პროკურორის ინფორმაციით, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის არასრულწლოვანის, დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი, სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა.როგორც საქმის პროკურორი ქეთი სონიძე აცხადებს, დაკავებული 17 წლის დ.პ. მრავალფეროვანი კრიმინალური ისტორიის მქონე არასრულწლოვანია და ახლაც გირაოს პირობების ქვეშ იმყოფება.
„ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არანაირი ურთიერთობა არ არსებობდა, ისინი პირველად სწორედ იმ საბედისწერო ღამეს შეხვდნენ ერთმანეთს, ისინი ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები იყვნენ. ბრალდებული თავის მეგობრებთან ერთად გადაადგილდებოდა 10 სექტემბრის გამთენიისას, რა დროსაც რამდენიმე ბიჭი შემთხვევით შეხვდა სამწვადის ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ბრალდებულმა მათ სიგარეტი სთხოვა, მათ უპასუხეს, რომ არ ჰქონდათ, რამაც ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია და უთხრა რომ მათი ტონი არ მოეწონა, თუმცა, ბიჭებს შორის ურთიერთობა დამშვიდდა, ის თავის სუფრაზე მიიწვიეს და სადღეგრძელოს დალევა შესთავაზეს, რა დროსაც ბრალდებული მათ გამოელაპარაკა, ამის შემდეგ მან შენიშნა, რომ სუფრასთან თავისთვის იჯდა, არც კონფლიქტში ერეოდა და არც საერთო საუბარში, დაზარალებული და აწ უკვე მოკლული არასრულწლოვანი, 17 წლის დავით ნარიმანიძე, რა დროსაც მას ბრალდებულმა შენიშვნა მისცა, თუ რატომ არ დგებოდა ფეხზე, რაც მას პირად უპატივცემლობად მიაჩნდა. ნარიმანიძემ მას უპასუხა, რომ ფეხი სტკიოდა და ფეხზე ვერ დგებოდა, რამაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანის გაღიზიანება გამოიწვია, უთხრა, რომ ამდგარიყო, მის გვერდით დამდგარიყო და თუ ფეხი სტკიოდა, ხელი გადაეხვია და ასეთ მდგომარეობაში დამდგარიყო. დავით ნარიმანიძე იძულებით, მის გვერდით იდგა რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ ბრალდებულმა მას შესთავაზა, მოშორებით, ცალკე გასვლა. მოკლული და ბრალდებული ცალკე გავიდნენ, გასვლისთანავე მას ბრალდებულმა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღის - დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა, ცოტა ხნის განმავლობაში მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით დაბრუნდა და ჩაბარდა აღიარებით.
როდესაც ბრალდებულმა და დაზარალებულმა სამწვადის ტერიტორია დატოვეს, მაშინ კონფლიქტი აღარ არსებობდა, მოგვარებული იყო, შესაბამისად, მისმა მეგობრებმა აღარ ჩათვალეს საჭიროდ, უკან გაჰყოლოდნენ ჩარევის მიზნით. არასრულწლოვანებს ბრალდებულის და დაზარალებულის რამდენიმე წუთიანი გასვლის შემდეგ, სამწვადის მიმდებარე ტერიტორიიდან ხმამაღალი გარჩევის ხმა შემოესმათ, რის გამოც ისინი მყისიერად დაიძრნენ მათი მიმართულებით. აქედან ორი არასრულწლოვანი სწრაფად მივიდა შემთხვევის ადგილზე, მათ საკუთარი თვალით იხილეს, როგორ ეჭირა დანა ხელში ბრალდებულ არასრულწლოვანს და როგორ ეუბნებოდა ის დაჭრილს, რომ მიიღო ის, რაც უნდოდა, ანუ საუბარი იყო დანის დარტყმაზე. ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა 112-ში დარეკა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, ამის შემდეგ მყისიერად მოხდა პოლიციის რეაგირება და შემთხვევის ადგილზე მისვლა.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიღებული არ არის, თუმცა, სამედიცინო ექსპერტმა შემთხვევის ადგილზე იმუშავა და წინასწარი შეფასებით, მან განაცხადა, რომ გულ-მკერდის არეში, გულის დაზიანებით მიყენებული დაზიანების შედეგად არის არასრულწლოვანი გარდაცვლილი. შესაბამისად, ის მყისიერ სისხლდენას გამოიწვევდა და ჭრილობა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი გახდებოდა, მისი გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარებას შემთხვევის ადგილზე არ დაუგვიანებია, ის გარდაცვლილი იყო, არასრულწლოვანი დარტყმიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა, მხოლოდ რამდენიმე მეტრის გადადგილება შეძლო და ჩაიკეცა.
