იწვევს თუ არა "კეთილდღეობა" შობადობის შემცირებას - სინამდვილეში რატომ აღარ აჩენენ შვილებს წყვილები და რა ითვლება შობადობის შემცირების ან ხელშეწყობის ფაქტორებად - მშობლები

იწვევს თუ არა "კეთილდღეობა" შობადობის შემცირებას - სინამდვილეში რატომ აღარ აჩენენ შვილებს წყვილები და რა ითვლება შობადობის შემცირების ან გაზრდის ხელშემწყობ ფაქტორებად

2026-09-12 09:06:35+04:00

საქართველოში შობადობის შემცირება უკვე მკაფიო დემოგრაფიული ტენდენციაა. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში 53 293 ბავშვი დაიბადა, 2024 წელს — 39 483, ხოლო 2025 წელს — 37 867. მხოლოდ 2025 წელს დაბადებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით კიდევ 4,1%-ით შემცირდა. ამავე დროს, ბუნებრივი მატება უარყოფითი იყო - გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რაოდენობას 6 452-ით გადააჭარბა.

შემცირებულია არა მხოლოდ დაბადებული ბავშვების რაოდენობა, არამედ ჯამობრივი ნაყოფიერების კოეფიციენტიც, ანუ საშუალოდ რამდენ ბავშვს აჩენს ერთი ქალი სიცოცხლის განმავლობაში. საქართველოში ეს მაჩვენებელი 2015 წელს 2,31 იყო, 2020 წელს — 1,97, 2022 წელს — 1,82, 2023 წელს — 1,70, 2024 წელს კი — 1,67. მოსახლეობის მარტივი ჩანაცვლებისთვის ეს მაჩვენებლი დაახლოებით 2,1 უნდა იყოს.

ეს ვითარება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კეთილდღეობის ზრდით ახსნა: "კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - განაცხადა მან, რაშიც მშობლების დიდი ნაწილი არ დაეთანხმა. სინამდვილეში რატომ აღარ აჩენენ მეტ შვილებს წყვილები და რა ითვლება შობადობის შემცირების ან ხელშეწყობის მთავარ მიზეზებად. ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) სპეციალური ანგარიში Society at a Glance 2024 მოამზადა. წარმოგიდგენთ ამ ანგარიშში მოყვანილ დასკვნებსა და მონაცემებს, რომელთა მიხედვით შობადობის ზრდის საკითხი ვერც ერთი მარტივი ფორმულით ვერ აიხსნება და სხვადასხვა ტიპის საზოგადოებაში სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.

images-28-1789196101.jpg

ამცირებს თუ არა კეთილდღეობა შობადობას?

ამ მოსაზრებაში ექსპერტები ისტორიულ სიმართლეს ნამდვილად ხედავენ - ღარიბი, აგრარული საზოგადოებიდან განვითარებულ საზოგადოებაზე გადასვლისას, როგორც წესი, ქალების განათლების დონე იზრდება; კონტრაცეფცია უფრო ხელმისაწვდომი ხდება; პირველი ქორწინებისა და პირველი ბავშვის ასაკი იზრდება; ქალები უფრო აქტიურად ერთვებიან შრომის ბაზარზე და ოჯახები დიდი რაოდენობის შვილების ნაცვლად შედარებით მცირე ოჯახს ირჩევენ. საზოგადოების განვითარების ამ ეტაპზე ეკონომიკური წინსვლა მართლაც დაკავშირებულია ნაყოფიერების შემცირებასთან. თუმცა OECD-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ უკვე განვითარებულ საზოგადოებაში ეს მარტივი კავშირი აღარ მოქმედებს.

დღეს საკითხი უფრო ხშირად ასე დგას: შეუძლია თუ არა ადამიანს ბავშვის გაჩენა ისე, რომ ამისთვის სამსახური, საცხოვრებელი, შემოსავალი და მომავლის ეკონომიკური უსაფრთხოება არ დაკარგოს.

ამიტომ OECD-ის კვლევის თანახმად, მაღალი დასაქმება, საბავშვო ბაღებზე სახელმწიფო ხარჯი, მშობლის ანაზღაურებადი შვებულება და გარკვეულწილად ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა დადებითად მოქმედებს შობადობის ზრდაზე; უმუშევრობა და საცხოვრებლის მაღალი ხარჯები კი - მკვეთრად უარყოფითად.

თავად OECD ხაზგასმით წერს, რომ დაბალი შობადობა მრავალი ფაქტორის შედეგია და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ ეკონომიკური ცვლადებითაც ვერ აიხსნება. მნიშვნელობა აქვს ცხოვრების წესის ცვლილებას, პარტნიორულ ურთიერთობებს, გენდერულ როლებს, მშობლობისადმი დამოკიდებულებასა და მომავლისადმი ნდობასაც.

OECD-ის 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი სოციალური ანგარიში სპეციალურ თავს მთლიანად უთმობს კითხვას, რატომ მცირდება შობადობა განვითარებულ ქვეყნებში და რომელი ეკონომიკური და სოციალური ფაქტორებია ამ პროცესთან დაკავშირებული. ორგანიზაციამ OECD-ის ქვეყნების მონაცემები შეადარა დასაქმების, უმუშევრობის, საცხოვრებლის ხარჯების, მშობლის შვებულების, საბავშვო ბაღებისა და ოჯახების სახელმწიფო მხარდაჭერის მაჩვენებლებს. წარმოგიდგენთ ამ კვლევის შედეგებს:

OECD: ქალების დასაქმება დღეს უფრო მაღალ და არა უფრო დაბალ შობადობას უკავშირდება

ეს OECD-ის კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დასკვნაა.

წარსულში სიტუაცია მართლაც სხვაგვარი იყო. როდესაც ქალების მასობრივი დასაქმება დაიწყო, ოჯახისა და სამსახურის შეთავსების შესაძლებლობები ჯერ განვითარებული არ იყო. ამიტომ ქალისთვის არჩევანი ხშირად ასე იდგა: კარიერა თუ მეტი შვილი. იქ, სადაც ქალების დასაქმება იზრდებოდა, ნაყოფიერება ხშირად მცირდებოდა.

მაგრამ 1990-იანი წლებიდან ეს კავშირი შეიცვალა.

OECD-ის ქვეყნებზე ჩატარებულ ანალიზში დღეს როგორც ქალების, ისე მამაკაცების მაღალი დასაქმების მაჩვენებელი უფრო მაღალ ჯამობრივ ნაყოფიერებასთან არის დაკავშირებული. უფრო მეტიც, ქალების დასაქმებასთან კავშირი მამაკაცების დასაქმებასთან შედარებით ორჯერ უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ხოლო მაღალი უმუშევრობა, პირიქით, დაბალ ნაყოფიერებასთანაა დაკავშირებული.

ამის ახსნა საკმაოდ მარტივია: თანამედროვე ოჯახში ბავშვის გაჩენისთვის მხოლოდ სურვილი აღარ არის საკმარისი. საჭიროა შემოსავლის სტაბილურობაც.

თუ ორივე მშობელს აქვს სამუშაო და ბავშვის გაჩენა ოჯახის შემოსავლის დიდი ნაწილის დაკარგვას არ ნიშნავს, ბავშვის ყოლა ეკონომიკურად უფრო რეალისტური ხდება.

OECD-ის დასკვნა ასეთია: როდესაც ქალს შეუძლია სამსახურისა და ოჯახის შეთავსება და ეკონომიკურ ცხოვრებაში მამაკაცის მსგავსად მონაწილეობა, ამას მაღალი შვილოსნობაც ახლავს.

akhalshobilebi-1789196124.jpg

საბავშვო ბაღი უბრალოდ სოციალური მომსახურება არ არის — OECD მას შობადობის ფაქტორადაც განიხილავს

OECD განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადრეული ბავშვობის განათლებისა და მოვლის მომსახურებებს — ECEC-ს, რომელშიც საბავშვო ბაღები და მცირეწლოვანი ბავშვების მოვლის სხვა ფორმები შედის.

კვლევის ლოგიკა ასეთია: ბავშვის გაჩენის შემდეგ მშობელს, განსაკუთრებით ქალს, არ უნდა უწევდეს რამდენიმე წლით შრომის ბაზრიდან გაქრობა.

