11 წლის ბავშვს კორპუსიდან ნასროლი სკამი მოხვდა - არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი, დაკავებულია ერთი პირი - მშობლები

როგორ არის 11 წლის ბავშვი, რომელსაც კორპუსიდან ნასროლი სკამი მოხვდა - არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი, დაკავებულია ერთი პირი

2026-09-03 11:25:35+04:00

თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა კორპუსთან, არასრულწლოვანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, კორპუსიდან სკამი ისროლეს, რომელიც 11 წლის ბავშვს დაეცა.

მომხდარის შედეგად არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი.

"ბავშვს დასჭირდა თავის ოპერაცია. ოპერაცია გაუკეთდა გუშინწინ. სტაბილური სიტუაცია ნარჩუნდება ამ დრომდე, ანუ შეშუპება არ განვითარებულა. ხვალ უნდა გააღვიძონ და ესაა მთავარი - რა მდგომარეობა იქნება.

გარდა თავის დაზიანებისა, ცხვირ-პირის მოტეხილობა აქვს, კისრის მალაა დაზიანებული და ხელის მოტეხილობაც აქვს." - გვითხრა, დაშავებული ბავშვის ბიძამ, მერაბ ქანთარიამ.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თამარ იაკობაშვილი