ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, რომელიც მამამ უარყო, ახალ კამპანიაში AI-ს უპირისპირდება -  „ის დასამორჩილებლად შეიქმნა. მე — არა“ (ვიდეო) - მშობლები

ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, რომელიც მამამ უარყო, ახალ კამპანიაში AI-ს უპირისპირდება -  „ის დასამორჩილებლად შეიქმნა. მე — არა“ (ვიდეო)

2026-09-11 10:34:19+04:00

ილონ მასკის 22 წლის ქალიშვილი, ვივიენ ჯენა უილსონი (წარსულში ცნობილი, როგორც მასკის ვაჟი - ქსავიე ალექსანდრ მასკი) ესპანური მოდის ბრენდის Desigual-ის 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კამპანიის მთავარი სახე გახდა. კამპანიას სიმბოლური სახელწოდება აქვს — „Born to Disobey“ („დაბადებული დაუმორჩილებლობისთვის“).

რეკლამა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოდის კამპანიაა, თუმცა მისი მთავარი იდეა გაცილებით მეტია, ვიდრე ტანსაცმლის წარმოჩენა. უილსონი კამპანიაში ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის ურთიერთობას თამაშის, ირონიისა და პროვოკაციის გზით აჩვენებს — და სწორედ აქ ჩნდება განსაკუთრებით საინტერესო პარალელი მის მამასთან.

კამპანიის ვიდეოში უილსონის „პარტნიორი“ არის ჰუმანოიდი რობოტი DESI 84, რომელიც ყოველდღიური საქმეების შესასრულებლადაა შექმნილი. თუმცა უილსონი მას ჩვეულებრივ პირობებში მუშაობის საშუალებას არ აძლევს. პირიქით — რობოტს ისეთ სიტუაციებში ამყოფებს, რომლებიც მისი პროგრამირების ფარგლებს სცდება. რობოტს სხვადასხვა უცნაურ დავალებას აძლევს, დასცინის ბრენდის სახელის არასწორად წარმოთქმით, იყენებს მას გოლფის თამაშისას, მებაღედ და შინაურ ცხოველადაც კი. საბოლოოდ, თითქოს „გაფუჭებულ“ რობოტს ფეხებით მიათრევს.

ვიდეოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა სწორედ ამ მომენტში ჟღერს:„ის შექმნილია იმისთვის, რომ დაემორჩილოს. მე — არა.“

შემდეგ კი მოდის კიდევ ერთი წინადადება, რომელიც კამპანიის მთელ იდეას აჯამებს:„ზოგი რამ უბრალოდ არ არის შექმნილი შესაკეთებლად.“

რატომ არის სწორედ ვივიენი ამ კამპანიის სახე?

აქ რეკლამა გაცილებით საინტერესო ხდება. ვივიენი ილონ მასკის უფროსი შვილია, თუმცა მამასთან წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა აქვს. ის ტრანსგენდერი ქალია და 2020 წელს საჯაროდ ისაუბრა საკუთარი გენდერული იდენტობის შესახებ. 2022 წელს ოფიციალურად შეიცვალა სახელი და გვარი, რითაც მამის გვარისგან დისტანცირება კიდევ უფრო მკაფიო გახადა.მასკმა თავის შვილთან ურთიერთობაზე საჯაროდ არაერთხელ გააკეთა მკაცრი განცხადებები. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა, რომელიც მან მოგვიანებით გამოიყენა, იყო, რომ მისი შვილი მისთვის მკვდარია. უილსონი კი წლების განმავლობაში საკუთარ ცხოვრებას მამისგან დამოუკიდებლად აშენებს და საჯაროდ საუბრობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა LGBTQ+ უფლებები, თვითგამოხატვა და ინდივიდუალური თავისუფლება. ამიტომ Desigual-ის კამპანიის გზავნილი — „არ დაემორჩილო“ — მის ისტორიასთან ბუნებრივად იკვეთება.

კამპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფენა კი ხელოვნური ინტელექტია. ილონ მასკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა AI-სა და რობოტიკის სფეროში. მისი კომპანიები, მათ შორის Tesla, აქტიურად ავითარებენ ჰუმანოიდულ რობოტებსა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს. ამ ფონზე მისი ქალიშვილის გამოჩენა რეკლამაში, სადაც ადამიანი განზრახ „ამარცხებს“ და დასცინის ჰუმანოიდ რობოტს, მედიისთვის ბუნებრივად იქცა ირონიულ სიმბოლოდ. რამდენიმე გამოცემამ სწორედ ეს კონტრასტი გამოყო კამპანიის მთავარ სათქმელად.

თუმცა თავად ამბობს, რომ მისი პოზიცია AI-ს მიმართ მხოლოდ მამის წინააღმდეგ მიმართულ პირად ჟესტად არ უნდა განიხილებოდეს.People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განმარტა, რომ AI-ზე საუბარი იმიტომ სურდა, რომ მისი აზრით, ტექნოლოგია კრეატიულ სფეროებში ადამიანების სამუშაოებს საფრთხეს უქმნის და გარემოზეც უარყოფითად მოქმედებს.

