თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უზბეკეთის28 წლის მოქალაქე მამურა ჩულპონოვა თურქეთში გამართული მდიდრული ქორწილის შემდეგ გაუჩინარდა. ქალის დაკარგვასთან ერთად ოჯახის წევრებმა დაახლოებით 5 მილიონი თურქული ლირის (დაახლოებით 100 ათასი დოლარის) ღირებულების ოქროს სამკაულების დაკარგვის შესახებაც განაცხადეს.
მედიის ცნობით, ქორწილი სამი დღე და სამი ღამე გრძელდებოდა. მასშტაბურ ღონისძიებას თან ახლდა ეროვნული ჭიდაობის შეჯიბრებებიც. მთლიანობაში ქორწილისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ხარჯებმა დაახლოებით 10 მილიონი თურქული ლირა შეადგინა.

ქორწილის დასრულების შემდეგ კი პატარძლის გაუჩინარების ამბავი გავრცელდა. ამასთან, ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ დაკარგული იყო ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრად მიტანილი ოქროს სამკაულებიც.
სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს. პატარძლის ნათესავებმა შესაბამის ორგანოებს მიმართეს, ხოლო პოლიციამ მისი ძებნა დაიწყო...
ცოტა ხანში, მამურა თავად გამოცხადდა პოლიციაში და გამოაცხადა, რომ ქმრისა და მამამთილის მხრიდან მუდმივ მუქარასა და შეურაცხყოფას განიცდიდა. მისი თქმით, სწორედ ამის გამო შეეშინდა და ადრე პოლიციაში მიმართვა ვერ გაბედა. რაც შეეხება ოქროს, ამბობს, რომ 5 მილიონი ლირის ღირებულების მთელი ოქრო არ წაუღია; აღიარა, რომ თან ჰქონდა რამდენიმე ოქროს მონეტა და ფული, დანარჩენი ოქრო, მისი მტკიცებით, მამამთილთან დარჩა;
თავად მამურამ დაწერა საჩივარი ქმრის და მამამთილის წინააღმდეგ — მისი და დედამისის მიმართ მუქარისა და შეურაცხყოფის გამო.
ახლა საქმე ძიებაშია და საბოლოოდ გაირკვევა, რა მოხდა სინამდვილეში.