ქართველი მოსწავლეების შედეგები მათემატიკაში, წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაუმჯობესდა - ამას PISA 2025 წლის ახლად გამოქვეყნებული მონაცემები ადასტურებს. აშკარა წინსვლაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში. თუმცა, გაუმჯობესების მიუხედავად, სამივე მიმართულებით საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს, ხოლო წაკითხულის გააზრებაში მოსწავლეთა უმრავლესობა ჯერ კიდევ ვერ აღწევს საბაზისო კომპეტენციის დონეს. მეტიც, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2015 წლის კვლევის შემდეგ, იმ მონაწილეთა რიცხვი, რომელიც მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს წაკითხულის გააზრებაში, 9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
რას ნიშნავს ეს შედეგები, ვინ და როგორ ამოწმებს მოსწავლეებს და რაზე მეტყველებს ეს ციფრები?
PISA ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, OECD-ის საერთაშორისო კვლევაა.
პროგრამა 2000 წლიდან ტარდება და მისი მთავარი მიზანია არა იმის შემოწმება, რამდენად კარგად იცის მოსწავლემ კონკრეტული ქვეყნის სასკოლო სახელმძღვანელო ან პროგრამა, არამედ იმის დადგენა, რამდენად შეუძლია მიღებული ცოდნის რეალურ სიტუაციაში გამოყენება.
PISA ძირითადად სამ სფეროს აფასებს: წაკითხულის გააზრებას, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
საქართველო PISA-ში პირველად 2010 წელს ჩაერთო — ე.წ. PISA 2009+ ციკლში. შემდეგ ქვეყანა მონაწილეობდა 2015, 2018, 2022 და 2025 წლების კვლევებში. PISA-ს საერთაშორისო დონეზე OECD ატარებს, საქართველოში კი კვლევის ორგანიზებას ამჟამად საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER) ახორციელებს. წინა ციკლებში ამ პროცესში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) იყო ჩართული.
PISA კონკრეტული კლასის გამოცდა არ არის. კვლევისთვის მთავარი კრიტერიუმი ასაკია.
შეფასებაში მონაწილეობენ დაახლოებით 15 წლის მოსწავლეები, რომლებიც მე-7 ან უფრო მაღალ კლასში სწავლობენ. ამიტომ კვლევა კონკრეტული კლასის ცოდნას კი არ ამოწმებს, არამედ ერთი ასაკობრივი ჯგუფის უნარებს აფასებს.
PISA ჩვეულებრივი სასკოლო გამოცდა არ არის. მოსწავლეს შეიძლება შეხვდეს როგორც არჩევითპასუხიანი, ისე ისეთი დავალება, რომელზეც პასუხი თვითონ უნდა ჩამოაყალიბოს.
ტესტი ამოწმებს, მაგალითად, შეუძლია თუ არა მოსწავლეს ტექსტიდან მთავარი აზრის ამოცნობა და ინფორმაციის მოძიება; რეალური სიტუაციის მათემატიკურად წარმოდგენა; მონაცემების გამოყენებით დასკვნის შეფასება; ნაცნობი სამეცნიერო მოვლენის ახსნა; რთული პრობლემის გაანალიზება და ცოდნის პრაქტიკულ სიტუაციაში გამოყენება.
2025 წელს თითოეული მოსწავლე დაახლოებით ორსაათიან ტესტს ასრულებდა და ორ სფეროში ფასდებოდა. სხვადასხვა მოსწავლეს სხვადასხვა დავალება და საგნების განსხვავებული კომბინაცია ხვდებოდა. დამატებით ისინი დაახლოებით 35-წუთიან კითხვარს ავსებდნენ საკუთარ ოჯახზე, სკოლაზე, სწავლის გამოცდილებაზე, დამოკიდებულებებსა და სხვა გარემოებებზე.
ახალი მონაცემების მიხედვით, საქართველომ სამივე ძირითად მიმართულებაში გააუმჯობესა 2022 წლის შედეგი.
ყველაზე დიდი ზრდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაფიქსირდა:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები — 384 ქულიდან 422 ქულამდე, მათემატიკა — 390 ქულიდან 416 ქულამდე, წაკითხულის გაააზრება — 374 ქულიდან 384 ქულამდე გაიზარდა.
მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 2025 წლის შედეგი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: OECD-ის მიხედვით, ამ ორ სფეროში ქვეყანამ წინა PISA ციკლებთან შედარებით საკუთარი შედეგებიდან ყველაზე მაღალი ქულა დაიმსახურა.
წაკითხულის გააზრებაში მდგომარეობა განსხვავებულია. 2022 წელთან შედარებით 10-ქულიანი ზრდის მიუხედავად, საქართველომ ჯერ კიდევ ვერ დაიბრუნა 2015 წლის მაჩვენებელი. 2015 წელს კითხვაში საშუალო შედეგი 401 ქულა იყო, 2018 წელს — 380, 2022 წელს — 374, ხოლო ახლა — 384.
მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რამდენი მოსწავლე აღწევს ე.წ. Level 2-ს — PISA-ს მიერ განსაზღვრულ მინიმალურ, საბაზისო კომპეტენციის დონეს.
2022 წელს მათემატიკაში ამ დონეს ან უფრო მაღალს ქართველი მოსწავლეების მხოლოდ 34% აღწევდა. 2025 წელს მათი წილი 47%-მდე გაიზარდა.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცვლილება კიდევ უფრო დიდია — 35%-დან 55%-მდე.
წაკითხულის გააზრებაში კი მაჩვენებელი 33%-დან 39%-მდე გაიზარდა, თუმცა 2015 წელს ის 48% იყო.
Level 2 კითხვაში ნიშნავს, რომ მოსწავლეს, სხვა უნარებთან ერთად, შეუძლია საშუალო მოცულობის ტექსტის მთავარი აზრის ამოცნობა, გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით ინფორმაციის პოვნა და მითითების შემთხვევაში ტექსტის მიზანსა და ფორმაზე დაფიქრება. საქართველოში ამას ან უფრო რთულ დავალებებს 15 წლის მოსწავლეების მხოლოდ 39% უმკლავდება. OECD-ის საშუალო კი 69%-ია.
სურათი კიდევ უფრო მკაფიო ხდება, თუ PISA-ს ყველაზე მაღალ — მე-5 და მე-6 — დონეებს შევხედავთ. ამ მონაცემებით საქართველო მაღალი აკადემიური მიღწევების მქონე ქვეყნების ჯგუფისგან ჯერ ისევ შორსაა.
2025 წელს მათემატიკაში ამ დონეს ქართველი მოსწავლეების დაახლოებით 2% აღწევს, მაშინ როდესაც OECD-ის საშუალო 8%-ია.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში უმაღლესი დონის მოსწავლეები საქართველოში დაახლოებით 1% არიან, OECD-ის საშუალო კი 7%-ია.
კითხვაში მე-5 ან უფრო მაღალ დონეს საქართველოში თითქმის არცერთი მოსწავლე არ აღწევს, მაშინ როდესაც OECD-ის საშუალო 6%-ია.
იხილეთ საქართველო PISA-ს საერთო რეიტინგებში
საქართველოს განათლების კვლევების ეროვნული ცენტრი PISA 2025-ის შედეგების შეჯამებისას პირდაპირ მიუთითებს, რომ პროგრესი ძირითადად დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილის შემცირებას უკავშირდება.2022 წელს მათემატიკაში მოსწავლეთა დაახლოებით ორი მესამედი საბაზისო დონესაც ვერ აღწევდა. 2025 წელს ეს წილი მნიშვნელოვნად შემცირდა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზისო დონეს მიღწეული მოსწავლეების წილი 35%-დან 55%-მდე გაიზარდა.