ბელგიის სამეფო ოჯახში ათწლეულების განმავლობაში გავრცელებული ხმები ოფიციალურად დადასტურდა. ბელგიის მეფე ფილიპის უმცროსმა ძმამ, 62 წლის პრინცმა ლორანმა, 26 წლის კლემან ვანდენკერკჰოვე საკუთარ ბიოლოგიურ შვილად ოფიციალურად აღიარა. ახალგაზრდა, რომელიც სამეფო ოჯახისგან შორს, ჩვეულებრივ ოჯახში გაიზარდა და დღეს რესტორნის სამზარეულოში მუშაობს, ამ გადაწყვეტილების შედეგად ბელგიის პრინცის ტიტულს მიიღებს.
ბელგიური გამოცემა Soir Mag-ის ინფორმაციით, პრინცი ლორანი და კლემან ვანდენკერკჰოვე 2026 წლის თებერვალში ერთად მივიდნენ სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის სამსახურში და მამა-შვილობა ოფიციალურად გააფორმეს. ამის შესახებ საზოგადოებისთვის მაშინ არ უცნობებიათ და ინფორმაცია მედიაში მხოლოდ აგვისტოში გავრცელდა.
იურიდიული აღიარების შედეგად კლემანი ბელგიის პრინცი ხდება და მას „მისი სამეფო უმაღლესობით“ მიმართვის უფლება ეძლევა. ამასთან, მამის ქონების მემკვიდრეობისას მას ისეთივე უფლებები ექნება, როგორიც ლორანის ქორწინებაში დაბადებულ შვილებს.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კლემანი სახელმწიფოსგანაც მიიღებს სამეფო დაფინანსებას . მას არც სამეფო მოვალეობები ეკისრება და არც ბელგიის ტახტის მემკვიდრეთა რიგში ხვდება. ლიეჟის უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორ კრისტიან ბერენდტის განმარტებით, ტახტის მემკვიდრეობის უფლებისთვის აუცილებელია, პირი დაბადებული იყოს ქორწინებაში, რომელიც მთავრობის მიერ იყო აღიარებული.
კლემანს შეუძლია სამეფო გვარიც მიიღოს და ვან საქსენ-კობურგი გახდეს, თუმცა ამის გაკეთებას არ აპირებს.
„მე ვამაყობ ვანდენკერკჰოვეს გვარით. ამ გვარზე უარის თქმა ღალატი იქნებოდა ყველაფრისა, რაც დედამ ჩემთვის გააკეთა“, — ამბობს ის.
კლემანის დედა ირის ვანდენკერკჰოვეა, ბელგიელი მომღერალი და მსახიობი, რომელსაც საზოგადოება უფრო მეტად სასცენო სახელით — ვენდი ვან ვანტენი — იცნობს.
ის და პრინცი ლორანი ერთმანეთს პარიზში, მოდის ჩვენებაზე შეხვდნენ. მათი ურთიერთობის შესახებ ცნობები მოგვიანებით ბელგიურ პრესაშიც გავრცელდა. წყაროში მოყვანილი სამეფო ექსპერტების მონათხრობის თანახმად, ლორანის მამა, მაშინდელი მეფე ალბერტ II, ამ ურთიერთობით უკმაყოფილო იყო. წყვილი საბოლოოდ დაშორდა.
2000 წლის 16 აგვისტოს ირისს ვაჟი შეეძინა. ბავშვს კლემანი დაარქვეს, რამაც მაშინვე გააძლიერა პრესაში არსებული ეჭვები: პრინც ლორანის ვილას „კლემენტინა“ ერქვა.
თუმცა იმ დროს მედიას ბავშვის მამობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ ჰქონდა და ამბავი წლების განმავლობაში მხოლოდ ვარაუდად რჩებოდა.
კლემანი ჩვეულებრივ ოჯახში გაიზარდა. დედა მას თავდაპირველად მარტო ზრდიდა, მოგვიანებით კი მის აღზრდაში დედის ახალი მეუღლეც ჩაერთო.
მან გრაფიკული დიზაინი ისწავლა, სკოლის შემდეგ ავტოსალონში მუშაობდა, დღეს კი რესტორნის სამზარეულოში მუშაობს. სამომავლოდ უძრავი ქონების სფეროში საქმიანობას გეგმავს.
კლემანის თქმით, საკუთარი წარმომავლობის შესახებ სიმართლე მხოლოდ 16 წლის ასაკში გაიგო. დედამ უთხრა: „შენი მამა პრინცია“ და ლორანის ტელეფონის ნომერიც მისცა.
თუმცა მამასთან დარეკვა მან მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაბედა. თავდაპირველად ზარს არავინ უპასუხა, რამდენიმე წუთში კი თავად პრინცმა გადმოურეკა.
კლემანი იხსენებს, რომ ეს მომენტი დღემდე დეტალურად ახსოვს. როცა ტელეფონის ეკრანზე მამის სახელი დაინახა და უპასუხა, უთხრა: „ეს კლემანია“. ლორანმა კი ჰკითხა: „როგორ ხარ, კლემან?“

შემდეგ პრინცმა შვილს დნმ-ის ტესტის გაკეთება შესთავაზა და კლინიკაშიც მასთან ერთად წავიდა.
„მახსოვს, მითხრა: მე პირველი შევალ, რომ შენ თავი მშვიდად იგრძნო“, — იხსენებს კლემანი.
დნმ-ის ტესტმა მათი ბიოლოგიური ნათესაობა დაადასტურა. ამის შემდეგ მამა-შვილმა ურთიერთობა დაიწყო, თუმცა დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში ამას საზოგადოებისგან მალავდნენ.
წყაროს თანახმად, ამბავი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა პრინც ლორანის მეუღლისთვის, პრინცესა კლერისთვის. მან ქმრის ქორწინების გარეშე დაბადებული შვილის არსებობის შესახებ მანამდეც იცოდა, თუმცა საკითხის საჯაროდ გახმაურებას ერიდებოდა. 2025 წლის მიწურულიდან კლერი ოფიციალურ ღონისძიებებზე იშვიათად ჩნდებოდა.
ბელგიური მედიის წყაროები ასევე წერენ, რომ არისტოკრატიულ წრეებში კლემანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას საკმაოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
თავად კლემანისთვის კი ცხოვრება გარეგნულად დიდად არ შეცვლილა: ახალგაზრდა, რომელსაც ახლა ბელგიის პრინცის ტიტულისა და მამის ქონების ნაწილის მემკვიდრეობის უფლება აქვს, კვლავ ჩვეულებრივ სამსახურში მუშაობს და სამომავლო გეგმებს აწყობს.
მისი პარტნიორი, გვადალუპე ბორერო ფერეირაც, სამეფო სამყაროსგან შორსაა — ის სუპერმარკეტის საცხობში მუშაობს. წყვილმა ერთმანეთი შემთხვევითი ვიდეოჩატების პლატფორმა Omegle-ზე გაიცნო. თავდაპირველად გოგონამ არც ის იცოდა, რომ კლემანის დედა ცნობილი მომღერალი იყო და არც ის, რომ მისი მამა — ბელგიის მეფის ძმაა.