ათი წლის წინ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი შეიქმნა იმ იდეით, რომ საქართველოში ტექნოლოგიური განათლების ახალი სტანდარტი დაემკვიდრებინა. დღეს BTU საერთაშორისო პარტნიორობთ, ინოვაციური პროგრამებითა და კურსდამთავრებულების წარმატებით ერთ-ერთ გამორჩეულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად მიიჩნევა. უნივერსიტეტის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით BTU-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ინტერვიუში იხსენებს პირველ ნაბიჯებს, საუბრობს საერთაშორისო თანამშრომლობაზე, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში განათლების როლზე, სამომავლო ხედვასა და განვითარების გეგმებზე.
BTU 10 წლისაა. როგორ გაიხსენებთ 2016 წელს, როდესაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი თქვენი ხელმძღვანელობით შეიქმნა?
2016 წელს, როდესაც პარტნიორებთან ერთად BTU-ის შექმნა დავიწყეთ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა უნივერსიტეტი, რომელიც მომავალზე იქნებოდა ორიენტირებული. მაშინ უკვე ნათლად ჩანდა, რომ ტექნოლოგიები მსოფლიოს განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცეოდა, თუმცა საქართველოში ეს მიმართულება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო.
გვინდოდა, ახალგაზრდებისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი საგანმანათლებლო გარემო, სადაც ისინი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ცოდნას მიიღებდნენ და შეძლებდნენ სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ სამყაროში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას. სწორედ ამიტომ BTU თავიდანვე შეიქმნა თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკებითა და პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებული გარემოთი.
დღეს, ათი წლის შემდეგ, როდესაც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების წარმატებას და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას ვუყურებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გადაწყვეტილება დროული და სწორი იყო.
რა იყო ის მთავარი გამოწვევა, რომლის საპასუხოდ და მოსაგვარებლადაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი შეიქმნა?
იმ პერიოდში მთავარი გამოწვევა ტექნოლოგიური განათლებისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი იყო. გვჯეროდა, რომ საქართველოც მალე გახდებოდა გლობალური ტექნოლოგიური პროცესების ნაწილი და ამ ცვლილებისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით.
BTU სწორედ ამ საჭიროებას პასუხობდა. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა უნივერსიტეტი, რომელიც ახალგაზრდებს არა მხოლოდ თანამედროვე ცოდნას მისცემდა, არამედ მათ სტარტაპების, ინოვაციური ბიზნესებისა და საერთაშორისო კარიერისთვის მოამზადებდა.
დღეს უკვე ათასობით კურსდამთავრებული მუშაობს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში, ნაწილი კი საკუთარ ტექნოლოგიურ კომპანიებს ავითარებს. ვფიქრობ, ეს საუკეთესო დასტურია იმისა, რომ ათი წლის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაამართლა.
BTU-ს 10-წლიანი ისტორია მიღწევებით სავსეა. თქვენ რას მიიჩნევთ უნივერსიტეტის მთავარ მიღწევად?
ათი წლის განმავლობაში BTU-მ არაერთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია CERN-ის წევრობა, UNESCO-ს აღიარება და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მაღალი შეფასებები, რაც უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციას კიდევ უფრო ამყარებს.
თუმცა, თუ ერთი მთავარი მიღწევის დასახელება მომიწევს, ეს ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები იქნებიან. ისინი წარმატებით საქმიანობენ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში, ქმნიან საკუთარ სტარტაპებს, მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტებში და ინოვაციური ბიზნესების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
სწორედ მათი წარმატებაა იმის დასტური, რომ უნივერსიტეტმა თავისი მთავარი მისია შეასრულა - მოამზადა ახალი თაობის პროფესიონალები, რომლებიც ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებას უწყობენ ხელს.
როგორ ახერხებდა უნივერსიტეტი 10 წლის განმავლობაში მუდმივად ყოფილიყო ინოვაციების ინიციატორი და არა მათი მიმდევარი?
