ბოყინი, გულისრევა, შებერილობა, მუცლის ყურყური, ფაღარათი თუ შეკრულობა — ამ სიმპტომების დროს მიზეზს, ბუნებრივია, პირველ რიგში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ვეძებთ. თუმცა ზოგჯერ გამოკვლევებით ორგანული დაზიანება არ დასტურდება, ჩვეული მკურნალობა კი სასურველ შედეგს ვერ იძლევა. ასეთ შემთხვევებში პრობლემა შესაძლოა ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ურთიერთქმედებას უკავშირდებოდეს.
რა კავშირია ე.წ. ნევროზსა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებს შორის და რატომ არის ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტის მკურნალობაში, გასტროენტეროლოგთან ერთად, ფსიქიატრის ჩართვაც საჭირო? ამის შესახებ გასტროენტეროლოგი გიგა სორდია სოფო ჯაფარიძის პოდკასტში „გიდი“ საუბრობს.
გიგა სორდიას განმარტებით, თანამედროვე გასტროენტეროლოგიაში სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ნეიროგასტროენტეროლოგიურ, ანუ ფუნქციურ დარღვევებს.
„ეს არის ახალი, შედარებით ახალი მიმართულება. ამას ნეიროგასტროენტეროლოგიურ დაავადებებს უწოდებენ — არაორგანულს, ანუ ფუნქციურს.
ეს შეიძლება იყოს ბოყინი, გულისრევის შეგრძნება, ლუკმის გაჩხერის შეგრძნება, ფაღარათი, შეკრულობა, დაუცლელი დეფეკაციის შეგრძნება, მუცლის ყურყური, სისავსე, შებერილობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შეიძლება ნეიროგასტროენტეროლოგიური დაავადების გამოვლინება იყოს.
ისინი ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სტრუქტურულ პათოლოგიებს, როდესაც დაზიანება, მარტივად რომ ვთქვათ, ჭრილობა არსებობს, მაგრამ სტანდარტულ მკურნალობას არ ექვემდებარება და ცოტა განსხვავებული მიდგომა სჭირდება“, — განმარტავს გასტროენტეროლოგი.
ანუ პაციენტის ჩივილები რეალურია — მას ნამდვილად შეიძლება აწუხებდეს გულისრევა, შებერილობა, ნაწლავთა მოქმედების დარღვევა ან სხვა სიმპტომები. განსხვავება ისაა, რომ მათი მიზეზი ყოველთვის კუჭისა თუ ნაწლავის ხილული, სტრუქტურული დაზიანება არ არის.
ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ გასტროენტეროლოგიური მკურნალობა საკმარისი არ არის და პრობლემის მართვაში ფსიქიატრის დახმარებაც ხდება საჭირო. გიგა სორდიას თქმით, დასავლეთში ასეთი კომბინირებული მიდგომა მიღებული პრაქტიკაა, საქართველოში კი მას თანდათან უფრო ხშირად მიმართავენ.
„ნამდვილად აპრობირებული მეთოდია და დასავლეთში მიღებულია. ჩვენთანაც ნელ-ნელა იხსნება ფსიქიატრთან დაკავშირებული სტიგმა.
ზოგჯერ, როდესაც პაციენტს ამას ვთავაზობთ, ძალიან მორიდებულად ვეუბნებით და ვცდილობთ, შეურაცხყოფილად არ იგრძნოს თავი. ზოგი შეიძლება ამას ასე აღიქვამდეს. ამიტომ ძალიან მოზომილად ვცდილობთ ამ საკითხზე საუბარს, მაგრამ თუ ჩვენი კოლეგები არ დაგვეხმარნენ, შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა გაგვიჭირდეს“, — ამბობს გიგა სორდია.
გასტროენტეროლოგი ყურადღებას კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე — ძილზე ამახვილებს. მისი თქმით, ფუნქციურ დარღვევებს ხშირად ძილის პრობლემებიც ახლავს.
„ასეთი დაავადებები ძალიან ბევრია და ხშირად ისინი კავშირშია ძილის დარღვევასთან. დღეს თბილისში თუ მთლიანად საქართველოში, თუ რამეს შეიძლება არაკოვიდური პანდემია ვუწოდოთ, ერთ-ერთი ძილის დარღვევების პანდემიაა“, — ამბობს ექიმი.
მისივე თქმით, ადამიანების ნაწილი გვიან დაძინებას პრობლემად საერთოდ აღარ აღიქვამს და მხოლოდ იმას აქცევს ყურადღებას, ჯამში რამდენი საათი ეძინა.
„ადამიანებს ნორმალურად მიაჩნიათ ღამის პირველ-ორ საათზე დაძინება, ზოგი კი კიდევ უფრო გვიან იძინებს. შემდეგ არგუმენტად მოჰყავთ: იცით, გიგა ექიმო, მე შვიდი-რვა საათი მეძინა. მაგრამ მხოლოდ ის არ არის მნიშვნელოვანი, რამდენ ხანს გძინავს — მნიშვნელოვანია, როდის გძინავს“, — აღნიშნავს გიგა სორდია.
ექიმის განმარტებიდან გამომდინარე, კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი ხანგრძლივი ჩივილის შემთხვევაში პრობლემის მხოლოდ უშუალოდ კუჭსა და ნაწლავში ძებნა შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. ფუნქციური დარღვევების მართვისას მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის, ემოციური მდგომარეობისა და ძილის რეჟიმის გათვალისწინებაც, ხოლო საჭიროების შემთხვევაში — სხვადასხვა სპეციალისტის ერთობლივი მუშაობა.