როგორ ნადგურდება ადამიანის თავდაჯერება და თვითშეფასება ჯერ კიდევ ბავშვობაში - მშობლები

როგორ ნადგურდება ადამიანის თავდაჯერება და თვითშეფასება ჯერ კიდევ ბავშვობაში - რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

2026-09-14 08:57:24+04:00

ზოგჯერ მშობელი სრულიად ჩვეულებრივ ფრაზას ამბობს და ვერც კი წარმოიდგენს, რომ ბავშვმა ის შეიძლება სულ სხვაგვარად აღიქვას. „შენს ასაკში მე უკვე ვიცოდი“, „გაიზრდები და გაიგებ“, „რამდენჯერ უნდა გითხრა, დაყრუვდი?“ — მსგავსი სიტყვები ხშირად გაღიზიანებისას შეიძლება წამოგვცდეს, თუმცა ბევრჯერ გამეორების შემთხვევაში მათ შეიძლება ბავშვის თავდაჯერებაზე, მშობელთან ურთიერთობასა და საკუთარი შესაძლებლობების შეფასებაზე უარყოფითად იმოქმედონ.

1. „შენს ასაკში მე ამის გაკეთება შემეძლო“

ბავშვის საკუთარ თავთან შედარება იშვიათად არის კარგი მოტივატორი. მშობელი მისთვის ისედაც უფრო ძლიერი, გამოცდილი და მცოდნე ადამიანია. როდესაც ამას ემატება ინფორმაცია, რომ დედა ან მამა მის ასაკშიც ყველაფერს მასზე უკეთ აკეთებდა, ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ მშობლის დონემდე ვერასოდეს მივა.

განსაკუთრებით არასასურველია ისეთი შედარებები, როგორიცაა: „მე შენს ასაკში უკვე თავისუფლად ვკითხულობდი“, „მე ხუთი წლისას ცურვა ვიცოდი“, „მე მათემატიკა არასოდეს მიჭირდა“.

სჯობს ბავშვს საკუთარი წარმატების შედეგი კი არა, მისკენ მიმავალი გზა აჩვენოთ — უთხრათ, რომ თქვენც გიჭირდათ, შეცდომებს უშვებდით, სწავლობდით და ვარჯიშობდით.

მაგალითად:

„მეც მეგონა, ვერასდროს ვისწავლიდი, მაგრამ ვვარჯიშობდი და ნელ-ნელა გამომივიდა. შენც გამოგივა.“

2. „არ წაიღო სათამაშო, დაკარგავ“

როდესაც მშობელი ბავშვს წინასწარ ეუბნება „დაკარგავ“, „გატეხავ“, „წაიქცევი“, ამით თითქოს უკვე გადაწყვეტილია, რომ ბავშვი ვერ გაუმკლავდება სიტუაციას.

რა თქმა უნდა, შესაძლო საფრთხეზე ბავშვის გაფრთხილება საჭიროა, თუმცა ამის გაკეთება ისე შეიძლება, რომ მისი შესაძლებლობები წინასწარ არ შევაფასოთ.

„მე ვნერვიულობ, რომ სათამაშო ბაღში შეიძლება დაიკარგოს. რას ფიქრობ, ხომ არ ჯობია სახლში დავტოვოთ?“

ამ შემთხვევაში ბავშვი გაფრთხილებასაც იღებს და გადაწყვეტილების მიღებაშიც მონაწილეობს.

3. „როგორ შემჭამე მთელი დღე, დამასვენე“

მშობელიც იღლება, ბრაზდება და ზოგჯერ ემოციების კონტროლიც უჭირს. თუმცა „თავი მომაბეზრე“, „აღარ შემიძლია შენი ატანა“ და მსგავსი სიტყვები ბავშვისთვის შეიძლება ნიშნავდეს არა იმას, რომ მშობელს კონკრეტული საქციელი არ მოსწონს, არამედ იმას, რომ პრობლემა თვითონ ბავშვია.

ამიტომ გაბრაზებისას უკეთესია კონკრეტულ საქციელზე ვისაუბროთ:

„ძალიან გავბრაზდი, როცა დავინახე, რომ შენს პატარა ძმას ურტყამ. არ შეიძლება სხვას ატკინო.“

ბავშვმა უნდა გაიგოს, რომ მიუღებელია მისი კონკრეტული მოქმედება და არა თვითონ ის.

4. „შენ ბედნიერი უნდა იყო!“

„ხომ უნდა გიხაროდეს, პატარა ძმა რომ გეყოლა“, „უნდა გიხაროდეს, ფეხბურთზე რომ შეგიყვანეთ“, „რატომ არ ხარ ბედნიერი, ამდენი რამ გაქვს?“ — ამ ფრაზებით მშობელი ბავშვს ფაქტობრივად კარნახობს, რას უნდა გრძნობდეს.

სინამდვილეში ბავშვს, ისევე როგორც ზრდასრულს, ერთდროულად ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები შეიძლება ჰქონდეს. შეიძლება ძალიან უყვარდეს ახალშობილი და ამავე დროს ეჭვიანობდეს მასზე; უხაროდეს მოგზაურობა და თან სახლიდან წასვლა არ უნდოდეს.

