ანა ტყებუჩავას გადაცემის "მეხუთე ელემენტის" სტუმრები მსახიობი დედა-შვილი - ნინო კასრაძე და სალომე თოფურია იყვნენ. ისაუბრეს დედაშვილობაზე, კოლეგიალობაზე, რთულ პერიოდებზე, რომლებიც ერთად გაიარეს და იმაზე, თუ როგორ გაიზარდა ორივე, როგორც დედა-შვილი.
სალომე:
- ძაან შეიცვალა ჩვენი ურთიერთობა წლების განმავლობაში. სულ ძაან ახლოს ვიყავით, თუმცა გარდატეხის ასაკი იყო ალბათ ყველაზე რთული. მაგრამ ეს რაღაცნაირი კავშირი მაინც არასდროს არ დაგვიკარგავს. ასე მგონია, რომ ნინოც ჩემთან ერთად გაიზარდა და რაღაცნაირად ორივე ძაან განვითარდით, როგორც დედა-შვილი. ამიტომაც ახლა ისეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს, რომ მე მგონი ვეღარ ვიტყვი, რომ კონფლიქტური დედა-შვილი ვართ... მაგრამ რომ ვიხსენებ, ხუთი-ექვსი წლის წინ იყო რთული ეპიზოდებიც, როცა ცოტა აცდენილები ვიყავით ერთმანეთს და თითქოს ერთ ენაზე აღარ ვსაუბრობდით...
ნინო:
- ბავშვები ამბობენ, რომ მკაცრი ვიყავი. მე არ მახსენდება, რომ ძალიან მკაცრი ვიყავი... მაგრამ ახლა კოლეგები ვართ უკვე და ჩვენი ურთიერთობა სულ სხვა საფეხურზე ავიდა და ეს სალომეს დამსახურებაა, მხოლოდ სალომესი იმიტომ, რომ მე მინახავს, როგორი პრობლემები აქვთ ერთი პროფესიის მამა-შვილს, დედა-შვილს და და-ძმებს და ეს მინახავს თეატრში, რა კონფლიქტები მოსვლიათ და რამხელა განცდაა ახალგაზრდებისთვის, მოხუცებისთვის... ის, რომ ჩვენ შორის არის ჰარმონიული, კარგი კოლეგიალური დამოკიდებულება, ეს სალომეს დამსახურებაა, იმიტომ რომ ყველანაირი გაღიზიანების გარეშე ღებულობს ყველაფერს და სულ უნდა, რომ რაღაცა უთხრა, რაღაცა გაუსწორო, შენიშვნა მისცე... მიმღებლობა აქვს ძალიან მაღალი ხარისხის და შესაბამისად ამან სხვანაირი გახადა ჩვენი ურთიერთობა...
ნინოს და სალომეს თქმით, ყველაზე რთული ეტაპი მათთვის თინეიჯერობის პერიოდი იყო, როცა 15 წლის სალომე საფრანგეთში წავიდა სასწავლებლად და მიუხედავად იმისა, რომ თავად უნდოდა ეს ძალიან, საკმაოდ რთულად გადაიტანა ეს პერიოდი. თუმცა ახლანდელი გადასახედიდან ამბობს, რომ ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი იყო ეს არჩევანი, მან უმაღლესშიც უცხოეთში ჩააბარა და იქ ისწავლა კინოხელოვნება, გარკვეული კარიერული წარმატებებიც უკვე ჰქონდა საზღვარგარეთ და საქართველოში თამაშის დროსაც (კინოსა და თეატრში), ძალიან გამოადგა ის ცოდნა და გამოცდილება, რაც იქ მიიღო.
ნინო:
- ჩვენ გვქონდა მიზანი, რომ ჩვენს შვილებს განსხვავებული განათლება მიეღოთ. არ დავიწყებ ახლა საუბარს კარგი, ცუდი... თუ ადამიანს უნდა, ყველგან მიიღებს სრულფასოვან კარგ განათლებას. ჩვენს ოჯახს სხვა მოცემულობა აქვს. მე სიძე მყავს ფრანგი. ჩემი დისშვილები, ჩემი ტყუპისცალის შვილები არიან ნახევრად ფრანგები და ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ესკულტურა ყოფილიყო საზიარო კულტურა ჩვენთვის. ჩემი და და მისი ქმარი ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ დაიწყეს ცხოვრება, რომ ჩვენი ოჯახი არ გაყოფილიყო და გამთლიანებულიყო და ჩვენ ჩვენი მხრიდან ეს გავაკეთეთ, ნაბიჯი გადავდგით, რომ ბავშვებს საერთო ენა ჰქონდეთ ქართულიც და ფრანგულიც. ამან განაპირობა ძირითადად ეს არჩევანი, მით უმეტეს მივდიოდით იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობდა ჩემი სიძე და იმ სკოლაში, სადაც ჩემი სიძე სწავლობდა... ვღელავდით, რა თქმა უნდა, მაგრამ მიზანი იმდენად ცხადი იყო, რომ აღარ დავბრკოლებულვართ.
სალომე:
- ჩემთვის ძაან რთული იყო, იმიტომ რომ 15-ის ვიყავი და სანამ იმას გაიაზრებ, რომ ეს კარგი რაღაცისთვის ხდება და ეს არის იმისთვის, რომ რაღაცა მერე უფრო გაადვილდეს... თან ისე დაემთხვა, რომ ეს იყო მაინცდამაინც ის წელი, როდესაც ცოტათი უკვე გავდიოდი გარეთ, ხალხი გავიცანი ჩემი სკოლის გარეთ ვინც იყვნენ და თითქოს ჩემი თინეიჯერული ცხოვრება დავიწყე... და აი რაღაცნაირად ამ მომენტში წამოვედი... რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდოდა წასვლა, ძაან რომანტიზირებას ვახდენდით ამ იდეის, რომ წავალთ საფრანგეთში, იქ ვისწავლით...
ნინო:
- შეგვჭამეს, რომ უნდათ წასვლა და ჩემმა სიძემ და ჩემმა მეუღლემ თქვეს, რომ კი ბატონო, თუ უნდათ წასვლა და უნდათ ზუსტად ასეთივე სკოლაში გადასვლა, არის ამის საშუალება იმიტომ, რომ ეს მისი ქალაქია, იქ ყველაფერი უფრო იოლი იქნება... ოქტომბრამდე ძალიან უნდოდა და ბოლო წელი, როცა უკვე ყველაფერი მოვაგვარეთ, საბუთები და ა.შ., ნელ-ნელა შევატყვეთ, რომ აღარ უნდათ... მარტში მივიღეთ რაღაცა რევოლუციური ამბოხება. ამ დროს ყველაფერუ გაკეთებულია.
სალომე:
- საბოტაჟი მოვუწყვე ჩემს თავს, რომ აი არასოდეს მე ეს ადგილი არ მომეწონება, არასოდეს მე ამას არ შევეჩვევი, ეს იქნება ცხოვრების ბოლომდე ტრავმა, რომელიც თქვენ მომაყენეთ... დავარწმუნე საკუთარი თავი და პირველი სამი წელი სილამაზე არ დამინახავს...
სასაცილოა ახლა ამაზე ფიქრი საერთოდ, რომ ესე იგი, რამხელა შანსია და რა მარტივია, რომ ბავშვები გატრავმო, არადა კარგი გინდა მათთვის... ახლა რომ ვფიქრობ, რამხელა შანსია წახვიდე საზღვარგარეთ, ისწავლო, ხალხი გაიცნო და ეს ყველაფერი როგორ შეიძლება, რომ ბავშვმა ან თინეიჯერმა დაინახოს, როგორც საპირისპირო - თითქოს მიატოვეს მშობლებმა... თან ძაან ვალიდურია ეს გრძნობა და ძაან ნამდვილია და ჩემი თავი ძაან მეცოდება, მაგრამ ცოტა შორიდან რომ ვუყურებ, როგორ არასამართლიანია ეს ყველაფერი - მშობლებს კარგი უნდათ შენთვის და შენ იტრავმები...
ნინო:
- ახლა დაწერენ, კი მაგრამ თუ ასეთი საშინელებაა, რა საჭიროა, რომ საზღვარგარეთ ისწავლონ ბავშვებმა... იმიტომ არის საჭირო, რომ ადამიანები არიან განსხვავებულები, ზოგს ასე მიაჩნია, ზოგს - ისე. ჩვენი ოჯახის მოცემულობა იყო ასეთი, ჩვენ ასე გვინდოდა, ასე მიგვაჩნდა და დღეს ბევრ რამეს რომ ვუყურებთ, სწორად გაგვიკეთებია. იყო ძალიან რთული პერიოდები, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ შედეგი - ჩვენი შვილები ისეთი სულისკვეთებით გაიზარდნენ, რომ საქართველოში დაბრუნდებიან მთელი თავის ცოდნით... მაგრამ ეს გზები სხვადასხვანაირი გზებია. მე მინახავს მშობლები, რომლებსაც არსადაც არ გაუშვიათ შვილები და დღემდე ვერ ალაგებენ ურთიერთობას.
