მექსიკაში გახმაურებულმა მრავალმაგმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. ცნობილი მექსიკური ინდი-როკ ჯგუფის Camilo Séptimo-ს 38 წლის მუსიკოსი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯონათან მელენდესი საკუთარ სახლში, მეუღლესთან, მცირეწლოვან შვილთან და ოჯახის ახალგაზრდა დამხმარესთან ერთად მოკლული იპოვეს.
დანაშაული 1 სექტემბერს, მექსიკის შტატის ქალაქ ატისაპან-დე-სარაგოსაში, Zona Esmeralda-ს პრესტიჟულ საცხოვრებელ რაიონში მოხდა. ოჯახი დახურულ საცხოვრებელ კომპლექსში, პენტჰაუსში ცხოვრობდა.
დაღუპულები არიან 38 წლის ჯონათან სამუელ მელენდესი, მისი 35 წლის მეუღლე ანა პაულა, რომელიც დაახლოებით ოთხი თვის ორსული იყო, მათი 3 წლის გოგონა და 21 წლის ქალი ალეიდა რომერო ვიქტორიო, რომელიც ოჯახში მუშაობდა. სახლში მოკლული იპოვეს ოჯახის ძაღლიც. პოლიციის ცნობით, მუსიკოსი და მისი ორსული მეუღლე ხელებშეკრულები იპოვეს. ორივეს, ისევე როგორც მათ 3 წლის გოგონას, ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. 21 წლის ოჯახის დამხმარეს კი ზურგში ჰქონდა ნასროლი. შეკრული და მოკლული იყო ოჯახის ძაღლიც.
ტრაგედიას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა — წყვილის 6 წლის ვაჟი. პოლიციამ იგი ერთ-ერთ ოთახში ცოცხალი და ფიზიკური დაზიანებების გარეშე იპოვა. 3 სექტემბრის მდგომარეობით, მექსიკის შტატის პროკურატურა ბავშვს ჯერ არ დაკითხვია — უწყების განმარტებით, პირველ რიგში მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ უსაფრთხოებას უფრთხილდებიან. ის ნათესავების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მომხდარიდან 12 საათზე ნაკლებ დროში სამართალდამცველებმა ორი მამაკაცი დააკავეს.
პროკურატურა ერთ-ერთ მათგანს ჯონათან მელენდესის ბიზნესპარტნიორად მოიხსენიებს და მას მკვლელობაში სავარაუდო უშუალო მონაწილეობას უკავშირებს. ხელისუფლების განცხადებით, სწორედ ოჯახთან არსებული ნდობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თავდამსხმელს საცხოვრებელ კომპლექსში და შემდეგ ბინაში შესვლა შეუმჩნევლად შეეძლო.
მექსიკის უსაფრთხოების მინისტრმა ომარ გარსია ჰარფუჩმაც დაადასტურა, რომ ერთ-ერთი დაკავებული მუსიკოსის ბიზნესპარტნიორი იყო და გამოძიების თანახმად, მან ეს ურთიერთობა სახლში შესაღწევად გამოიყენა.
მეორე დაკავებული, ხერარდო, გამოძიების ვერსიით, სავარაუდოდ ეხმარებოდა დიეგოს. მექსიკური ტელეარხი N+ იუწყება, რომ მან შესაძლოა მთავარი ეჭვმიტანილი დანაშაულის შემდეგ ავტომობილით მეხიკოში გადაიყვანა.
საქმეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებად საცხოვრებელი კომპლექსის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი სახელდება.
კადრებში ჩანს მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 17:24 საათზე ლიფტში შედის. მას კეპი, მუქი სათვალე, ქურთუკი და ზურგჩანთა აქვს. გამოძიება ამ პიროვნებას დიეგო სებასტიანთან აკავშირებს.ეს დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გამოძიების სავარაუდო ქრონოლოგიით, თავდამსხმელი ბინაში ჯონათან მელენდესზე ადრე მივიდა.
