გორის რაიონის მეჯვრისხევის სიახლოვეს, ჭექა-ქუხილის დროს, ელვამ 13 წლის მოზარდს, შოთიკო მექვაბიშვილს დაარტყა. ძლიერმა მუხტმა მას გულმკერდის არე დაუზიანა და ფეხის ქუსლი გაუხეთქა.
მინდორში მის გვერდით მყოფი გოდერძი ელოშვილი კი ძლიერმა ტალღამ ძირს დააგდო, ბავშვს ხელიდან ჯოხიც კი გაუვარდა. ბავშვები თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს და ერთად მკურნალობენ. ისინი თავს კარგად გრძნობენ.
რა მოხდა იმ დღეს და როგორ განვითარდა მოვლენები, ამის შესახებ „ქართლის ამბებს“ დეტალურად ბავშვების ახლობელი, მანო გიგოლაშვილი უყვება. ბავშვები მისი ძმის, გიგო გიგოლაშვილის ფერმაში იმყოფებოდნენ. როგორც მანო გიგოლაშვილი ამბობს, შოთიკო მექვაბიშვილი და გოდერძი ელოშვილი იმ დღეს გიგო გიგოლაშვილს საქონლის ჩამოყვანაში ეხმარებოდნენ.
"წვიმა რომ დაიწყო, ბავშვები ეკლესიაში შესულან. ჩამქრალი სანთლები დაუნთიათ. თან პირჯვარი გადაუწერიათ. გიგო ზევით წასულა, საქონელი უნდა გამოერეკა. ბავშვებიც გამოვიდნენ ეკლესიიდან, რომ გიგოს დახმარებოდნენ. უცბად ძლიერი ჭექა-ქუხილი დაიწყო. ცა ძალიან განათდაო. გოდე იხსენებს, რომ თვალი რომ გავახილე, ძირს ვეგდე და ჯოხიც ხელიდან მქონდა გადავარდნილიო. დაუნახავს, რომ შოთიკო გულწასული იყო, მაისური მაღლა ჰქონდა აწეული. გოდე ყვიროდა - შოთიკო, შოთიკო! შემდეგ ყვირილით სოფლისკენ გაიქცა, რათა ვინმე ეპოვა დასახმარებლად. ,,გოდეს გზაში თანასოფლელი გიორგი ჭაღინაშვილი შეხვდა მანქანით. ამასობაში გიგოც გამოჩნდა, დაუნახავს უგონოდ მყოფი შოთიკო, ხელშიაყვანილი მოჰყავდა. სხეული ცივი ჰქონდაო ბავშვს. გულწასული შოთიკო ბიჭებმა მანქანით მეჯვრისხევის პოლიციის განყოფილებისკენ წაიყვანეს, სადაც პოლიციელებმა იყოჩაღეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად გამოიძახეს.'' - უყვება ,,ქართლის ამბებს'' მანო გიგოლაშვილი.