კი, უფრო რთული იყო რაღაც ეტაპზე ეს, იქ რომ წავედით, წამოგვეწია კორონა, უმძიმესი პერიოდი. მოგვიწია ჩაკეტვა და იმდენი რამე გავიგე ჩემი შვილების შესახებ. ასეთი ფუფუნება მე არა მგონია სხვა დროს სხვა მოცემულობაში ვინმე მშობელს და შვილს რგებოდა წილად, რაც ეს კორონა გახდა ჩვენი ოჯახისთვის. თავიდან მოხდა ყველას აღმოჩენა. აღმოჩნდა, რომ რამდენ რამეს მალავენ თბილისში ბავშვები. მე რომ მგონია, ყველაფერი ვიცი, რამდენ რამეს გეუბნება, რომ იქ არის, გეუბნება, რომ ამას აკეთებს... ვითომ ერთი შეხედვით გაპრიალებული სუფთა ურთიერთობა ყოფილა ტყუილი, ფეიკი... ანუ ის თარგი, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოში, რომ ყველაფერი მოწესრიგებული - საჭმელი სასმელი, დაგყავს, მიგყავს, მოგყავს და რომ გგონია, იდეალურად აკეთებ საქმეს, ბევრ შემთხვევაში აღმოჩნდება პირიქით და ეს უნდა ვიცოდეთ მშობლებმა... ყველაფერი ისეთი კონსპირირებულია, ისეთი დამალულია... ვერ აკონტროლებ ამ პროცესს.
სალომე:
- ჩვენ შემთხვევაში ეგრე იყო, რომ რაც უფრო გვაკონტროლებდნენ, მით უფრო ცუდი ბავშვები ვიყავით. სიმკაცრეს რომ ვგულისხმობ, აბა სად ხარ და აბა როგორ ხარ, აბა დამირეკე, ის გააკეთე...
ნინო:
- კიდეც რეკავდნენ.... რა საშინელებაა. ეს რომ აღმოვაჩინე... მე ისეთი დამჯერი ბავშვი ვიყავი და ეს არის მთავარი შეცდომა საერთოდ აქ, საქართველოში, რომ ყველა ადარებს თავის ბავშვობას. მე ასე ვიყავი, ასე მქონდა გამჯდარი, ჩემს გარემოსაც ასე ჰქონდა, გვეგონა რომ ასე უნდა გავზარდოთ, ასე უნდა გააკეთონ.... ერთხელ ვუთხარი, დედიკო, აი, მერე, როცა მსახიობი გახდები, ალბათ ამერიკაში წახვალ, რომ გქონდეს შანსი ჰილივუდში... მითხრა, მე არ მინდა ამერიკა წასვლა, არ მაინტერესებსო.
სალომე:
- ცალკე ცხოვრების დაწყების დროს მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იგრძნოს მშობლის რაღაცნაირი ზრუნვა და ყურადღება. იგრძნოს, რომ მშობელი უსმენს და მისი განცდები ან ფიქრები იყოს დანახული და მოსმენილი. მე გამიმართლა, რომ ეგეთი მშობლები მყავს, მაგრამ ყველგან ასე არ არის. ეს რაღაცნაირი ეგო, რომ მე ვარ შენზე დიდი, ამიტომაც მე მაინცდამაინც მართალს ვამბობ, რაც არ უნდა მოხდეს, არანაირი არგუმენტი რომ არ შეგიძლია მოუყვანო, რომელიც ამას გადაფარავს - ეს იყოს ჩამოშორებული, თუ მშობელი იღებს იმას, რომ ისიც პირველად მშობელია, როგორც ბავშვი პირველად ბავშვია და ორივე ვითარდება და სწავლობს... ერთად ვსწავლობთ, რაღაცა შემეშალა მე, როგორც მშობელს, დავილაპარაკოთ. აღქმა ბავშვის, როგორც სრულფასოვანი ადამიანის, რომელსაც თავისი განცდები აქვს, თავისი აზრის გამოხატვა უნდა, ყველა ასაკში ასეა. თუ თავს გრძნობ ვალიდურად, მერე ბევრად უფრო უსაფრთხოდ გრძნობ, რომ რაღაცა გაანდო, რაღაცა მოუყვე...
