რეალურად რა სარგებელი აქვს ცეკვასა და ცურვას ბავშვისთვის და რა შემთხვევაში არ უნდა იყოს მშობელი მათ იმედზე - მშობლები

რეალურად რა სარგებელი აქვს ცეკვასა და ცურვას ბავშვისთვის და რა შემთხვევაში არ უნდა იყოს მშობელი მათ იმედზე

2026-09-02 08:26:41+04:00

როდესაც ბავშვს ხერხემლის გამრუდება, არასწორი დგომა ან მხრების ასიმეტრია აღმოაჩნდება, მშობლები ხშირად ერთსა და იმავე რჩევას ისმენენ — „ცურვაზე შეიყვანე“ ან „ცეკვა მოუხდება, ტანს გაუსწორებს“. მართლაც, ორივე აქტივობა ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვის სასარგებლოა, თუმცა ცურვისა და ცეკვის ხერხემლის პრობლემების მკურნალობად მიჩნევა სწორი არ არის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, კონკრეტულად რა პრობლემა აქვს ბავშვს. დარღვეული პოზა, კუნთოვანი სისუსტე, სქოლიოზი, კიფოზი და სხვა მდგომარეობები ერთი და იგივე არ არის და შესაბამისად, მათთან მიდგომაც განსხვავებულია.

ასწორებს თუ არა ცურვა სქოლიოზს?

ცურვას წლების განმავლობაში თითქმის უნივერსალურ რეკომენდაციად მიიჩნევდნენ სქოლიოზის მქონე ბავშვებისთვის. ამის მიზეზიც გასაგებია: წყალში სხეულზე გრავიტაციის დატვირთვა მცირდება, მუშაობს ზურგის, მუცლის, მხრებისა და კიდურების კუნთები, უმჯობესდება გამძლეობა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობა.

მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა: სასარგებლო ფიზიკური აქტივობა და სქოლიოზის მკურნალობა ერთი და იგივე არ არის.

SOSORT-ის (სქოლიოზის ორთოპედიული და სარეაბილიტაციო მკურნალობის საერთაშორისო საზოგადოების) გაიდლაინებში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ სპორტი არ უნდა დაინიშნოს იდიოპათიური სქოლიოზის სამკურნალოდ. სპორტის მიზანი ძირითადად ფიზიკური ფორმის, ნერვ-კუნთოვანი ფუნქციისა და ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა, ხოლო სქოლიოზის სპეციფიკური ვარჯიშები უშუალოდ დეფორმაციაზე, პოზის კონტროლსა და ხერხემლის ბიომექანიკაზეა გათვლილი.

ანუ ბავშვის აუზზე ტარება შეიძლება ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ არ უნდა ველოდოთ, რომ მხოლოდ ცურვით უკვე ჩამოყალიბებული სქოლიოზური გამრუდება გამოსწორდება.

Scoliosis Research Society-ც აღნიშნავს, რომ ფიზიკური აქტივობა სქოლიოზის მქონე ბავშვებისთვის ზოგადად სასარგებლოა და უმეტეს შემთხვევაში სპორტის შეზღუდვა საჭირო არ არის. თუმცა სქოლიოზის დროს ვარჯიში კონკრეტულ მკურნალობას არ ცვლის.

საინტერესოა, რომ კვლევები არც იმ გავრცელებულ წარმოდგენას ადასტურებს, თითქოს მოცურავეებს აუცილებლად უფრო „სწორი და ჯანმრთელი ხერხემალი“ აქვთ. SOSORT-ის გაიდლაინებში განხილულია მონაცემებიც, რომლებშიც ინტენსიურად მოცურავე მოზარდებში ტანის ასიმეტრია და ჰიპერკიფოზი უფრო ხშირად გვხვდებოდა.

მეცნიერებმა უბრალოდ შეადარეს 112 ინტენსიურად მოვარჯიშე მოზარდი მოცურავე 217 თანატოლს. მოცურავეები კვირაში 4–6-ჯერ, თითო ჯერზე დაახლოებით 2–2.5 საათს ვარჯიშობდნენ. მათში ტანის ასიმეტრიის შანსი დაახლოებით 1.86-ჯერ, ჰიპერკიფოზის — 2.26-ჯერ, ხოლო ჰიპერლორდოზის — 2.24-ჯერ მაღალი აღმოჩნდა.