ტექნოლოგიების სფერო იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ განათლება მუდმივად უნდა უსწრებდეს ცვლილებებს. თუ უნივერსიტეტი მხოლოდ არსებულ მოთხოვნებს მოერგება, არსებობს რისკი, რომ რამდენიმე წელიწადში სტუდენტებს უკვე მოძველებული ცოდნა გადასცეს.
სწორედ ამიტომ BTU-ს განვითარების ფილოსოფია თავიდანვე ეფუძნებოდა ინოვაციების წინასწარ დანახვას. ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა მხოლოდ ტენდენციებისთვის აყოლა. ვცდილობდით, ახალი მიმართულებები საქართველოში ერთ-ერთ პირველს დაგვენერგა და სტუდენტებისთვის ის შესაძლებლობები შეგვეთავაზებინა, რომლებიც მომავალში გახდებოდა მოთხოვნადი.
ასე მოხდა როგორც ტექნოლოგიური განათლების განვითარების საწყის ეტაპზე, ისე მოგვიანებით ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე მიმართულებების შემთხვევაში. ვფიქრობ, სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა, რომ BTU დღეს ინოვაციების ერთ-ერთ ლიდერ უნივერსიტეტად მიიჩნევა საქართველოში.
როგორ დააინტერესეთ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდები თქვენთან თანამშრომლობით?
BTU-ს განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თავიდანვე ძლიერი საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვა იყო. თანამედროვე ტექნოლოგიური განათლება მხოლოდ აკადემიურ ცოდნას ვერ დაეფუძნება. აუცილებელია სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა იმ გამოცდილებასა და პრაქტიკაზე, რომელსაც სწორედ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიები ქმნიან.
ამ ხედვამ მოგვცა შესაძლებლობა, თანამშრომლობა დაგვეწყო ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან Microsoft, Google, HP და სხვა საერთაშორისო ტექნოლოგიური ბრენდები. მათი მონაწილეობით უნივერსიტეტში შეიქმნა თანამედროვე ლაბორატორიები და სტუდენტებმა მიიღეს შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა რეალურ პროექტებში გამოეყენებინათ.
ასეთი პარტნიორობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ჩართულობა საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
MIT-თან პარტნიორობა უპრეცედენტოა რეგიონისთვის. როგორ დაიწყო ეს თანამშრომლობა და რა შეცვალა ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის?
MIT-თან თანამშრომლობა BTU-ის საერთაშორისო განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. დაახლოებით რვა წლის წინ რეგიონში პირველებმა დავიწყეთ პარტნიორობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან, რამაც ახალი შესაძლებლობები შექმნა როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ისე მთელი ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის.
თანამშრომლობა მოიცავდა ერთობლივ პროექტებს, MIT-ის ექსპერტების ჩართულობას, სტუდენტებისა და სტარტაპების მხარდაჭერას. სწორედ ამ პარტნიორობამ მოგვცა შესაძლებლობა, საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის სრულიად ახალ ეტაპზე გადავსულიყავით.
დღეს BTU-ს მსოფლიოს არაერთ წამყვან უნივერსიტეტთან აქვს პარტნიორობა, სტუდენტები კი აქტიურად მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო პროექტებში. ვფიქრობ, ამ პროცესის საფუძველი სწორედ MIT-თან დაწყებულმა თანამშრომლობამ შექმნა.
BTU აქტიურად ავითარებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას. როგორ ფიქრობთ, რა როლი ექნება AI-ს უმაღლეს განათლებაში მომდევნო ათწლეულში?
ხელოვნური ინტელექტი BTU-ს განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. საქართველოში ერთ-ერთმა პირველებმა შევქმენით AI-ის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც გერმანელ პარტნიორებთან და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით შემუშავდა.
დღეს ეს პროგრამა მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. სტუდენტები სწავლობენ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში და მონაწილეობენ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში. პარალელურად, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, სწავლა გერმანიის პარტნიორ უნივერსიტეტებშიც გააგრძელონ.