თუ ანაზღაურებადი მშობლის შვებულების დასრულების შემდეგ ხელმისაწვდომია ხარისხიანი და მისაღები ფასის საბავშვო ბაღი, მშობლებს შეუძლიათ სამსახურში დაბრუნება. შესაბამისად, ბავშვის გაჩენის „ფასი“ კარიერისა და შემოსავლის თვალსაზრისით ნაკლებია.

OECD-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ადრეული ბავშვობის განათლებასა და მოვლაზე სახელმწიფო დანახარჯები უფრო მაღალ შობადობასთან დადებით კავშირშია. განსაკუთრებით ეფექტიანია სისტემა, როდესაც დახმარება ერთმანეთზეა გადაბმული: ჯერ ანაზღაურებადი შვებულება, შემდეგ ხელმისაწვდომი საბავშვო ბაღი, მოგვიანებით კი სკოლამდელი და სკოლისშემდგომი მოვლის შესაძლებლობა.

მშობლი სანაზღაურებადი შვებულებაც მნიშვნელოვანია

OECD ასევე განიხილავს მშობლის ანაზღაურებად შვებულებას.

ორგანიზაციის მონაცემებით, OECD-ის თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული ანაზღაურებადი შვებულების რაიმე ეროვნული სისტემა. დეკრეტული შვებულება მხოლოდ ფორმალურად არ უნდა არსებობდეს. მნიშვნელოვანია, რამდენად ანაზღაურებადია ის, ინარჩუნებს თუ არა მშობელი სამსახურს და რა ხდება შვებულების დასრულების შემდეგ.

საცხოვრებლის გაძვირება შობადობას ამცირებს

OECD-ის ანალიზში კი ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო უარყოფითი ფაქტორი საცხოვრებლის მაღალი ღირებულებაა.

ბავშვების რაოდენობის ზრდა ოჯახისთვის ხშირად უფრო დიდი სახლის საჭიროებას ნიშნავს. როდესაც ბინის შეძენა ან ქირაობა ახალგაზრდებისთვის რთულდება, ოჯახი ქორწინებას, პირველი შვილის გაჩენას ან შემდეგ შვილს აყოვნებს.

OECD-ის კვლევამ დაადგინა, რომ საცხოვრებელზე ოჯახების ხარჯების ზრდა შვილოსნობის შემცირებასთან მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული.

ანუ შეიძლება ქვეყანა ეკონომიკურად იზრდებოდეს, მშპ მატულობდეს და საშუალო შემოსავალიც იზრდებოდეს, მაგრამ თუ ახალგაზრდისთვის საკუთარი საცხოვრებელი მაინც მიუწვდომელი ხდება, ეს გარემოება ბავშვის გაჩენისთვის ხელშემწყობად ვერ ჩაითვლება.

სწორედ ამიტომ OECD რეკომენდაციებში უკვე პირდაპირ საუბრობს საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პრობლემის შემცირებაზე, როგორც საოჯახო და დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილზე.

უმუშევრობა და ეკონომიკური დაუცველობა საწინააღმდეგო მიმართულებით მოქმედებს

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი: OECD-ის ქვეყნებში უმუშევრობის მაღალი დონე დაბალ შობადობასთანაა დაკავშირებული.

OECD-ის მიხედვით, სამუშაოს დაკარგვის რისკი, არასტაბილური შემოსავალი და მომავლის ეკონომიკური გაურკვევლობა ადამიანებს ხშირად აიძულებს შვილის გაჩენა გადადონ.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ რეალურ ფინანსურ მდგომარეობაზე, არამედ ადამიანების განცდაზეც — რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს მომავლის მიმართ.

2022 წლის OECD-ის გამოკითხვაში 25-54 წლის ადამიანების საშუალოდ 44% ფიქრობდა, რომ ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებული შემოსავლის დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო მათ სათანადოდ ვერ დაეხმარებოდა.

bccyrq4q5dpsuup-1789196157.jpg

სამხრეთ კორეის და ევროპის მაგალითი

სამხრეთ კორეა ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა და ამავდროულად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შობადობა აქვს. როდესაც თავად კორეელებს ეკითხებიან მიზეზს, სურათი ამგვარია: რესპონდენტთა 58% ფინანსურ შეზღუდვებს ასახელებდა, 31% — საცხოვრებლის პრობლემებს, 28% — ბავშვის მოვლის საკმარისი ან ხარისხიანი სერვისების ნაკლებობას, ხოლო 26% — უმუშევრობას ან სამსახურის არასტაბილურობას. სახელდებოდა ასევე ხანგრძლივი სამუშაო საათებისა და ბავშვების განათლების დიდი დანახარჯები.

