"შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უხ­და და შეკ­რე­ბის ად­გი­ლი­დან მო­შო­რე­ბით გა­იყ­ვა­ნა" - რას ამბობს პროკურატურა და რას აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი - მშობლები

"შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უხ­და და შეკ­რე­ბის ად­გი­ლი­დან მო­შო­რე­ბით გა­იყ­ვა­ნა" - რას ამბობს პროკურატურა და რას აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი

2026-09-11 17:55:02+04:00

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რას ამბობს დაკავებულის ადვოკატი?

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი მომხდარს "ნანობს და განიცდის“.

როგორც ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა არასრულწლოვანს ბრალი განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარედგინა, საგამოძიებო მოქმედებებში კი მისმა კოლეგა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. ფრიდონ სიხუაშვილის თქმით, დაკავებულთან შესახვედრად წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი გიორგი ძიძიგური, დაკავებულის ბებიასთან ერთად შევიდა, შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა აღნიშნულმა ადვოკატმა მიიღო, თავად კი ბრალდებულს არ შეხვედრია.

"მე არ შევხვედრივარ არასრულწლოვანს, შეხვდა მეორე ადვოკატი. მე, როგორც ვიცი, ის [ბრალდებული] ძალიან განიცდის აღნიშნულს. პირადად, რას საუბრობს, ვერ გეტყვით, მაგრამ რაც მოხდა, ნანობს და განიცდის. გამოძიება საუბრობს, რომ კამათი გადაიზარდა ჩხუბში და ჩხუბის შედეგად მოხდა ის უბედური შემთხვევა, რაც მოხდა. მოტივი არ ვიცი, არავინ არავის გასწორებია“, - განაცხადა ფრიდონ სიხუაშვილმა.

ადვოკატი უარყოფს გავრცელებული ინფორმაციას, რომ არასრულწლოვანი მის თანატოლს სადღეგრძელოს გამო გაუსწორდა. ამასთან, ფრიდონ სიხუაშვილი ვარაუდობს, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ადვოკატობაზე უარი თქვას.

"შესაძლებელია გავიდე კიდევაც ამ საქმიდან, არ ვიცი, ვნახოთ. ჯერ გავესაუბრები ჩემს კოლეგას, ვინც უშუალოდ ესწრებოდა [ბრალის წარდგენას] ამის შემდეგ შესაძლებელია დავტოვო კიდევაც საქმე.

როგორც მითხრეს თვითონ საგამოძიებო უწყებაში, მისი ოჯახის წევრები ძალიან განიცდიან და ამ უბედურებით არიან შოკში“, - განაცხადა ფრიდონს სიხუაშვილმა.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს ლოტკინის დასახლებაში 17 წლის დავით ნარიმანიძე მოკლეს.