გოგონას გარდატეხის ასაკში სხეულის ცვლილებები ხშირად გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე მშობელი ამისთვის მზად არის. მკერდის ზრდაც ინდივიდუალური პროცესია — ზოგთან ცვლილებები საკმაოდ ადრე შესამჩნევი ხდება, ზოგთან კი რამდენიმე წლით გვიან. ამ პერიოდში ერთ-ერთი პრაქტიკული საკითხი პირველი ბიუსტჰალტერის შერჩევაა.
ზუსტი ასაკი, როდესაც გოგონამ ბიუსტჰალტერის ტარება უნდა დაიწყოს, არ არსებობს. მთავარი ორიენტირი მკერდის განვითარების ეტაპი, ბავშვის კომფორტი და სურვილია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორად იყოს შერჩეული — არ უჭერდეს, მოძრაობას არ ზღუდავდეს და მოზარდს საკუთარი სხეულის გამო უხერხულობის განცდას არ უჩენდეს.
გოგონებში მკერდის განვითარება სქესობრივი მომწიფების ერთ-ერთი პირველი ნიშანია. საშუალოდ ეს პროცესი დაახლოებით 10–11 წლის ასაკში იწყება, თუმცა ნორმის ფარგლები საკმაოდ ფართოა და განვითარება შეიძლება უფრო ადრეც ან გვიანაც დაიწყოს.
შესაბამისად, პირველი ბიუსტჰალტერის შეძენაც კონკრეტულ დაბადების დღეს არ უნდა მივაბათ. ზოგ გოგონას ის 10 წლის ასაკში სჭირდება, ზოგს — მოგვიანებით. ზოგისთვის კი მკერდის განვითარების საწყის ეტაპზე ჩვეულებრივი რბილი ტოპი სრულიად საკმარისია.
მშობელმა პირველ რიგში თავად ბავშვის სურვილს უნდა მიაქციოს ყურადღება. თუ გოგონას მაისურის ქვეშ მკერდის გამოჩენა უხერხულობას უქმნის, სპორტის დროს დისკომფორტს გრძნობს ან უბრალოდ სურს ბიუსტჰალტერის ტარება, უარის თქმა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ „ჯერ პატარაა“, საჭირო არ არის.
ამ ასაკში სხეულის ცვლილებების მიმართ ზედმეტმა ყურადღებამ ან ხუმრობამ შეიძლება მოზარდს უხერხულობა გაუჩინოს. ზოგჯერ გოგონები მკერდის დამალვის მიზნით მოხრილებიც კი დადიან. ამიტომ ამ საკითხზე საუბარი უმჯობესია მშვიდად, ზედმეტი აქცენტებისა და შერცხვენის გარეშე.
თუ სარძევე ჯირკვლების ზრდა 8 წლამდე იწყება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას სქესობრივი მომწიფების სხვა ნიშნებიც ახლავს, ჯობს, პედიატრთან ან ბავშვთა ენდოკრინოლოგთან გაიაროთ კონსულტაცია.
ამასთან, მხოლოდ მკერდის ადრეული განვითარება ყოველთვის დარღვევებს არ ნიშნავს. ზოგჯერ გვხვდება ე.წ. ნაადრევი ტელარქე — სარძევე ჯირკვლის იზოლირებული განვითარება სხვა პუბერტატული ნიშნების გარეშე.
მკერდის ზრდის პერიოდში შესაძლებელია მგრძნობელობა და მსუბუქი ტკივილიც. ასევე საკმაოდ ხშირია, რომ ერთი მკერდი მეორეზე ოდნავ ადრე იწყებს განვითარებას. თუმცა ძლიერი ტკივილის, მკვეთრი შეშუპების, გამონადენის ან სხვა უჩვეულო ცვლილების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია საჭიროა.

პირველი ბიუსტჰალტერის მთავარი დანიშნულება კომფორტია. განვითარების საწყის ეტაპზე ხშირად ყველაზე მოსახერხებელია რბილი ტოპის, ბრალეტის ან მოკლე მაისურის ტიპის მოდელი.
უმჯობესია შეირჩეს რბილი, კანისთვის სასიამოვნო და ჰაერგამტარი ქსოვილი. ბუნებრივი ბოჭკოების მაღალი შემცველობა კარგი არჩევანია, თუმცა მხოლოდ „100% ნატურალური ქსოვილის“ მოთხოვნა აუცილებელი არ არის — თანამედროვე სპორტულ ქსოვილებსაც შეიძლება კარგი ჰაერგამტარობა და ტენის გამოდევნის უნარი ჰქონდეს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი ზომა. ქვედა რეზინი არ უნდა იჭრებოდეს კანში, ბრეტელები არ უნდა ტოვებდეს ღრმა კვალს და არ უნდა ზღუდავდეს სუნთქვასა და მოძრაობას.
თუ დღის ბოლოს კანზე ღრმა წითელი კვალი რჩება, გოგონას უჭირს თავისუფლად მოძრაობა ან მუდმივად ცდილობს ბიუსტჰალტერის გასწორებას, დიდი ალბათობით, ზომა ან მოდელი არასწორადაა შერჩეული.
მოზარდები სწრაფად იზრდებიან, ამიტომ რამდენიმე თვის წინ კარგად მორგებული ბიუსტჰალტერი შეიძლება მალე პატარა გახდეს.
პირველი ბიუსტჰალტერისთვის ასეთი მოდელები ხშირად უბრალოდ ზედმეტია. თუ კარკასი აწვება განვითარებად და მგრძნობიარე მკერდს, შეიძლება ტკივილი, გაღიზიანება და დისკომფორტი გამოიწვიოს. ამიტომ საწყის ეტაპზე რბილი, უკარკასო მოდელი უმეტეს შემთხვევაში უფრო კომფორტული არჩევანია.
Push-up-იც ჯანმრთელობის თვალსაზრისით ავტომატურად „აკრძალული“ არ არის, თუმცა ბავშვისთვის პირველი საცვლის შერჩევისას პრაქტიკული საჭიროება ნაკლებად აქვს.