რაც შეეხება ევროპას, ის მთლიანობაში მდიდარია, მაგრამ ევროპული ქვეყნები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან ოჯახისთვის შექმნილი პირობებით — რამდენად ხელმისაწვდომია საცხოვრებელი, რამდენად სტაბილურია ახალგაზრდის სამსახური, შეუძლია თუ არა დედას ბავშვის გაჩენის შემდეგ სამსახურში დაბრუნება, არის თუ არა ხელმისაწვდომი საბავშვო ბაღი, რამდენად ანაზღაურებადია მშობლის შვებულება და როგორ ნაწილდება ბავშვის მოვლა დედასა და მამას შორის.

ამიტომ სრულიად შესაძლებელია მდიდარ ქვეყანას ძალიან დაბალი შობადობა ჰქონდეს იმიტომ, რომ ახალგაზრდა ოჯახისთვის ბავშვის გაჩენა მაინც ძალიან ძვირი და რთული იყოს. ანუ პრობლემა შეიძლება მაღალი შემოსავლის ქვეყანაშიც არსებობდეს, რადგან ბავშვის აღზრდის ხარჯები, საცხოვრებელი, სამუშაოს პირობები და ცხოვრების წნეხი ცხოვრების დონესთან შედარებით მაინც ძალიან მაღალია.

ამ ყველაფერს ბოლო წლებში დაემატა მომავლის მიმართ გაურკვევლობა — პანდემია, ინფლაცია, საცხოვრებლის გაძვირება, ომები და გეოპოლიტიკური დაძაბულობა, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული შიშები. OECD აღნიშნავს, რომ გაურკვევლობის პირობებში ადამიანები უარს არ ამბობენ შვილზე, მაგრამ გადადებდნენ მის გაჩენას. დემოგრაფიისთვის ესეც მნიშვნელოვანია: თუ პირველი შვილი რამდენიმე წლით გადაიდო, შემდეგი შვილების გაჩენის შესაძლებლობაც მცირდება.

საერთაშორისო კვლევების მიხედვით, თანამედროვე განვითარებულ საზოგადოებებში ეკონომიკური უსაფრთხოება, დასაქმება, ბავშვის მოვლის ხელმისაწვდომობა და ოჯახისა და სამუშაოს შეთავსების შესაძლებლობა უფრო მაღალი შობადობის ხელშემწყობი ფაქტორებია, ხოლო ეკონომიკური დაუცველობა, უმუშევრობა და ძვირი საცხოვრებელი — მისი შემაფერხებელი. თუმცა ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მარტო ფულადი წახალისება ხშირად სუსტ შედეგს იძლევა. უკეთ მუშაობს კომპლექსური მოდელი — სტაბილური დასაქმება, ანაზღაურებადი მშობლის შვებულება, ხელმისაწვდომი საბავშვო ბაღი, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა და ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობა ბავშვის მოვლაში.

ხოლო UNFPA-ს 2025 წლის გლობალური კვლევის შედეგი კიდევ უფრო მკაფიოა: ადამიანების დიდი ნაწილი მეტ შვილს განა იმიტომ ვერ აჩენს, რომ ამის სურვილი აღარ აქვს, არამედ იმიტომ, რომ სასურველი ოჯახის შექმნისთვის საჭირო ეკონომიკური და სოციალური პირობები არ აქვს.

  • საქართველოში რამდენად შეუძლია ახალგაზრდა ოჯახს საცხოვრებლის, სტაბილური შემოსავლისა და კარიერის დაკარგვის შიშის გარეშე იმდენი შვილის ყოლა, რამდენიც რეალურად სურს?

