ბოლო წლებია, არც ერთი პრესტიჟული ღონისძიება არ ჩაივლის ისე, ცნობილი ქართველი დიზაინერების - დემნა გვასალიას ან დევიდ კომას (დავით კომახიძის) სამოსით არ იწონებდეს თავს რომელიმე ვარსკვლავი და თანაც, მათი სამოსი საუკეთესოთა შორის არ დაასახელონ.
დევიდ კომას კოსტიუმით წელს ვენეციის კინოფესტივალზე ნატალია პარაგონიმ გაიბრწყინა და მისი ეფექტური ლუქი, შანელის, დიორის, ჟივანშის, მიუ მიუს და სხვა ოდითგან ცნობილი ბრენდების კაბების გვერდით, ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს.



დავით კომახიძე, რომელსაც მსოფლიო მოდის ინდუსტრია David Koma-ს სახელით იცნობს, იმ ქართველ დიზაინერთა შორისაა, რომელთა სახელიც უკვე დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა. მისი სკულპტურული, სხეულზე მორგებული და თამამი დიზაინები არაერთხელ გამოჩენილა ყველაზე ცნობილი ქალების ჩაცმულობაში — ბიონსედან ჯენიფერ ლოპესამდე, დუა ლიპადან კენდალ ჯენერამდე.







წითელი ხალიჩა მოდის სამყაროში ერთგვარი გამოცდაა. რამდენიმე წამში შეიძლება გადაწყდეს, გახდება თუ არა კონკრეტული კაბა საღამოს ყველაზე განხილვადი ლუქი. სწორედ ამ სივრცეში David Koma-ს დიზაინებმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა.
მის კაბებს ირჩევენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მომღერლები, მსახიობები და მოდელები — ადამიანები, რომელთა თითოეულ გამოჩენას მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. და ამ გლობალური სახელის უკან დგას ქართველი დიზაინერი, რომელიც თბილისში დაიბადა.
დავით კომახიძე თბილისში დაიბადა 1985 წლის 4 სექტემბერს. მამამისი ყოფილ ფეხბურთელი კოკა კომახიძეა, დედა კი - ლალი ძინიკაშვილი, პროფესიით გეოლოგი.
დავითი გაიზარდა რუსეთში - 9 წლის იყო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად სანქტ-პეტერბურგში გადავიდა. ჰყავს უმცროსი და-ძმა.
ხატვისა და ტანსაცმლის დიზაინისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე ჰქონდა. დიზაინით ჯერ კიდევ რვა წლის ასაკში დაინტერესდა, 13 წლიდან კი დიზაინის კონკურსებში მონაწილეობდა. პირველი კოლექცია 15 წლის ასაკში შექმნა.
მოგვიანებით მისი გზა ლონდონისკენ გაგრძელდა. 2003 წელს კომახიძე დიდ ბრიტანეთში გადავიდა და სწავლა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამოდელო სასწავლებელში, Central Saint Martins-ში, განაგრძო. 2009 წელს სწავლა წარჩინებით დაასრულა და იმავე წელს საკუთარი სახელობის ბრენდი შექმნა.
სწორედ აქედან დაიწყო David Koma-ს ისტორია, როგორც დამოუკიდებელი ბრენდის.

კომას დიზაინს თავიდანვე გამორჩეული ხასიათი ჰქონდა: მკაფიო გეომეტრიული ხაზები, სხეულის ფორმის გამოკვეთა, სკულპტურული სილუეტები, თამამი ჭრილები და დეკორატიული დეტალები.
Vogue Italia ჯერ კიდევ 2010 წელს აღწერდა მის ნამუშევრებს, როგორც სხეულზე მორგებულ „კაბა-სკულპტურებს“, ხოლო თავად კომა თავის მთავარ შემოქმედებით გავლენებს შორის ასახელებდა Thierry Mugler-ს, Pierre Cardin-ს, Geoffrey Beene-სა და Azzedine Alaïa-ს.
მისმა ესთეტიკამ კი მალე არა მხოლოდ მოდის პროფესიონალები, არამედ პოპკულტურის ყველაზე დიდი ვარსკვლავებიც დააინტერესა.ბიონსე ერთ-ერთი პირველი მეგავარსკვლავი იყო, რომელმაც ახალგაზრდა დიზაინერის სამოსი აირჩია. მოგვიანებით მისი კაბებით გამოჩნდნენ რიანა, ჯენიფერ ლოპესი, ლედი გაგა, დუა ლიპა და სხვა ცნობილი სახეები. Vogue-ის მიხედვით, ბრენდის პოპულარობა განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა სწორედ ცნობილი ადამიანების მხარდაჭერის შედეგად.




კომას კარიერის ადრეულ ეტაპზე მომხდარ ერთ საინტერესო ეპიზოდს თავად დიზაინერიც იხსენებს: მისი სამაგისტრო კოლექციის ჩვენებაზე წარმოდგენილი ცხრა კაბიდან თითოეული მალევე მოითხოვა რამდენიმე ცნობილმა ვარსკვლავმა — მათ შორის იყვნენ ბიონსე, ლედი გაგა, კაილი მინოუგი და რიანა.
![]()
ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ ახალგაზრდა დიზაინერის წარმატებული დებიუტი. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ David Koma-ს ჰქონდა რაღაც, რასაც გლობალური ვარსკვლავები საკუთარ სტილთან აკავშირებდნენ.
მისი დიზაინები ხშირად აერთიანებს სექსუალურობასა და არქიტექტურულ სიზუსტეს. კაბა თითქოს სხეულს უბრალოდ არ ფარავს — ის სხეულის ფორმას ქმნის და უსვამს ხაზს.ამიტომაც მისი სამოსი განსაკუთრებით კარგად მუშაობს ფოტოკამერებთან.


როდესაც ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე David Koma-ს კაბით ჩნდება, დიზაინის მთავარი ეფექტი ხშირად სწორედ სილუეტშია: მკვეთრი ჭრილები, მეტალის დეტალები, ასიმეტრია, დეკორატიული ელემენტები და სხეულის ხაზის გამოკვეთა.




David Koma-ს კარიერის მასშტაბი განსაკუთრებით კარგად ჩანს იმითაც, რომ საკუთარი ბრენდის პარალელურად მან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდის სახლის მართვაც იკისრა.2013 წელს Thierry Mugler-ის ქალის prêt-à-porter ხაზის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. Central Saint Martins-ის ოფიციალური გამოცემის მიხედვით, ის ამ თანამდებობაზე სწორედ ახალგაზრდა ასაკში მივიდა, მას შემდეგ, რაც უკვე საკუთარი ბრენდის წარმატებული მმართველი იყო.Mugler-ში მუშაობამ მას კიდევ მეტი მასშტაბურობა შესძინა.
2017 წელს კომამ Mugler დატოვა და საკუთარი ბრენდის განვითარებას დაუბრუნდა. David Koma-ს კარიერის ახალი მნიშვნელოვანი თავი 2024 წელს დაიწყო, როდესაც ის იტალიური მოდის სახლის, Blumarine-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა...

მიუხედავად იმისა, რომ კომას კარიერა ლონდონში განვითარდა და საერთაშორისო დიზაინერია, საქართველოსთან კავშირი მის შემოქმედებაში პერიოდულად მკაფიოდ ჩნდება.თავად დიზაინერს არაერთხელ უსაუბრია იმაზე, თუ როგორ მოახდინა გავლენა მის პიროვნებასა და შემოქმედებაზე სხვადასხვა კულტურულმა გარემომ — საქართველომ, რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.
