სამგზავრო გემი 211 ადამიანით უკვალოდ გაუჩინარდა: საუკუნეზე მეტხანს ეძებდნენ, თუმცა ნამსხვრევიც კი ვერ იპოვეს - მშობლები

სამგზავრო გემი 211 ადამიანით უკვალოდ გაუჩინარდა: საუკუნეზე მეტხანს ეძებდნენ, თუმცა ნამსხვრევიც კი ვერ იპოვეს

2026-09-02 10:53:37+04:00

1909 წლის 26 ივლისს სამგზავრო-სატვირთო გემი „უარატა“ სამხრეთ აფრიკის პორტ დურბანიდან კეიპტაუნის მიმართულებით გავიდა. ბორტზე, მგზავრების და ეკიპაჟის წევრების ჩათვლით,211 ადამიანი იმყოფებოდა

გემი სულ ერთი წლის აგებული იყო და ევროპასა და ავსტრალიას შორის მხოლოდ მეორე რეისს ასრულებდა. მისი კეიპტაუნში ჩასვლა 29 ივლისს იყო დაგეგმილი. თუმცა "უარატა" დანიშნულების პორტში არც იმ დღეს გამოჩნდა და არც შემდეგ - არც რამდენიმე კვირის, არც თვისა და, საბოლოოდ, არც წლების განმავლობაში.

gemi-3-1788332433.jpg
"უარატა"

მგზავრი, რომელსაც გემის მოძრაობა არ მოეწონა

"უარატას" უკანასკნელ რეისამდე ცოტა ხნით ადრე, ინდოეთის ოკეანის გადაკვეთისას, ერთ-ერთმა მგზავრმა, კლოდ სოიერმა, შენიშნა, რომ ზომიერი ღელვის დროსაც კი ხომალდი უჩვეულოდ ძლიერ ირყეოდა. ეს შთაბეჭდილება მას იმდენად შემაშფოთებლად მოეჩვენა, რომ გემზე ყოფნისას კოშმარიც კი ნახა: დაესიზმრა წყლიდან ამოსული რაინდი სისხლიანი მახვილით, რომელიც გემის სახელს ყვიროდა.

როდესაც "უარატა" დურბანში შევიდა, სოიერმა გადაწყვიტა, მგზავრობა აღარ გაეგრძელებინა. იგი საბოლოო დანიშნულების პორტამდე მისვლას არ დაელოდა და გემიდან ჩამოვიდა.

ცოლისთვის გაგზავნილ წერილში სოიერი წერდა: "დურბანში გადავედი. "უარატას" გადატვირთულად ვთვლი".

სულ მალე ეს გადაწყვეტილება საბედისწერო აღმოჩნდა.

gemi-1-1788332464.png

უკანასკნელი შეხვედრა

27 ივლისს, დაახლოებით დილის ოთხ საათზე, სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, მდინარე მბაშეს შესართავთან ახლოს, "უარატა" სხვა ორთქლმავლის, "კლან მაკინტაირის" ეკიპაჟმა შეამჩნია.

გემებმა, საზღვაო წესების შესაბამისად, ერთმანეთთან სინათლის სიგნალები გაცვალეს და ერთმანეთს სახელები და მარშრუტები შეატყობინეს.

ეს "უარატას" უკანასკნელი დადასტურებული გამოჩენა იყო. ამის შემდეგ გემი აღარავის უნახავს.

gemi-5-1788332485.jpg
"უარატა"

უშედეგო ძებნა

თავდაპირველად გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა "უარატას" ძრავა გაუფუჭდა და ხომალდი დინებამ გაიტაცა. თუმცა, რაც დრო გადიოდა, გემთან დაკავშირებული ნებისმიერი კვალის აღმოჩენის იმედი სულ უფრო მცირდებოდა.

სამძებრო სამუშაოები მალევე დაიწყო. თავდაპირველად, ოპერაციაში სამხრეთ აფრიკისა და ბრიტანეთის ხელისუფლებები ჩაერთნენ, მოგვიანებით კი ძებნას კერძო პირების მიერ შეგროვებული თანხებიც მოხმარდა.

მიუხედავად ფართომასშტაბიანი ძიებისა, "უარატას" კვალს ვერ მიაგნეს. ვერ იპოვეს ვერც გემის ნამსხვრევები, ვერც სამაშველო ნავები და ვერც დაღუპულთა ცხედრები.

საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ გაუჩინარებად რჩებოდა საზღვაო ისტორიაში.

ერთი ნამსხვრევის საუკუნოვანი ძებნა

დაკარგული გემის ძებნას წლების შემდეგ საზღვაო მკვლევარი ემლინ ბრაუნი ჩაუდგა სათავეში. მან "უარატას" კვალის აღმოჩენას ორ ათწლეულზე მეტი მიუძღვნა.

1999 წელს მისი გუნდის წევრებმა მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან სონარმა ზღვის ფსკერზე ნამსხვრევები დააფიქსირა, რომელთა ფორმა და ზომა "უარატას" აღწერილობას ჰგავდა.

თუმცა აღმოჩენის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა.

2001 წელს ობიექტის უფრო დეტალური შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ნამსხვრევები "უარატას" კი არა, "ნეილსი მედოუს" ეკუთვნოდა - გემს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, "უარატას" გაუჩინარებიდან ათწლეულების შემდეგ, ჩაიძირა.

2004 წელს ბრაუნმა ძებნა ოფიციალურად შეწყვიტა და განაცხადა, რომ შესაძლო მიმართულებებისა და ვერსიების შესწავლის შემდეგ ახალი კვალის აღმოჩენის იმედი აღარ ჰქონდა.

5ea835eb-4b9b-40a9-8bb4-a35889b5475c-1788336811.png

დღეს, "უარატას" უკანასკნელი რეისიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, მისი ჩაძირვის ზუსტი ადგილი კვლავ უცნობია. გემის ნამსხვრევებიც ოფიციალურად ჯერ კიდევ არ უპოვიათ.

211 ადამიანიდან მხოლოდ ერთი მგზავრი გადაურჩა იმ საბედისწერო მოგზაურობას - კლოდ სოიერი, რომელმაც გემის ქცევამ შეაშინა, მგზავრობაზე უარი თქვა და ნაპირზე დარჩა.