ისრაელის მაგალითი — მაღალი ცხოვრების დონე და მაღალი შობადობა

განვითარებულ ქვეყნებს შორის გამორჩეული მაგალითია ისრაელი — მაღალშემოსავლიანი ქვეყანაა, თუმცა ჯამობრივი ნაყოფიერების კოეფიციენტი დაახლოებით 2,8–2,9 ბავშვია ერთ ქალზე, რაც მოსახლეობის ჩანაცვლებისთვის საჭირო 2,1-საც აღემატება. OECD-ის ქვეყნებს შორის ისრაელი ამ მხრივ უნიკალური შემთხვევაა.

მაღალი შობადობა მხოლოდ რელიგიური ოჯახებით არ აიხსნება — შედარებით მაღალი ნაყოფიერება ისრაელის საერო მოსახლეობაშიც ფიქსირდება. მკვლევრები მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ ოჯახისა და შვილებისადმი ძლიერ კულტურულ დამოკიდებულებას: ორი და მეტი შვილის ყოლა საზოგადოებაში კვლავ ფართოდ მიღებული ნორმაა. ამასთან, ქალების მაღალი განათლება და დასაქმება შვილების ყოლასთან თანაარსებობს — კარიერა და მშობლობა ნაკლებად აღიქმება ერთმანეთის გამომრიცხავ არჩევანად.

თავის როლს ასრულებს სახელმწიფოს მხარდაჭერაც — მშობლებთან დაკავშირებული სოციალური შეღავათები, ანაზღაურებადი შვებულება, ბავშვთა მოვლის სერვისები და სხვა დახმარებები. თუმცა მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ისრაელის საოჯახო პოლიტიკა ევროპის ყველაზე გულუხვ სისტემებზე ძლიერი არ არის, ამიტომ მისი მაღალი შობადობის მხოლოდ სახელმწიფო დახმარებებით ახსნა შეუძლებელია.

საქართველოში შვილის ყოლის სურვილი ჯერ კიდევ ძლიერია — რა უშლით ხელს ოჯახებს

საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე საუბრისას ერთი მნიშვნელოვანი გარემოება გასათვალისწინებელია: ქართული საზოგადოებისთვის ოჯახი და შვილის გაჩენა ტრადიციულად განსაკუთრებული ღირებულებაა. კულტურულად ქალის ცხოვრების გზაც ხშირად დედობასთან არის დაკავშირებული, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახი საზოგადოებაში დადებითად აღიქმება. ეს მხოლოდ ტრადიციაზე დაფუძნებული შთაბეჭდილება არ არის — კვლევებიც აჩვენებს, რომ საქართველოში შვილების ყოლის სურვილი კვლავ საკმაოდ მაღალია. 2024 წლის ეროვნულ კვლევაში ქალების მიერ სასურველი შვილების საშუალო რაოდენობა 2.6 იყო, ხოლო ქალების 51.8% ამბობდა, რომ პირველი შვილის გაჩენამდე სამი ან მეტი შვილი სურდა.

სწორედ აქ ჩანს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი დემოგრაფიული პრობლემა: შვილის სურვილსა და რეალურად გაჩენილი ბავშვების რაოდენობას შორის სხვაობაა. ანუ საკითხი ყოველთვის ის არ არის, რომ ადამიანებს შვილები აღარ სურთ. ხშირად ოჯახი მეორე ან მესამე ბავშვს გეგმავს, მაგრამ გადაწყვეტილებას დებს ან საერთოდ უარს ამბობს, რადგან არსებული პირობები ამის საშუალებას არ აძლევს.

საქართველოს შემთხვევაში ასეთი ხელისშემშლელი ფაქტორები შეიძლება იყოს დაბალი ან არასტაბილური შემოსავალი, სამსახურის დაკარგვის შიში, საკუთარი საცხოვრებლის არქონა და ბინის მაღალი ფასი, ბავშვის მოვლისა და განათლების ხარჯები, არასაკმარისი ბაგა-ბაღები, დედისთვის სამსახურსა და შვილს შორის არჩევანის გაკეთების აუცილებლობა, ოჯახში ზრუნვის არათანაბარი განაწილება, ჯანმრთელობისა და უშვილობის პრობლემები, შესაფერისი პარტნიორის პოვნის სირთულე (უმუშევრიბა, ნარკომანია, ლუდომანია) და მომავლისადმი გაურკვევლობა. ახალგაზრდა ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯაჭვი — სტაბილური სამსახური, საცხოვრებელი, მყარი ურთიერთობა და მხოლოდ ამის შემდეგ მშობლობა; თუ პირველი საფეხურები იგვიანებს, შვილის გაჩენაც უფრო გვიან ასაკში გადადის.

ამიტომ საქართველოსთვის შობადობის ხელშეწყობა მხოლოდ ბავშვის დაბადებისას ერთჯერად დახმარებას არ უნდა ნიშნავდეს. უფრო ეფექტიანი შეიძლება იყოს ახალგაზრდა ოჯახებისთვის საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის გაზრდა, სტაბილური დასაქმება და შემოსავალი, ბავშვის მოვლის ხარჯების შემცირება, საკმარისი და მოქნილი ბაღები, ანაზღაურებადი და რეალურად გამოყენებადი მშობლის შვებულება, სამუშაოს მოქნილი პირობები, დედის სამსახურში დაბრუნების ხელშეწყობა, მამების მეტი ჩართულობა ბავშვის მოვლაში და უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობა. საერთაშორისო კვლევებიც მიუთითებს, რომ მხოლოდ ფულადი წახალისება პრობლემის ყველა მიზეზს ვერ აგვარებს.

საქართველოს გამოცდილებაში განსაკუთრებით საინტერესოა ილია II-ის ნათლულების ინიციატივა. 2007 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ მართლმადიდებელ ოჯახებში დაბადებულ ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვს თავად მონათლავდა. ინიციატივას შობადობის ზრდა მართლაც მოჰყვა. განსაკუთრებით ძლიერი ეფექტი მესამე და შემდგომ ბავშვებზე გამოჩნდა. ავტორების შეფასებით, 2008–2013 წლებში ინიციატივასთან დაკავშირებული დამატებითი დაბადებების რაოდენობა დაახლოებით 30-40 ათასი შეიძლებოდა ყოფილიყო.

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში კულტურულ და საზოგადოებრივ ფაქტორებს შობადობაზე რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა პატრიარქის ინიციატივის ეფექტიც ვერ აღმოჩნდა საკმარისი ხანგრძლივი დემოგრაფიული კლების შესაჩერებლად — მოგვიანებით შობადობა კვლავ შემცირდა. შესაბამისად, მხოლოდ მოწოდება, ტრადიციის გაძლიერება ან ერთჯერადი სტიმული ვერ იქნება საკმარისი.

საქართველოს შემთხვევაში გამოსავალი, ალბათ, სწორედ ამ ორი მიმართულების გაერთიანებაში უნდა ვეძებოთ: ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებული ძლიერი ოჯახური და მშობლობის კულტურის შენარჩუნება და იმ პრაქტიკული ბარიერების შემცირება, რომლებიც ადამიანებს სასურველი რაოდენიბის შვილების გაჩენაში უშლის ხელს. თუ ოჯახს მეორე ან მესამე შვილი სურს, მაგრამ უარს ამბობს ბინის, სამსახურის, შემოსავლის, ბავშვის მოვლის ან მომავლის შიშის გამო, დემოგრაფიული პოლიტიკის მთავარი ამოცანა სწორედ ამ დაბრკოლებების შემცირება უნდა იყოს.

ახალგაზრდა მრავალშვილიანი წყვილი, რომელიც თბილისიდან სოფელში გადავიდა საცხოვრებლად - თავიდან გვეშინოდა გამოუცდელობის. ვფიქრობდით, სოფლის ცხოვრებასთან ფეხის აწყობა გაგვიჭირდებოდა
როდესაც სულიერად ხარ ბედნიერი, ყოფით სირთულეებს ვერ ამჩნევ... მინდა ხალხს ვუთხრა, რომ დააფასონ საკუთარი ბედნიერება - თბილისიდან სვანეთში გადასახლებული მრავალშვილიანი დედის ემოციური წერილი
მრავალშვილიანობა არ ნიშავს იმას, რომ ადამიანი ვერაფერს შეძლებს... - 9 შვილის დედა, 34 წლის სალომე გელაშვილი