მჯერა, რომ მომდევნო ათწლეულში AI უმაღლესი განათლების განუყოფელი ნაწილი გახდება. უნივერსიტეტების მთავარი ამოცანა იქნება არა მხოლოდ ამ ტექნოლოგიის სწავლება, არამედ ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც თავად შექმნიან ახალ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. სწორედ ამიტომ BTU განაგრძობს ამ მიმართულების განვითარებას და სტუდენტებისთვის უახლესი შესაძლებლობების შეთავაზებას.
ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას უნდა შევეხოთ ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტსაც. რა არის მისი მთავარი მიზანი და რა შედეგს ელოდებით უახლოესი წლების განმავლობაში?
ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის, ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად იქცა ქართული ენის დაცვა ციფრულ პლატფორმებზე. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის, არამედ ყველა ციფრული პლატფორმის მიერ ქართული ენის სწორ, გამართულ და გრამატიკულად ზუსტ აღქმასა და გამოყენებას.
თუკი ხელოვნურ ინტელექტთან ქართულად კომუნიკაცია გაუმართავი და შეცდომებით სავსე იქნება, არსებობს სერიოზული რისკი, რომ ახალგაზრდებმა მასთან სამუშაოდ სხვა ენა, მაგალითად, ინგლისური აირჩიონ. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხელოვნურმა ინტელექტმა ქართული ისწავლოს არა მხოლოდ ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად და აზრობრივად.
ვფიქრობ, უახლოეს 1-2 წელიწადში ჩვენ უკვე დავინახავთ ქართული ენის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. დღეს ბევრი სხვადასხვა ორგანიზაცია და კომპანია მოგვმართავს პროცესში ჩართვის სურვილით. დარწმუნებული ვარ, საერთო კოორდინაციითა და ძალისხმევით მივაღწევთ იმას, რომ დიდ ტექნოლოგიურ პლატფორმებში ქართული ენა არა მხოლოდ არ დაიკარგება, არამედ იქნება ერთ-ერთი საუკეთესოდ განვითარებული. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ნებისმიერ მომხმარებელს ხელოვნური ინტელექტი უნაკლო ქართულით ესაუბრებოდეს.
BTU-მ არაერთი საერთაშორისო აღიარება და ჯილდო მოიპოვა. რომელი აღიარება იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?
თითოეული საერთაშორისო აღიარება მნიშვნელოვანია, რადგან ის ადასტურებს, რომ BTU საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტია. განსაკუთრებით გამოვყოფდი ევროკავშირის უნივერსიტეტებს შორის ინოვაციების მიმართულებით საუკეთესო სამეულში მოხვედრას, რაც არა მხოლოდ BTU-ის, არამედ ქართული განათლების მნიშვნელოვანი წარმატებაა.
ასევე განსაკუთრებული სიამაყის საფუძველია ჩვენი სტუდენტის გამარჯვება ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ საერთაშორისო სტარტაპკონკურსზე. ვფიქრობ, სწორედ სტუდენტების წარმატებაა უნივერსიტეტის საქმიანობის ყველაზე ობიექტური შეფასება.
მნიშვნელოვანი იყო Webster University-ის საქართველოში შემოყვანაც, რომლის განხორციელებაშიც BTU აქტიურად მონაწილეობდა. მსგავსი საერთაშორისო პარტნიორობები კიდევ უფრო ზრდის ქართული უმაღლესი განათლების ხარისხსა და საერთაშორისო ცნობადობას.
უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვების, მოზარდების, ქალების, მეწარმეებისა და სხვადასხვა ჯგუფის ტექნოლოგიურ განათლებას. რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, რომ BTU მხოლოდ სტუდენტებით არ შემოიფარგლოს?
BTU-ს მისია არასოდეს შემოიფარგლებოდა მხოლოდ აკადემიური განათლებით. გვჯერა, რომ ტექნოლოგიებზე წვდომა რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს, რადგან ქვეყნის განვითარება მხოლოდ უნივერსიტეტის კედლებში მიღებული ცოდნით არ იწყება.
სწორედ ამიტომ წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განვახორციელეთ ბავშვებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, მეწარმეებისა და სხვადასხვა პროფესიული ჯგუფისთვის. ჩვენი მიზანი იყო, ტექნოლოგიური განათლება ხელმისაწვდომი გაგვეხადა მათთვისაც, ვისაც ამ სფეროსთან შეხება აქამდე არ ჰქონია.