ავტორები ვარაუდობდნენ, რომ ინტენსიური, მრავალჯერ განმეორებადი საცურაო მოძრაობები მზარდ ხერხემალსა და მის გარშემო კუნთებზე სპეციფიკურ დატვირთვას ქმნის. აქ საუბარია კვირაში 8–15 საათამდე ვარჯიშზე, და არა ბავშვზე, რომელიც კვირაში ორჯერ ერთი საათით აუზზე დადის.

ამასთან, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ შესაძლოა, ცურვა საერთოდ არ იყოს ამ დარღვევების მიზეზი. მაგალითად, გარკვეული სხეულის აგებულების ან უკვე არსებული მცირე ასიმეტრიის მქონე ბავშვები შეიძლება უფრო ხშირად ხვდებოდნენ და რჩებოდნენ პროფესიულ ცურვაში.

მთავარი შეცდომა ისაა, როდესაც მშობელი ცურვას მკურნალობის ნაცვლად იყენებს: ბავშვს უკვე აქვს სქოლიოზი, მაგრამ სპეციალისტის შეფასებისა და შესაბამისი მკურნალობის ნაცვლად მხოლოდ აუზზე დაჰყავს. ამ პერიოდში კი გამრუდებამ შესაძლოა პროგრესირება გააგრძელოს.

ცეკვა „ასწორებს ტანს“?

ცეკვის შემთხვევაში სურათი კიდევ უფრო საინტერესოა.

ცეკვას ნამდვილად შეუძლია გააუმჯობესოს ბავშვის კოორდინაცია, წონასწორობა, სხეულის შეგრძნება, მოძრაობის კონტროლი, კუნთების ძალა და მოქნილობა. ბავშვი შეიძლება ვიზუალურადაც უფრო გამართული გახდეს — უკეთ დაიჭიროს მხრები და თავი და უფრო სწორად იდგეს.

მაგრამ გამართული დგომა არ ნიშნავს ხერხემლის სტრუქტურული გამრუდების გასწორებას.

თუ ბავშვს უბრალოდ სუსტი კუნთები და ცუდი პოზა აქვს, ფიზიკურმა აქტივობამ, მათ შორის ცეკვამ, მდგომარეობაზე დადებითად შეიძლება იმოქმედოს. მაგრამ თუ დიაგნოზი სქოლიოზია, ცეკვა მისი მკურნალობა არ არის.

უფრო მეტიც, პროფესიული და ძალიან ინტენსიური ცეკვის შესახებ არსებული მონაცემები გარკვეულ სიფრთხილესაც მოითხოვს. 2026 წელს გამოქვეყნებულ სისტემურ მიმოხილვასა და მეტაანალიზში, რომელმაც 5 709 მოცეკვავის მონაცემები გააერთიანა, იდიოპათიური სქოლიოზის გავრცელება მოცეკვავეებში საერთო მოსახლეობასთან შედარებით უფრო მაღალი აღმოჩნდა.განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ ისეთი ინტენსიური მიმართულებების შემთხვევაში, რომლებიც მოითხოვს ძალიან დიდ დატვირთვას, ხერხემლის ხშირ და უკიდურეს მოხრას, ტრიალსა და განმეორებით დატვირთვას.

ცურვა და ცეკვა რეალურად ძალიან სასარგებლოა: აძლიერებს ზურგისა და მუცლის კუნთებს, აუმჯობესებს კოორდინაციას, წონასწორობას, მოძრაობის კონტროლს და ზოგ შემთხვევაში პოზასაც. შედეგად ბავშვს შეიძლება ჰქონდეს უფრო ძლიერი კუნთოვანი „კორსეტი“, უკეთ იდგეს და ნაკლებად ჰქონდეს კუნთოვანი სისუსტითა და უმოძრაობით გამოწვეული დისკომფორტი.