კამერების ჩანაწერები შემთხვევის ადგილის დროს დავაიდენტიფიცირეთ, გამოვითხოვეთ, საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, უშუალოდ დარტყმის ფაქტს, ვიდეოჩანაწერი არ აკონტროლებდა, თუმცა, ჩანაწერებში დაჭრილი დაზარალებულის გადაადგილება და ბრალდებულის მოძრაობა ჩანს.
კამარების ჩანაწერები დეტალურად უნდა დამუშავდეს, თუ იქ გამოჩნდება, რომ პოლიცია რამდენიმე წუთით ადრე იქ ტრიალებდა და შესაბამისი რეაგირება არ მისცა არასრულწლოვანთა გადაადგილებას, მათ მიერ ალკოჰოლური ნივთიერების მიღებას, თუნდაც, იყო კონფლიქტი და ეს არ გაანეიტრალა, ამას შესაბამისი რეაგირება მიეცემა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული 17 წლისაა, მას საკმაოდ მრავალფეროვანი კრიმინალური გამოცდილება აქვს, ოღონდ, არა ძალადობრივი დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით, არამედ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ის მრავალეპიზოდიანი ქურდობების ჩადენისთვის არის ამჟამადაც პასუხისგებაში მიცემული, ის გირაოს მოქმედების ქვეშ იმყოფება, რაც ამ ეტაპისთვის გადაუხდელი აქვს. მთელი თბილისის მასშტაბით, თბილისის სხვადასხვა უბნის პოლიციას ჰქონდა მის მიმართ წარმოებაში საქმეები, სხვადასხვა ქსელური მაღაზიებიდან თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლური ნივთიერებების და სხვადასხვა პროდუქტების ქურდობასთან დაკავშირებით. მას ქურდობები ჩადენილი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა, გირაო მის მიმართ გაზაფხულზე გამოიყენეს",- აცხადებს სონიძე.
რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატს, გიორგი ძიძიგურმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარს ნანობს.

„საქმის ინტერესებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას აღიარებს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას დავეთანხმეთ. ინანიებს, ნანობს მომხდარს, ძალიან განიცდის და შოკირებულ მდგომარეობაშია. ის ნამდვილად გულწრფელად ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. რაც შეეხება მომხდარს, აღნიშნულზე ბრალდებული ჩვენთან არ საუბრობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაზარალებულს ყელი ჰქონდა გამოჭრილი, რამდენიმე საათის განმავლობაში ეგდო და არავინ ეხმარებოდა, ცრუ ინფორმაციაა, ვინაიდან აღნიშნული ქმედება წამებში მოხდა, მალევე მივიდა პოლიციაც, დარეკილი იყო 112-ში და სასწრაფო დახმარებაც მალე მივიდა, თუმცა, შედეგი დადგა.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს ქვეშ იმყოფება, რამდენადაც ვიცი, ქურდობასთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნულ საქმეში მე ადვოკატი არ ვყოფილვარ.
ბრალდებული ჩვენთან კომუნიკაციაში ფაქტობრივად არ შემოდის. თავის დროზე, ინგლისში იყო სასწავლებლად წასული, ამჟამად მე-12 კლასში იმყოფება, თუმცა, ინგლისში სწავლა რატომ არ გააგრძელა ვერ გეტყვით, ჩამოვიდა და ბებიასთან იზრდებოდა. დედა საზღვარგარეთაა, ბებიასთან იზრდებოდა, ბებია მაქსიმალურად ცდილობდა, რომ თავისი შვილიშვილი ეკონტროლებინა და სწორ გზაზე დამდგარიყო, ბებიას რაც შეეძლო, მაქსიმალურად კარგს უკეთებდა“, - განაცხადა ძიძიგურმა.
ცნობისთვის, დ.პ.-ს დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.