არსებობს წიგნები, რომლებსაც უბრალოდ ვერ წაიკითხავ. მათში უნდა დასახლდე. უნდა ისუნთქო მათი ჰაერი, იარო მათ ქუჩებში, შეიგრძნო იქაური მტვერი, ხმაური და სუნი. და როცა ბოლო გვერდს ჩაიკითხავ, უცებ აღმოაჩენ, რომ რეალობაში დაბრუნება აღარ გინდა. ზიხარ გაშეშებული, უყურებ ცარიელ სივრცეს და ხვდები, ჯერ კიდევ იქ ხარ - იმ სამყაროში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ შენს თვალწინ ცოცხლობდა.
ზუსტად ასეთი აღმოჩენა იყო ჩემთვის ნიკოლოზ გაბაონის - იგივე ვალერიან გაბაშვილის ერთადერთი რომანი „აივნიანი ქალაქი“.
ეს წიგნი უბრალოდ არ წამიკითხავს. მგონი, ცოტა ხნით XIX საუკუნის თბილისში ვიცხოვრე.
პირველი გვერდებიდანვე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ავტორმა ხელი ჩამჭიდა და იმ ძველ, დამალულ და დღეს თითქმის მივიწყებულ თბილისში წამიყვანა, სადაც ყოველ შუშაბანდს თავისი საიდუმლო აქვს. ნიკოლოზ გაბაონმა თავისი ერთადერთი რომანით იმ ეპოქის თბილისს ნამდვილი ძეგლი აღუმართა.
აქ ყველაფერი საოცრად ცოცხალია: სოლოლაკის ხევიდან მოვარდნილი მრისხანე ნიაღვრები, მთაწმინდის დაკლაკნილი შუშაბანდები, მტკვარზე მოტივტივე ტივები და მცურავი წისქვილები. დაბალი აივნები, აგურის წითელფილაქნიანი მეიხანები, სადაც ქონის სანთლების შუქზე ღვინოს ჯამებით სვამენ... კითხვისას მართლა გგონია, რომ სადღაც კუთხეში დგახარ და ამ ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებ.
ცალკე უნდა აღვნიშნო რომანის ენა, - ქართული მწერლობის ნამდვილი მარგალიტია. იმდენჯერ გავჩერდი კითხვისას უბრალოდ იმის გამო, რომ რომელიმე დავიწყებული ქართული სიტყვა ან საოცარი გამოთქმა გამეაზრებინა. ტექსტი სავსეა ბარბარიზმებით, ძველი მეტყველებითა და ისეთი ეპოქალური კოლორიტით, რომ ენაც კი ამ სამყაროს ნაწილად იქცევა.
ავტორი საოცარი სიზუსტით აღწერს ყველაფერს - როგორ იცვამდნენ იმდროინდელი თბილისელები, რას ჭამდნენ, როგორ ერთობოდნენ. კინტოური წითელ-წინწკლებიანი პერანგები, გარმონივით დაკეცილი ჩექმები, ქოჩაბური ხანჯლები, ატლასისა და შალის კაბები, ჩადრში გახვეული ქალები...
თონის ცხელ-ცხელი პური, ხრამული, ხიზილალა, ჩაი სამოვრიდან, საიათნოვას ლექსები, დუელები, ყარაგოზას ჩრდილების თეატრი ყავახანებში, ქარვასლებში ქორვაჭრობა და დროდადრო გორაკებზე გამართული ფიცხი კრივი... ერთი სიტყვით, ეს ის თბილისია, რომლის შესახებაც შეიძლება რაღაცები გსმენია, მაგრამ აქამდე არასოდეს გინახავს ასე ახლოდან.

და ამ საოცარ ანტურაჟში ისეთი დრამატული და სულისშემძვრელი ისტორია იშლება, რომ ვეღარ მოწყდები.