მარტო ყოფნა, სადღაც სხვაგან სასწავლებლად წასვლა, ჩვენ უფრო ძლიერებს გვხდის და უფრო დამოუკიდებლებს და მერე მომავალში ში ბევრ გამოწვევას, სხვადასხვანაირ გამოწვევას, სულ სხვანაირად შევხვდებით და პატარა ასაკში უფრო რთულია. შორს როცა ხარ შენი ქვეყნიდან, ეს სულ დიდ ტკივილთან არის ასოცირებული, ამას მე მგონი ვერ გავექცევით და მშობლების მონატრებასაც და ასე შემდეგ. კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, რამდენად გვიღირს, რომ ამაში ვიცხოვროთ. მე მაგალითად მგონია, რომ ეს ძალიან დიდი რაღაცის მომტანი იყო ჩემს ცხოვრებაში. ამიტომაც უკან რომ წავსულიყავი, ზუსტად იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი და წამოვიდოდი. მიუხედავად იმისა, რომ ძაან რთული იყო, თუ გვაქვს რაღაცნაირირაღაცა მიზანი, მამოძრავებელი ძალა, მაშინ ღირს ეს ყველაფერი ამად, რაღაცა კომფორტი ზონიდან გამოსვლა. მე ჩემი თავი გამოვცადე, გადავაბიჯე ჩემს თავს, მეგონა, რომ აქ იყო ლიმიტი და თურმე აი აქ ყოფილა და ის, რომ შენი საკუთარი თავის გაცნობა და აღმოჩენა ხდება, რომ ბევრად უფრო დიდი ხარ, ვიდრე გგონია, ბევრად უფრო მეტი რაღაცა შეგიძლია და მერე ცოტა ის განცდაც გაქვს, რომ ამაყობ საკუთარი თავით და უფრო ენდობი და უფრო შეგიძლია წინ წაწიო, ეს ძალიან დიდ თვისებებს გიყალიბებს.
ნინო:
- მე ჩემი გამოცდილებიდან ვიტყოდი, რომ ეს გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ - შვილები გავაგზავნეთ სასწავლებლად, აღზრდის ერთ-ერთი ფორმაა და არა ერთადერთი. ეს არ არის აბსოლუტური სიმართლე, ამას შეიძლება ჰქონდეს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. აქ გაამართლა, ვიღაცასთან არ გაამართლებს. მე ბევრჯერ მინახავს, რომ ბავშვები უკან დაბრუნებულან ტრავმირებულები, თუმცა ეგეც არ არის 100%-იანი გარანტია, ზოგჯერ აქ რჩება და აქაც ტრავმირებულია ბავშვი. ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ შვილების აღზრდა და შვილებთან ცხოვრება ეს არის ცნობიერი აქტი, რაც ხშირად გაუცნობიერებლად ხდება. გვგონია, რომ შვილები უნდა გავაჩინოთ, აღვზარდოთ და ეს ყველაფერი თავისით მოხდება და ასე არ არის. არაფერი არ არის უპირობო. რაც მეგონა, რომ იოლია, უფრო რთული აღმოჩნდა, რაც მეგონა, რომ ეს ხომ თავისთავადია, არ ყოფილა თავისთავადი. ყველა ეტაპი თურმე ეს არის ძალიან დიდი შრომა. თუ ამისთვის არ ხარ მზად, ჯობია არ შეება ამას. ეს ცნობიერი აქტია. არ არის ასე, რომ აი გავთხოვდი, გავაჩინე, გაიზარდნენ, დამთავრდა. სირთულე ახლავს ამ ყველა ეტაპს და ეს ცნობიერად უნდა ვიცოდეთ, ზრდასრულობამდე ჩვენი ენერგიის და ყურადღების მაქსიმუმი უნდა ჩავდოთ ამაში. მე ასე დავინახე და ეს არის მთელი სირთულე, რომ ვერც ერთ მომენტში ვერ მოდუნდები ვერსად.... ბავშვები მაგალითით იზრდებიან და სწავლობენ და არა თეორიული საუბრებით... მშობლებსაც და ბავშვებსაც ვეტყოდი, რომ ნუ გეშინიათ, უფრო გახსნილები იყავით ერთმანეთის მიმართ და ნუ გეშინიათ... გასაღები მაინც სურვილია, რომ გინდოდეს ასე იყოს და შემდეგ ყველაფერი გამოდის.