"არაერთი შემთხვევაა, როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია არაკეთილსინდისიერად მოიქცა... ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, ეს პროცესი წინ წავიდეს... ზოგიერთ სოფელში, სანამ სკოლა აშენდება, გამოვიყენებთ ე.წ. კონტეინერულ სკოლებს..." - გივი მიქანაძე სკოლების რეაბილიტაციის პროცესზე - მშობლები

"არაერთი შემთხვევაა, როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია არაკეთილსინდისიერად მოიქცა... ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, ეს პროცესი წინ წავიდეს... ზოგ სოფელში, სანამ სკოლა აშენდება, გამოვიყენებთ ე.წ. კონტეინერულ სკოლებს..." - გივი მიქანაძე

2026-09-12 23:01:31+04:00

საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ტვ-იმედის"ღია ეთერში" განათლების აქტუალურ საკითხებზე საუბრობდა და მშობლების შეკითხვებს პასუხობდა. მინისტრმა ისაუბრა დანგრეულ სკოლებსა და სკოლების რეაბილიტაციის გახანგრძლივებულ პროცესზე.

- მთელი ქვეყნის მასშტაბით 2085 საჯარო სკოლაა. სამი წელია, რაც ეს რეაბილიტაციის პროცესი დავიწყეთ და ხელშესახები შედეგები გვაქვს. ახალ სასწავლო წელს ვხვდებით 30-მდე სრულად რეაბილიტირებული და ახლად აშენებული სკოლით. შარშან ახალ სასწავლო წელს 60-მდე ასეთი სკოლა გავხსენით. ეს მაჩვენებელია იმის, რომ პროცესი არ ჩერდება. თუმცა გამოწვევა არ არის პატარა მასშტაბის და სწორედ აქ ვეძებთ გამოსავალს. ამასთანავე, ყველაფერი ბოლომდე ჩვენზე ვერ და არ იქნება დამოკიდებული. არის პოლიტიკური ნება, არის შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა, თუმცა არის არაერთი შემთხვევა, როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ძალიან არაკეთილსინდისიერად მოიქცა და ჩვენ მოგვიწია მისი დაჯარიმება, არის კონკრეტული საქმეები გენერალურ პროკურატურაში გადაგზავნილი... მაგრამ ეს მშობელს არ აინტერესებს, მშობელს აინტერესებს, სკოლა როდის იქნება და ბავშვი როდის მივა იმ სკოლაში. ეს ჩვენი პრობლემებია... თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ ეს რეალობაა და ვერსად გავექცევით. არის ტენდერი, რომელიც არის საჯარო, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია შესაბამისი კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელ კომპანიას. მაგრამ არიან კომპანიები, რომლებიც ხარისხიანად და დროულად აკეთებენ და არის კომპანიები, რომლებიც, სამწუხაროდ, არ აკეთებენ ამას ან ხარისხიანად, ან დროულად, და შემდგომში საყვედური მოდის ჩვენზე... ერთი წელიწადია, რაც ინფრასტრუქტურა ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, ეს გადაეცა, ახალი სკოლების მშენებლობა ან სრული რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს... ამ უფლებამოსილების დელეგირების პირველი დღიდან ვთანამშრომლობთ სამი სამინისტრო და ვმსჯელობთ კონკრეტულ საკითხებზე... ეს პროცესი ერთი წამით არ ჩერდება და დამერწმუნეთ, ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი წინ წავიდეს... ჩვენც გვინდა, რომ ყველა სწავლობდეს რეაბილიტირებულ, ახალ სკოლებში, მაგრამ ამას სჭირდება დრო... ჩვენ შევთავაზეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს დროებითი გამოსავალი. ვნახეთ ამერიკაში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, რომ არის გამოყენებული დროებითი, ე.წ. კონტეინერული სკოლები, რომლებიც მობილურია, გადატანადია, ეს შეიძლება მცირეკონტიგენტიანი სკოლებისთვის, სოფლებისთვის კარგად იყოს გამოყენებული, და გამოცხადებული აქვს უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერი 600 ასეთ კონტეინერზე, რომელსაც გამოვიყენებთ, სანამ იმ კონკრეტულ ადგილას სკოლა აშენდება. იქ არის ყველა პირობა დაცული... ჩვენ ვმუშაობთ და რამდენიმეწლიან პერიოდში ეს საკითხი გადაჭრილი იქნება...

შემდეგ წელიწადს ბრძანებაში ცვლილებას შევიტანთ, რომ 2027-2028 სასწავლო წელს სასკოლო ფორმა გავრცელდეს პირველიდან მე-7 კლასის ჩათვლით, შემდეგ - მე-8 კლასის ჩათვლით და ა.შ. - გივი მიქანაძე