რომანი იწყება ავდრიან, ჭექა-ქუხილიან ღამეს, მიტოვებულ საყდარში, სადაც თხუთმეტი წლის ბიჭი და ცამეტი წლის გოგო ფარულად იწერენ ჯვარს, რათა ქალწული აღვირახსნილი ბატონის ძალადობისგან გადაარჩინონ. ასე იწყება იოსებისა და ნათიას ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, რომელთაც პირველი ღამის უფლების აღსასრულებლად თავადი იარალ გერმანოზიშვილი საყდარში დაადგებათ თავს.
სიუჟეტის განვითარება მართლაც საოცარია. მთავარი პერსონაჟის, იოსების გზა, მისი ტრანსფორმაცია მთაწმინდელი მათხოვარი გლახიდან კუკიელ ქორვაჭრამდე. მისი ბედი ისეთ ემოციურ ქარ-ცეცხლში გაგხვევს, რომ ზოგჯერ მართლა ვეღარ ხვდები, რა ჯობია - შემდეგი გვერდი სწრაფად გადაშალო, თუ ცოტა ხნით გაჩერდე და ის, რაც წაიკითხე, გადახარშო.
ეს წიგნი სავსეა ისეთი კოლორიტული პერსონაჟებით, რომლებსაც დიდხანს ვერ ივიწყებ. თავადი დავით გერმანოზიშვილი - ამპარტავანი და სასტიკი ოფიცერი. მანანა გერმანოზიშვილი - მეჯლისის დედოფლად ქცეული თავადის ასული. ფირუზა ზანდაროვი - მოქნილი, ენაწყლიანი კუკიელი მეწვრილმანე, რომლის ცოლი, თეთრი ლიზა, ოდესღაც მრგვალ აივანზე დაირით ხელში მღეროდა თავისი ტუსაღის გადასარჩენად.
სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ რომანში ბევრი დრამაა, ავტორს იუმორის საოცარი გრძნობა აქვს. ყველაზე დაძაბულ სცენებშიც კი ახერხებს ისეთი მსუბუქი კომედიის შემოტანას, რომ უნებლიეთ გაგეღიმება. იქნება ეს ენაჭარტალა კუსპარა დალაქის მასხარაობა, ფირუზას ეშმაკური ოინები თუ მისი ცოლის, თეთრი ლიზას, კაპასური ვიშვიში. ეს იუმორი წიგნს კიდევ უფრო ცოცხალს ხდის.
მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მეორეხარისხოვანი პერსონაჟების შექმნის უნარმა გამაოცა. ისინი უბრალოდ ფონზე არ ჩნდებიან. თითოეულს ისეთი ისტორია აქვს, რომ თავისუფლად შეიძლება მის შესახებ ცალკე რომანი დაწერო.
მაგალითად, თეთრი ლიზა. ულამაზო, თერძის შავტუხა ქალი, რომელმაც ციხეში უდანაშაულოდ ჩასმული სატრფოს გადასარჩენად მეტეხის კლდეზე მდგარი სახლის მრგვალი აივანი დაიქირავა. ყოველ საღამოს იქ იდგა, დაირა ეჭირა და ისეთ სევდიან ბაიათებს მღეროდა, რომ მთელი უბანი ცრემლებს ღვრიდა. მაგრამ ამ სიმღერებში ფარულად სხვა რამეც იყო ჩაქსოვილი - ინსტრუქციები, თუ რა უნდა ეთქვა ფირუზას სასამართლოში.
სწორედ ასეთი დეტალებით, ადამიანებითა და პატარა ამბებით ხდება „აივნიანი ქალაქის“ სამყარო ისეთი უზარმაზარი და სიცოცხლით სავსე, რომ წიგნის დასრულების შემდეგაც გრჩება შეგრძნება, თითქოს იქ ცხოვრება ჯერ არ დაგიმთავრებია.

თუ გსურთ შეიგრძნოთ ძველი თბილისის ნამდვილი სული, იტიროთ და იცინოთ პერსონაჟებთან ერთად და დატკბეთ უმდიდრესი ქართული ენით, „აივნიანი ქალაქი“ აუცილებლად უნდა გახდეს თქვენი მომდევნო ლიტერატურული თავგადასავალი.
თეა ინასარიძე