მისი აზრით, ხელოვნებაში ადამიანური ემოცია და განზრახვა განსაკუთრებულ როლს ასრულებს — ის, რაც ალგორითმს ადამიანივით ვერ ექნება.

vivien-1784730925.png

ცოტა ხნის წინ უილსონი თინეიჯერებისთვის განკუთვნილმა გამოცემამ teen vogue-ს სტუმარი იყო.

„...16 წლის ასაკში შევიცვალე სქესი და ამან, ფაქტობრივად, სიცოცხლე შემინარჩუნა. არ მგონია, ადამიანებს ესმოდეთ — მთელი ამ დემონიზაციის მიუხედავად, რაც ტრანსგენდერი არასრულწლოვნების გარშემო ხდება — რომ ეს რეალურად სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვაა და არ უნდა ვცდილობდეთ ამ ქვეყანაში დახმარების შეზღუდვას იმ ტრანსგენდერი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ის ასე სასოწარკვეთილად სჭირდებათ.... არ მინდა ტირილი, მაკიაჟს გამიფუჭებს, თან ასე კარგად გამიკეთეს.“ - აღნიშნა ვივიენმა.

ვივიენ ჯენა უილსონი, ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში არა როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის შვილი, არამედ როგორც დამოუკიდებელი საჯარო ფიგურა, მოდელი და სოციალური მედიის აქტიური პერსონა. ვივიენმა ტრანსგენდერ ქალად საკუთარი იდენტობა 2020 წელს გაასაჯაროვა, ხოლო 2022 წელს იურიდიულად შეიცვალა სახელი და დედის გვარი - უილსონი მიიღო. სასამართლოში შეტანილ განცხადებაში ისიც მიუთითა, რომ აღარ სურდა მამასთან რაიმე ფორმით დაკავშირება.
2025-2026 წლებში მისი კარიერა განსაკუთრებით აქტიურად განვითარდა. იგი ტოკიოში სწავლობდა, თუმცა სასწავლებელი დატოვა, ლოს-ანჯელესში დაბრუნების შემდეგ კი სამოდელო საქმიანობას მიჰყო ხელი. 2025 წელს გამოჩნდა Teen Vogue-ის გარეკანზე, მონაწილეობა მიიღო New York Fashion Week-ის ჩვენებებში, ხოლო მოგვიანებით თანამშრომლობა დაიწყო ერთ-ერთ უმსხვილეს სააგენტოსთან.
vivien-uilsoni-2-1780557245.jpgvivien-uilsoni-1-1780557259.jpgvivien-uilsoni-4-1780557341.jpgvivien-uilsoni-5-1780557275.jpg

2026 წელს მონაწილეობა მიიღო Gucci-ს ჩვენებაში მილანის მოდის კვირეულზე და ასევე გახდა Rihanna-ს ბრენდის, Savage X Fenty-ის კამპანიების ერთ-ერთი სახე. თავად ვივიენ ჯენა უილსონი აღნიშნავს, რომ სურს კარიერა საკუთარი ძალებით შექმნას და ცნობილი გვარის ჩრდილიდან გამოვიდეს.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, სხვადასხვა ინტერვიუს მიხედვით, ვივიენ ჯენა უილსონი გარკვეული პერიოდი ტოკიოში ცხოვრობდა და უცხო ენებს სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით ლოს-ანჯელესში დაბრუნდა. ის ფინანსურად დამოუკიდებლად ცხოვრობს, აქტიურია სოციალურ ქსელებში და ხშირად საუბრობს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებზე, სოციალურ თანასწორობასა და პოლიტიკურ საკითხებზე.

vivien-1789118407.png

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ვივიენს მამამისზე, ილონ მასკზე საუბარი უჭირდა. მან აღწერა, თუ როგორ გრძნობდა თავს, როდესაც მამის გვარზე უარი თქვა: „მთელი ამ ხნის განმავლობაში ვტიროდი. წლების განმავლობაში თავს ვიკავებდი და შემდეგ უბრალოდ გავუშვი. ეს ძალიან კარგი შეგრძნება იყო“. ასევე დასძინა, რომ კვლავ იღებს უსიამოვნო შეტყობინებებს, რომლებიც „ნამდვილად მტკივნეულია“.უილსონმა ასევე გაამხილა, რომ მას იმდენი ფული არ აქვს, რამდენიც ხალხს ჰგონია: „ხალხი ფიქრობს, რომ ბევრი ფული მაქვს. ასობით ათასი დოლარი არ მაქვს. დედაჩემი მდიდარია, მაგრამ ცხადია, ის (ილონ მასკი) წარმოუდგენლად მდიდარია. სამ გოგონასთან ერთად ვცხოვრობ ქირით, რადგან ეს უფრო იაფია“.

  • ილონ მასკი Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელია, რომლის ქონება 413.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. მასკი 13 შვილის მამაა (მას სულ 14 ჰყავდა, მაგრამ მისი პირმშო, პირველი ქორწინებიდან, ჩვილობის ასაკში გარდაიცვალა ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომით).

სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო, ერთხელ სიკვდილამდე სცემეს... მამა იდიოტს ეძახდა... დღეს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია - ილონ მასკის ისტორია
თეთრკანიანი მოსახლეობა გადაშენების პირასაა - ილონ მასკის სკანდალური განცხადება და დემოგრაფიული გეგმები