BTU-მ შექმნა ქართული ცოდნის ციფრული ბანკი, იმ მიზნით, რომ ხელოვნური ინტელექტისა და სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიური მოდელებისთვის საქართველოს შესახებ ინფორმაცია - ქვეყნის ეკონომიკა, ბიზნესი, ადამიანები, რეგიონები და კულტურული კონტექსტი, უკეთ იქნას გაანალიზებული.
ცოდნის ბანკი არის ქართული მონაცემების, ანალიტიკისა და ინფორმაციის დიდი ციფრული საცავი, რომელიც აერთიანებს BTU-ს მიერ სხვადასხვა სფეროში დაგროვილ ცოდნას, საქართველოს სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის, სტატისტიკური მონაცემების, კომპანიების, ინდუსტრიების, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების და ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
BTU-ს დამფუძნებელი მიხეილ ბატიაშვილი განმარტავს, რომ ცოდნის ბანკი მოიცავს ინფორმაციას, რომელიც არა მხოლოდ ინტერნეტსივრცეში, ღია წყაროებში იძებნება, არამედ აერთიანებს საარქივო მონაცემებს, დახურულ სამეცნიერო ბაზებში არსებულ კვლევით პუბლიკაციებსა და ანალიტიკურ მასალას.
„მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანი ხდება ხელოვნური ინტელექტი როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. მას ჩვენს ქვეყანაში უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ყოველდღიური მომხმარებელი ჰყავს, თუმცა მასში საქართველოს შესახებ ინფორმაცია საკმაოდ დეფიციტურია. სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტა განიზრახა BTU-მ და შექმნა ქართული ცოდნის დიდი ბანკი, რომელიც საქართველოს შესახებ სრულ ინფორმაციას მოიცავს. ეს შეეხება ქვეყნის ისტორიას, გეოგრაფიას, კულტურას, ეკონომიკას, ბიზნესს, მოსახლეობასა და ყოველდღიურ მოვლენებს. იგი 7 მილიარდზე მეტ საინფორმაციო ერთეულს შეადგენს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ემატება ახალი მონაცემები. ინფორმაცია, რომელიც ბანკში თავსდება, მრავალმხრივ მოწმდება. ხდება წყაროების ერთმანეთთან შედარება, გადამოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ იტვირთება სისტემაში. თითოეული მონაცემი რამდენიმედონიან ფილტრს გადის. განთავსების შემდეგაც გრძელდება ტესტირების პროცესი,“ - აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.
ქვეყნის უმსხვილესი ციფრული ცოდნის ბანკი უკვე აერთიანებს 7 მილიარდამდე ტოკენის მოცულობის ქართულენოვან რესურსს, რაც დაახლოებით 14 მილიონი წიგნის ექვივალენტია. აგრეთვე, ბანკი აერთიანებს 1 მილიონამდე კვლევით შედეგს, მოიცავს სამეცნიერო პუბლიკაციებს, კვლევებს, ანალიტიკურ მასალებს, ბიზნესისა და ეკონომიკის ლიტერატურას, გაციფრულებულ საარქივო დოკუმენტებს, საგანმანათლებლო რესურსებსა და სხვა მონაცემებს, რომლებიც AI სისტემების მუშაობისთვის არის საჭირო. მონაცემთა ეს მასშტაბი საშუალებას იძლევა, ხელოვნურმა ინტელექტმა საქართველოს შესახებ ინფორმაცია აღიქვას არა ზედაპირულად, არამედ მისი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.
BTU-ს რექტორის ნინო ენუქიძის განმარტებით, ცოდნის ბანკში არსებული რესურსი ყველა მსურველისთვის ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი.
„ეს არის ციფრული ცოდნის ბანკი, რომელიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი სხვადასხვა დარგის სპეციალისტისთვის, არა მხოლოდ განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის, არამედ ცალკეულ ინდუსტრიებში დასაქმებული პროფესიონალებისთვისაც, რომელთაც საქართველოს შესახებ ამომწურავი, ვალიდური, გადამოწმებული და სწორი მონაცემების მიღება სურთ. ცოდნის ბანკში არსებული ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელია უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, რაც აგრეთვე მოიაზრებს ცალკეულ სექტორებთან პარტნიორობას. უკვე დავიწყეთ მუშაობა სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან, რათა ჩვენი რესურსი გავუზიაროთ. ეს ბაზა ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველა სპეციალისტისთვის, ვისაც საკუთარი, გამართული და მეტად ინფორმირებული AI მოდელების შექმნის სურვილი ექნება. პროცესი უკვე დაწყებულია, ოქტომბერში სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ვიწყებთ და ცოდნის ბანკში არსებული რესურსი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება,“ - განმარტავს ნინო ენუქიძე.
BTU-ს შეფასებით, ამგვარი ცოდნის ბანკის გამოყენებით, საქართველოს შესახებ ხელოვნური ინტელექტის მოდელების ცოდნა და კონტექსტური გაგება მნიშვნელოვნად უმჯობესდება. შედეგად, AI-ს შეუძლია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე უფრო ღრმა, ზუსტი და პრაქტიკული პასუხების მომზადება, ვიდრე მხოლოდ ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით.
პროექტის მიზანია, მომავალმა AI აგენტებმა, ციფრულმა ასისტენტებმა, ანალიტიკურმა სისტემებმა და თანამედროვე ტექნოლოგიურმა მოდელებმა უფრო გამართულად იმუშაონ ქართული რეალობის კონტექსტში, განათლების, ბიზნესის, კვლევების, მედიის, საჯარო სერვისების და სხვა მიმართულებებით.
BTU ამ პროექტით ქმნის არა მხოლოდ მონაცემთა საცავს, არამედ ქართული ცოდნის ციფრულ ინფრასტრუქტურას - საფუძველს იმისა, რომ მომავალმა ტექნოლოგიებმა საქართველოს შესახებ მეტი იცოდნენ, უკეთ გააანალიზონ ინფორმაცია და ადამიანებს ქართული კონტექსტის გათვალისწინებით უფრო ეფექტურად გაუწიონ მხარდაჭერა.
R