ერთ-ერთი ვერსიით, დიეგო სებასტიანი ბინაში მაშინ შევიდა, როდესაც მუსიკოსი სახლში არ იმყოფებოდა. კარი მას ჯონათანის მეუღლემ გაუღო, რადგან ოჯახის ნაცნობი და მისი ქმრის ბიზნესპარტნიორი იყო.
Infobae-ს მიერ გავრცელებული რეკონსტრუქციის მიხედვით, თავდამსხმელმა ჯერ ანა პაულა და მისი 3 წლის შვილი დახოცა. ისინი მოგვიანებით მთავარი საძინებლის სააბაზანოში იპოვეს.
ამავე წყაროს ვერსიით, ოჯახში მომუშავე 21 წლის ქალი სხვა ოთახში იმყოფებოდა. მედიაში გავრცელდა ცნობაც, რომ 6 წლის ბიჭი შესაძლოა საწოლის ქვეშ დამალულიყო და სწორედ ამიტომ გადარჩა, თუმცა ეს კონკრეტული დეტალი პროკურატურას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
გავრცელებული ვერსიით, ჯონათანი მოგვიანებით მივიდა სახლში, სადაც თავდამსხმელი მას უკვე ელოდებოდა.
ყველაზე აქტიურად განიხილება ფინანსური კონფლიქტის ვერსია.
N+-ის ინფორმაციით, გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ვარაუდი, რომ დიეგო სებასტიანი მუსიკოსისგან გარკვეული ვალის დაბრუნებას ითხოვდა. რამდენიმე მექსიკური გამოცემა დაახლოებით 300 ათას პესოს ასახელებს, თუმცა ეს თანხა ოფიციალურ პროკურატურის განცხადებაში ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
პროკურატურა ასევე იკვლევს ნაღდი ფულისა და ციფრული აქტივების შესაძლო მითვისებას. რამდენიმე მედიასაშუალებაში მოგვიანებით გავრცელდა ბევრად უფრო დიდი თანხების, მათ შორის კრიპტოვალუტის შესახებ ვერსიებიც.
საბოლოო მოტივი ოფიციალურად გამოცხადებული არ არის.
დაკავებული დიეგო სებასტიანი წარმოშობით არგენტინელია და მექსიკის მოქალაქეობაც აქვს. იგი დაკავშირებული იყო რამდენიმე ბიზნესთან — მათ შორის სარეკლამო და მარკეტინგული, ასევე დასასვენებელი სახლების გაქირავების ბიზნესთან, რომელთა კლიენტებიც თაღლითობასა და ფულის დაკარგვაზე საუბრობენ.
კიდევ ერთი დეტალი რამდენიმე მექსიკურმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.
მათი ცნობით, ჯონათანს იმ დღეს დიეგო სებასტიანთან შეხვედრა ჰქონდა და მან ერთ-ერთ მეგობარს წინასწარ უთხრა შეხვედრის შესახებ. გავრცელებული ვერსიით, მუსიკოსმა მას სთხოვა, თუ გარკვეული დროის შემდეგ აღარ დაუკავშირდებოდა, შესაბამისი ზომები მიეღო.
შემდგომ სწორედ ამ მეგობრის მისვლა ოჯახთან ან მისი შეტყობინება შეიძლება გამხდარიყო დანაშაულის აღმოჩენის ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა ეს დეტალიც ჯერ გამოძიების ოფიციალურ ნაწილში არ არის წარმოდგენილი. დაკავებულებს ჯერ ბრალი სრულად არ აქვთ წარდგენილი.
გამოძიება ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი შემთხვევითი პირი არ ყოფილა — ის ოჯახის ნდობით სარგებლობდა და ჯონათანთან ბიზნესიც აკავშირებდა. სამართალდამცველები ფინანსურ მოტივს ამოწმებენ. თუმცა კონკრეტულად რა თანხაზე, ვალზე ან აქტივებზე იყო დავა და რატომ იქცა კონფლიქტი მთელი ოჯახის მკვლელობად, ჯერ ოფიციალურად დადგენილი და გასაჯაროებული არ არის.