„ვხედავ, რომ ერთდროულად გიხარია და რაღაც გაწუხებს. შეგიძლია მითხრა, რას გრძნობ?“

ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება, საკუთარი ემოციები ისეთი მიიღოს, როგორიც არის.

5. „ამის ნიჭი არ გაქვს“

ყველა ბავშვი ვერ გახდება პროფესიონალი მოცეკვავე, მუსიკოსი ან სპორტსმენი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ აკეთოს ის, რაც სიამოვნებს.

„ამის ნიჭი არ გაქვს“, „სპორტი შენთვის არ არის“, „შენგან მუსიკოსი არ გამოვა“ — მსგავსი შეფასებებით ბავშვს შეიძლება მცდელობის სურვილიც დავაკარგვინოთ.

ბავშვთა წრეები და სტუდიები მხოლოდ მომავალი ჩემპიონებისა და პროფესიონალებისთვის არ არის. ბავშვი იქ სწავლობს, იძენს გამოცდილებას, ავითარებს ახალ უნარებს და, რაც მთავარია, შეიძლება უბრალოდ სიამოვნებდეს ეს საქმიანობა.

„ჯერ გიჭირს, მაგრამ თუ მოგწონს, გააგრძელე და ნახავ, ნელ-ნელა უკეთ გამოგივა.“

6. „გაიზრდები და გაიგებ“

ბავშვები ბევრ კითხვას სვამენ და ზოგჯერ მათზე პასუხის გაცემა მართლაც რთულია. თუმცა მუდმივი „ჯერ პატარა ხარ“, „გაიზრდები და გაიგებ“, „ამდენს ნუ მეკითხები“ ბავშვს შეიძლება აგრძნობინებდეს, რომ მისი ცნობისმოყვარეობა მშობელს აღიზიანებს.

თუ პასუხი არ ვიცით, ამის აღიარებაში ცუდი არაფერია.

„ზუსტი პასუხი ახლა არ ვიცი. მოდი, ერთად მოვძებნოთ.“

თუ საკითხი ბავშვის ასაკისთვის რთულია, პასუხიც მისი ასაკისთვის გასაგები ფორმით შეიძლება მივაწოდოთ.

7. „ჭკუიდან გადამიყვან!“

ამ სიტყვებით ბავშვი შეიძლება მშობლის ემოციურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლად იგრძნოს თავი. პატარა ბავშვები სიტყვებს ხშირად პირდაპირ იგებენ და შეიძლება იფიქრონ კიდეც, რომ დედას ან მამას მართლაც რაღაც ცუდს უკეთებენ.

მშობლის გაღიზიანებას კი ხშირად ბევრი მიზეზი აქვს: დაღლილობა, სამსახური, უძილობა, პრობლემები და ყოველდღიური საზრუნავი.

„დღეს ძალიან დავიღალე და ცოტა სიმშვიდე მჭირდება. შეგიძლია ცოტა ხანს წყნარად ითამაშო? მერე ერთად წავიკითხოთ წიგნი.“

ასე ბავშვი იგებს, რომ მშობელს დასვენება სჭირდება და ეს მისი „ცუდად მოქცევის“ შეფასება არ არის.

8. „დაყრუვდი ხარ?“

„დაყრუვდი?“, „ტვინი საერთოდ გაქვს?“, „რამდენჯერ უნდა გაგიმეორო?“ - ასეთი შენიშვნები ბავშვის აღზრდის ეფექტური საშუალება არ არის.

პატარა ბავშვმა ნათქვამი შეიძლება პირდაპირ აღიქვას, ხოლო ხშირი დაცინვა და დამცირება უფროს ბავშვშიც აჩენს წყენას, შფოთვასა და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვს. დროთა განმავლობაში ასეთი კომუნიკაცია მშობელსა და შვილს შორის ემოციურ დისტანციასაც ზრდის.

თუ ბავშვი თხოვნას არ ასრულებს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, ნამდვილად გაიგო თუ არა, რას ვითხოვთ მისგან.

„როგორც ჩანს, ჩემი ნათქვამი ვერ გაიგე. კიდევ ერთხელ გეტყვი, რა მინდა, რომ გააკეთო.“

მშობელს ყოველთვის იდეალური სიტყვების შერჩევა ვერ გამოუვა. შეიძლება გაბრაზდეს, ხმას აუწიოს ან ისეთი რამ თქვას, რასაც მოგვიანებით ინანებს. გადამწყვეტი ერთი შემთხვევითი ფრაზა კი არა, ბავშვთან ურთიერთობის საერთო ხასიათია. თუ დამცირება, დაცინვა, მუდმივი შედარება და მისი შესაძლებლობების დაკნინება ყოველდღიური ურთიერთობის ნაწილად იქცევა, სწორედ მაშინ შეიძლება ასეთი სიტყვები ბავშვის თვითშეფასებასა და მშობელთან ურთიერთობაზე აისახოს.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს სიმორცხვის დაძლევაში და როდის არის მორცხვობა პრობლემა
ყველაზე მორცხვი და თამამი პატარები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით