წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საბაკალავრო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც აერჩიათ. ამისთვის აბიტურიენტების ცნობარში როგორც უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამები, ისე პროფესიული პროგრამებია წარმოდგენილი. ასევე იქნება წარმოდგენილი მეორადი ჩარიცხვების დროსაც.
შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბევრმა აბიტურიენტმა აღნიშნა, რომ კონკრეტული უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამა ისე აირჩია, რომ საბაკალავრო პროგრამა ეგონა.
რა აბნევთ აბიტურიენტებს
პროფესიული პროგრამები საბაკალავრო პროგრამებში არ არის არეული - ცნობარში მათ ცალკე დიდი განყოფილება აქვთ. მაგრამ აბიტურიენტები მაინც იბნევიან და აი, რატომ.
საქმე ისაა, რომ უნივერსიტეტებს პროფესიული პროგრამებიც აქვთ. კონკრეტულ უნივერსიტეტს, უმაღლესი განათლების პროგრამებთან ერთად, შეუძლია ჰქონდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც. ამიტომ ერთი და იგივე დაწესებულება ცნობარში შეიძლება შეხვდეს როგორც უმაღლესი განათლების, ისე პროფესიული განათლების კონტექსტში.
მაგალითად, "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი", "აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი", "ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი" და სხვა აწერია როგორც საბაკალავრო, ასევე პროფესიულ პროგრამებსაც. აბიტურიენტი კი ხშირად არჩევანს აკეთებს დაწესებულების სახელისა და პროგრამის სახელწოდების მიხედვით. თუ ხედავს, მაგალითად, მისთვის ნაცნობ უნივერსიტეტს და მის ქვეშ მისთვის საინტერესო სპეციალობის მსგავს დასახელებას, შეიძლება ჩათვალოს, რომ უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამას ირჩევს. სინამდვილეში კი კონკრეტული ჩანაწერი შეიძლება პროფესიული პროგრამა იყოს.
მაგალითად, აბიტურიენტმა შეიძლება დაინახოს "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი" და ავტომატურად იფიქროს: "ეს ხომ უნივერსიტეტია, ე.ი. აქ რაც პროგრამაა, ბაკალავრიატია". მაგრამ ასე არ არის. ტექნიკური უნივერსიტეტი ცნობარის საბაკალავრო ნაწილშიც არის და პროფესიული პროგრამების ნაწილშიც. იგივე ხდება სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებთანაც და ამას უნდა დააკვირდეთ.
საკითხის უკეთ აღსაქმელად კიდევ რამდენიმე მაგალითს გაგიზიარებთ:
მაგალითად, საბიბლიოთეკო საქმე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაა და არა საბაკალავრო პროგრამა. ამ პროგრამასაც, ისევე, როგორც საბაკალავრო პროგრამებს, სახელმწიფო სრულად აფინანსებს, სწავლა კი 14-თვიანია.
ასევე, მაგალითად, ტვირთების ექსპედირება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამაა და არა საბაკალავრო პროგრამა. აღნიშნული პროგრამის ხანგრძლივობა 16-თვიანია და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამავე უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამაა ღონისძიების ორგანიზება. პროგრამის ხანგრძლივობა 10 თვეს შეადგენს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამაა ბუღალტრული აღრიცხვა და არა საბაკალავრო პროგრამა. პროგრამის ხანგრძლივობა 20 თვეს შეადგენს.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმზრდელის პროგრამა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამათა ჩამონათვალშია და არა საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალში. აღნიშნული პროგრამის ხანგრძლივობა 20 თვეა.
მოცემული უნივერსიტეტების და, არა მხოლოდ მათი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საკმაოდ მრავალფეროვანია.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ წელს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაუშვა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.
მეორადი ჩარიცხვისას პროგრამის არჩევის წინ ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე დეტალს:
პირველ რიგში, პროგრამის ტიპს - დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული პროგრამა სწორედ ის საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის მიღებაც გსურთ.
შემდეგ - პროგრამის სრულ დასახელებას და არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების სახელს.
ასევე, ყურადღებით გადაამოწმეთ პროგრამის კოდი, შესაბამის სისტემაში ის მითითებულია, რათა ერთმანეთისგან მსგავსი დასახელების პროგრამები არ აგერიოთ.
პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების სახელწოდება არ განსაზღვრავს პროგრამის საგანმანათლებლო საფეხურს. ანუ, თუ ჩამონათვალში უნივერსიტეტის სახელწოდებას ხედავთ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მის გვერდით მითითებული ყველა პროგრამა საბაკალავროა.
სწორედ ამიტომ, აბიტურიენტებმა მეორადი ჩარიცხვის დროს ყურადღებით უნდა წაიკითხონ არა მხოლოდ დაწესებულების, არამედ კონკრეტული პროგრამის ინფორმაცია.
ე.წ. მეორადი ჩარიცხვებისთვის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდა.
თამარ იაკობაშვილი