელი ვალდებული არ არის, საკითხი მხოლოდ აღმზრდელთან პირადი საუბრით დაიწყოს.
ასეთ სიტუაციაში ბავშვის უსაფრთხოება უფროსებს შორის კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანია. მშობელს შეუძლია პირდაპირ მიმართოს ბაღის ხელმძღვანელობას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის უწყებებსაც.
ბაღში ბავშვს ჯგუფური საქმიანობა უწევს, მაგალითად, იგის დაცვა, სხვა ბავშვებთან ურთიერთობა, საკუთარი ნივთების მოვლა, დამოუკიდებლად ჭამა. ამიტომ აღმზრდელმა შეიძლება მშობელს სთხოვოს, სახლშიც დაეხმაროს ბავშვს კონკრეტული უნარის განვითარებაში.
ასეთი რეკომენდაციების მოსმენა სასარგებლოა, რადგან აღმზრდელი ბავშვს განსხვავებულ გარემოში აკვირდება და შეიძლება ისეთი რამ შეამჩნიოს, რასაც მშობელი სახლში ვერ ხედავს.
თუმცა პედაგოგის მოთხოვნა მხოლოდ იმიტომ არაა სწორი, რომ ის პედაგოგმა თქვა. მშობელს შეუძლია ჰკითხოს, რატომ არის კონკრეტული მოთხოვნა საჭირო, რა პრობლემა შენიშნა აღმზრდელმა და შეესაბამება თუ არა ეს ბავშვის ასაკს, შესაძლებლობებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებს.
თუ ბაღის რომელიმე წესი ან პრაქტიკა ბავშვის ღირსებას, უსაფრთხოებას ან ინტერესებს ეწინააღმდეგება, გამოსავალი ყოველთვის ბავშვის ბაღიდან გამოყვანა არ არის. მშობელს აქვს უფლება, დასვას კითხვები, მოითხოვოს განმარტება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებაც.
მშობელსა და აღმზრდელს შორის კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ურთიერთობა თვითმიზანი არ არის, ყველაფერი ბავშვის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. მშობელმა არც აღმზრდელი უნდა აქციოს მუდმივად ეჭვმიტანილად და არც მისი პროფესიული სტატუსის გამო თქვას უარი კითხვების დასმაზე. ჯანსაღი თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ორივე მხარე ერთმანეთს უსმენს, პრობლემებს ღიად განიხილავს და გადაწყვეტილების მიღებისას ინტერესდება „ვინ არის მართალი?“, არამედ „რა იქნება ამ სიტუაციაში ბავშვისთვის უკეთესი?“