კლასიკური ბიუსტჰალტერის ზომა ორი მაჩვენებლისგან შედგება. მაგალითად, 70A-ში 70 აღნიშნავს მკერდქვეშა გარშემოწერილობასთან დაკავშირებულ ზომას, A კი — ფინჯნის ზომას.
საჭიროა ორი გაზომვა:
ამ ორი მაჩვენებლის სხვაობა ფინჯნის ზომის შერჩევაში გვეხმარება. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: სხვადასხვა მწარმოებლის ზომები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ მხოლოდ სანტიმეტრებით გამოთვლილ ზომაზე დაყრდნობა არ ღირს — ბიუსტჰალტერი აუცილებლად უნდა მოიზომოს, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს.
სპორტული ტოპების შემთხვევაში არჩევანი ხშირად უფრო მარტივია: ზომა შეიძლება მითითებული იყოს ბავშვის სიმაღლის ან ტანსაცმლის სტანდარტული ზომის მიხედვით. აქაც მთავარი კრიტერიუმია, რომ ტოპი სხეულზე მყარად იჯდეს, მაგრამ არ უჭერდეს.
კარგად მორგებული პირველი ბიუსტჰალტერი ბავშვს თითქმის არ უნდა აწუხებდეს. ქვედა ნაწილი მყარად უნდა იჯდეს, მაგრამ კანში არ იჭრებოდეს; ბრეტელები მხრებიდან არ უნდა ცურდებოდეს და არც ღრმა კვალს ტოვებდეს; მკერდი მთლიანად უნდა თავსდებოდეს საცვალში და ქსოვილი არ უნდა იკეცებოდეს ან ზედმეტად იჭიმებოდეს.
სპორტისთვის შეიძლება უფრო მჭიდროდ მორგებული ტოპი იყოს საჭირო, განსაკუთრებით სირბილისა და ხტუნვის დროს, მაგრამ მანაც თავისუფალი სუნთქვისა და მოძრაობის საშუალება უნდა დატოვოს.

მშობლის დამოკიდებულებას ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბავშვს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მის სხეულში მიმდინარე ბუნებრივი ცვლილება უხერხული, სასაცილო ან დასამალი რამაა.
თუ გოგონა თავად ითხოვს ბიუსტჰალტერს, სასურველია მის არჩევაშიც მიიღოს მონაწილეობა — შეარჩიოს მისთვის მოსაწონი ფერი, ფორმა და მოდელი იმ ვარიანტებიდან, რომლებიც კომფორტული და ზომით შესაფერისია.
და პირიქით, მხოლოდ იმიტომ, რომ მკერდმა ზრდა დაიწყო, ბიუსტჰალტერის ტარება სავალდებულო არ არის. თუ გოგონას მის გარეშე კომფორტულად გრძნობს თავს, სამედიცინო მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა ატაროს, არ არსებობს.
პირველი ბიუსტჰალტერის შერჩევის საუკეთესო დრო სწორედ მაშინაა, როდესაც ის ბავშვს რეალურად სჭირდება.
არ არსებობს მკერდის კონკრეტული ზომა ან სანტიმეტრებში განსაზღვრული მაჩვენებელი, რომლის შემდეგაც ბიუსტჰალტერის ტარება ავტომატურად სავალდებულო ხდება. თუმცა მკერდის ზრდასთან ერთად მისი მხარდაჭერის საჭიროებაც, როგორც წესი, იზრდება.
თუ მკერდი ჯერ მცირე ზომისაა, მოზარდს შესაძლოა მხოლოდ რბილი ტოპი ან ბრალეტი ეყოს, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ არ დასჭირდეს დამატებითი მხარდაჭერა. უფრო დიდი და მძიმე მკერდის შემთხვევაში კი კარგად მორგებული ბიუსტჰალტერი პრაქტიკულად მნიშვნელოვანია: ის მკერდს მოძრაობისას აფიქსირებს, ამცირებს რხევას და ფიზიკური აქტივობისას მეტ კომფორტს ქმნის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაბამისი მხარდაჭერა სპორტისა და აქტიური მოძრაობის დროს. ამ შემთხვევაში არჩევანი მხოლოდ მოზარდის სურვილზე კი არა, მკერდის ზომაზე, მოძრაობისას მის ქცევასა და საჭირო მხარდაჭერის ხარისხზეც უნდა იყოს დამოკიდებული.
ამასთან, ბიუსტჰალტერი მკერდის „სწორად გაზრდისთვის“ აუცილებელი არ არის და მისი არტარება თავისთავად მკერდს არ აფუჭებს. მთავარი სწორად შერჩეული ზომა და კომფორტია — ბიუსტჰალტერი არ უნდა უჭერდეს, კვალს ტოვებდეს ან მოძრაობასა და სუნთქვას ზღუდავდეს.