"რამდენად რეალისტურია ამდენი დავალების შესრულება ისე, რომ ბავშვმა შეძლოს ხარისხიანი სწავლა, დასვენება, ნორმალური ცხოვრების რეჟიმის შენარჩუნება..." - მშობლის წერილი - მშობლები

"რამდენად რეალისტურია ამდენი დავალების შესრულება ისე, რომ ბავშვმა შეძლოს ხარისხიანი სწავლა, დასვენება, ნორმალური ცხოვრების რეჟიმის შენარჩუნება..." - მშობლის წერილი

2026-09-13 10:26:41+04:00

ეს წერილი ჩვენმა მკითხველმა მოგვწერა და სურს, ანონიმურად გამოვაქვეყნოთ, რათა მიიტანოს მათ ყურამდე, ვისაც ეს ეხება:

"მოგმართავთ მე-7 კლასის მოსწავლის მშობელი და მინდა ყურადღება გავამახვილო მოსწავლეების სასწავლო დატვირთვასთან დაკავშირებულ პრობლემაზე.

მე-7 კლასში ბავშვს ემატება რამდენიმე ახალი საგანი და შედეგად, ხშირად დღეში 7 გაკვეთილი აქვს. თითოეული საგნის მასწავლებელი საკმაოდ დიდი მოცულობის დავალებას აძლევს, თითქოს დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი საგნის მომზადება იყოს საჭირო. შედეგად, ბავშვს ფიზიკურად აღარ რჩება საკმარისი დრო, რომ ყველა საგანი ხარისხიანად შეისწავლოს და მეორე დღისთვის სათანადოდ მოემზადოს.

მაგალითად, ისტორიაში, როდესაც მოსწავლეს მასალის სწავლასთან ერთად თითქმის ყოველ გაკვეთილზე დამატებითი წერითი დავალების შესრულებაც ევალება, რამდენად აუცილებელია ეს? ვფიქრობთ, ბევრად ეფექტური იქნება, თუ სახელმძღვანელოში მოცემულ კითხვებზე პასუხების დამუშავება და განხილვა უშუალოდ გაკვეთილზე მოხდება და მოსწავლეს სახლში, მასალის სწავლასთან ერთად, დამატებითი დიდი მოცულობის წერითი დავალების შესრულება აღარ მოუწევს. როდესაც მოსწავლეს ერთდროულად ამდენი მასალა აქვს სასწავლი და ამდენი დავალება შესასრულებელი, რაოდენობაში იკარგება ხარისხი. ბავშვები იძულებულნი არიან, მასალა სწრაფად და ზედაპირულად დაამუშაონ, რის გამოც ნასწავლი ხშირად მეორე დღესაც კი აღარ ახსოვთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო შაბათ-კვირის საკითხიც. ზოგიერთი მასწავლებელი, იმის გამო, რომ შაბათ-კვირა მოდის და მეტი დროა, სწორედ ამ დღეებისთვის კიდევ უფრო მეტ დავალებას აძლევს მოსწავლეებს. ვფიქრობთ, ეს მიდგომა გადასახედია. შაბათ-კვირა ბავშვმა, პირველ რიგში, დასვენებისთვის უნდა გამოიყენოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში — კვირის განმავლობაში ვერმოსწრებული მასალის მშვიდად დასასრულებლად და მომდევნო კვირისთვის მოსამზადებლად. შეუძლებელია, ბავშვმა მთელი კვირა 7 გაკვეთილის შემდეგ სახლში დიდი რაოდენობის დავალებები შეასრულოს და შემდეგ შაბათ-კვირასაც იგივე დატვირთვა გააგრძელოს. ასევე, ვფიქრობ, დასაფიქრებელია მე-7 კლასში მოქალაქეობის საგნის დატვირთვის საკითხი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოსწავლეებს ემატებათ ისეთი საგნები, როგორიცაა ქიმია და საერთო სასწავლო დატვირთვა მნიშვნელოვნად იზრდება. საგანგაშოა ისიც, რომ ასეთი გადაჭარბებული დატვირთვა ბავშვებში არა მხოლოდ დაღლილობას, არამედ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ წნეხსაც იწვევს. როდესაც ბავშვი მუდმივად ვერ ასწრებს დავალებების შესრულებას, შესაძლოა თავი უნიჭოდ ან წარუმატებლად მიიჩნიოს, დაკარგოს სწავლის მოტივაცია და საბოლოოდ ხელი ჩაიქნიოს სწავლაზე. გვესმის, რომ განათლება მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ დავალებების რაოდენობის გაზრდა არ ნიშნავს უკეთეს განათლებას. აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ცოდნის ხარისხზე, მოსწავლის ასაკობრივ შესაძლებლობებსა და მის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. გთხოვთ, სამინისტრომ გადახედოს მე-7 კლასის მოსწავლეების საერთო სასწავლო დატვირთვას და შეაფასოს, რამდენად რეალისტურია არსებული მოცულობის დავალებების შესრულება ისე, რომ ბავშვმა შეძლოს როგორც ხარისხიანი სწავლა, ასევე დასვენება და ნორმალური ცხოვრების რეჟიმის შენარჩუნება".

დაწყებით კლასებში საშინაო დავალება სტრესი, სასჯელი არ უნდა გახდეს... ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ შეცდომის დაშვებაც შეიძლება. რაღაცას თუ ვერ გაიგებს, ესეც ნორმალურია...“ - დაჩი ნანობაშვილი
მესამე კლასის მოსწავლის (8 წლის ბავშვის!) ერთი დღის დავალებები: 60 მაგალითი მათემატიკაში, 30 წინადადება ინგლისურში დასაწერად, გაუგებარი ტექსტი მოსაყოლად ქართულში... მერე გვიკვირს, რატომ აღარ აქვთ მოტივაცია და არ უყვართ სკოლა?