მაგრამ სქოლიოზი მხოლოდ სუსტი კუნთების გამო არ ვითარდება. ყველაზე გავრცელებული მოზარდთა იდიოპათიური სქოლიოზის ზუსტი მიზეზი ბოლომდე ცნობილი არ არის; მის განვითარებაში მონაწილეობს გენეტიკური, ზრდისა და სხვა ბიოლოგიური ფაქტორები. ამიტომ ძლიერი ზურგის კუნთებიც კი ვერ იძლევა გარანტიას, რომ ხერხემლის სტრუქტურული გამრუდება არ განვითარდება.

თუ საუბარია არა სქოლიოზზე, არამედ უბრალოდ ცუდ პოზაზე და მოხრილ დგომაზე, აქ უკვე ფიზიკური აქტივობა და კუნთების გაძლიერება გაცილებით მეტი შედეგის მომტანია.

რა „ასწორებს“ სქოლიოზს?

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი დიაგნოზია.

თუ მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვს ერთი მხარი მეორეზე მაღლა აქვს, ერთი ბეჭი მეტადაა წამოწეული, წელი ასიმეტრიულია ან წინ დახრისას ზურგის ერთი მხარე უფრო მაღლა დგას, მხოლოდ სპორტის შერჩევა საკმარისი არ არის.

სქოლიოზის არსებობასა და სიმძიმეს სპეციალისტი აფასებს, საჭიროების შემთხვევაში კი კეთდება ხერხემლის რენტგენოგრაფია და იზომება გამრუდების კუთხე. სწორედ გამრუდების ხარისხი, ბავშვის ასაკი და ის, რამდენი ზრდა აქვს დარჩენილი, განსაზღვრავს პროგრესირების რისკსა და შემდგომ ტაქტიკას.

ზოგ შემთხვევაში მხოლოდ პერიოდული დაკვირვებაა საჭირო; ზოგ შემთხვევაში ინიშნება სქოლიოზზე სპეციფიკურად მორგებული ფიზიოთერაპიული ვარჯიშები , ხოლო პროგრესირების მაღალი რისკის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს კორსეტი. მძიმე შემთხვევებში განიხილება ქირურგიული მკურნალობაც.

საჭიროა ცეკვიდა და ცურვიდან გამოყვანა, თუ ბავშვს სქოლიოზი აქვს?

უმეტეს შემთხვევაში — არა.

სქოლიოზის მქონე ბავშვს ფიზიკური აქტივობა სჭირდება და სპორტისგან უსაფუძვლოდ ჩამოშორება სწორი მიდგომა არ არის. Scoliosis Research Society-ის მიხედვით, თუ ბავშვს ტკივილი არ აქვს და ექიმს კონკრეტული შეზღუდვა არ დაუწესებია, მას ჩვეულებრივ შეუძლია მისთვის საყვარელ სპორტში მონაწილეობა.

თუ ბავშვს უკვე აქვს ხერხემლის პრობლემა, უმჯობესია ჯერ გაირკვეს ზუსტი დიაგნოზი და სპეციალისტმა განსაზღვროს, სჭირდება თუ არა მას კონკრეტული სამკურნალო ვარჯიშები, დაკვირვება ან სხვა მკურნალობა. ამის შემდეგ ცურვა, ცეკვა თუ სხვა სპორტი შეიძლება დარჩეს ბავშვის ცხოვრების მნიშვნელოვან და სასარგებლო ნაწილად.

მითია, რომ არასწორი ჯდომა ხერხემლის გამრუდებას იწვევს... დიდხანს გამართულად ჯდომა დისკომფორტისა და ზურგის ტკივილის მიზეზი ხდება - ირაკლი ვარძუკაშვილი გავრცელებულ ორთოპედიულ პრობლემებზე
როდის უნდა მიაკითხოთ აუცილებლად ორთოპედს, რომ სქოლიოზი და ბრტყელტერფიანობა არ გამოგეპაროთ და როგორია მკურნალობა - ირაკლი ვარძუკაშვილის რეკომენდაციები მშობლებს