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ქალების ჩართულობას ტექნოლოგიებში. რამდენიმე წლის წინ ნათლად ჩანდა, რომ IT სფეროში მათი წარმომადგენლობა არასაკმარისი იყო. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებმაც ათასობით ქალს, განსაკუთრებით რეგიონებში, ახალი ცოდნისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მისცა.
დღეს უკვე ვხედავთ შედეგს - ტექნოლოგიურ მიმართულებებზე სულ უფრო მეტი ქალი სწავლობს, ბევრი მათგანი კი წარმატებით მუშაობს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია, რადგან ტექნოლოგიური განათლება მხოლოდ მაშინ ქმნის რეალურ ღირებულებას, როდესაც თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს ყველას.
BTU კურსდამთავრებულების დასაქმების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. რა განაპირობებს ასეთ შედეგს?
ჩვენთვის წარმატების მთავარი საზომი კურსდამთავრებულების კარიერული შედეგებია. სწორედ ამიტომ BTU-ს საგანმანათლებლო მოდელი თავიდანვე პრაქტიკულ სწავლებაზე ავაგეთ.
პროგრამები მუდმივად ახლდება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და იქმნება ბიზნესსა და ტექნოლოგიურ ინდუსტრიასთან აქტიური თანამშრომლობით. სტუდენტები სწავლის პროცესშივე მონაწილეობენ რეალურ პროექტებში, გადიან პრაქტიკას კომპანიებში და ხშირად პირველი სამუშაო გამოცდილებაც უნივერსიტეტის დასრულებამდე აქვთ.
ამ მიდგომამ მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა. დღეს ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში, ნაწილი კი საკუთარ სტარტაპებსა და ინოვაციურ ბიზნესებს ავითარებს.
სწორედ ამ კავშირმა განათლებასა და პრაქტიკას შორის განაპირობა BTU-ის კურსდამთავრებულების დასაქმების მაღალი მაჩვენებელი.
ვისაუბროთ მომავალზეც. როგორი გინდათ იყოს BTU 2036 წელს? რა მიზნები გაქვთ შემდეგი ათწლეულისთვის?
მომდევნო ათწლეული ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით კიდევ უფრო დინამიკური იქნება. ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა მეცნიერება, კიბერუსაფრთხოება და სხვა თანამედროვე მიმართულებები არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ განათლების სისტემასაც მნიშვნელოვნად შეცვლის.
ჩვენი მიზანია, BTU კვლავ იყოს უნივერსიტეტი, რომელიც ამ ცვლილებებს წინ უსწრებს. გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებას, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და კვლევითი მიმართულებების განვითარებას, რათა სტუდენტებს შევთავაზოთ განათლება, რომელიც მომავალ პროფესიებს უპასუხებს.
ამავდროულად, გვინდა, BTU კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და საქართველო უფრო ხშირად ასოცირდებოდეს ინოვაციებთან, ტექნოლოგიურ განათლებასა და ხარისხიან აკადემიურ გარემოსთან.
დაბოლოს, რას ეტყოდით საკუთარ თავს 10 წლის წინ, როდესაც უნივერსიტეტი იქმნებოდა?
ალბათ, ვეტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
ათი წელი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც საწყისი ეტაპია. ამ პერიოდში შევძელით ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობების შექმნა, თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს განვითარება და ისეთი კურსდამთავრებულების აღზრდა, რომლებიც დღეს წარმატებით საქმიანობენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
თუ ყველაზე დიდ მიღწევას დავასახელებ, ეს სწორედ ადამიანები იქნებიან. მათი წარმატება ადასტურებს, რომ უნივერსიტეტმა სწორი გზა აირჩია და ეს გვაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო ამბიციური მიზნები დავისახოთ.
დარწმუნებული ვარ, BTU-ს განვითარების ყველაზე საინტერესო ეტაპი ჯერ კიდევ წინ არის.
R