პამელა ანდერსონმა ვენეციაში გამართულ amfAR Gala-ზე საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდზე ისაუბრა. მსახიობმა გაიხსენა C ჰეპატიტის დიაგნოზი, ექიმების უმძიმესი პროგნოზი და ის წლები, როდესაც დაავადება მისთვის ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა...
2026 წლის ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ amfAR Gala Venezia-ზე პამელა ანდერსონს "სიმამაცის ჯილდო" გადასცეს. თუმცა ჯილდოს მიღებაზე წარმოთქმული მისი სიტყვა მხოლოდ წარმატებასა და კარიერას არ ეხებოდა — ანდერსონმა აუდიტორიის წინაშე საკუთარი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული ისტორია გაიხსენა.
„ბევრი წლის წინ, როცა ჰეპატიტის დიაგნოზი დამისვეს, განკურნების გზები არ არსებობდა. მაშინ ეს სასიკვდილო განაჩენი იყო“, — თქვა მსახიობმა.
შემდეგ გაიხსენა ექიმის სიტყვები, რომლებიც წლების განმავლობაში ახსოვდა: „ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ დაახლოებით 10 წლის სიცოცხლე მქონდა დარჩენილი.“
ანდერსონისთვის დიაგნოზის ყველაზე მძიმე ნაწილი საკუთარი სიცოცხლის დაკარგვის შიში არ ყოფილა.მისი თქმით, მთავარი კითხვა ის იყო, რა ბედი ეწეოდათ მის პატარა შვილებს, თუ ის აღარ იქნებოდა მათ გვერდით.
„დარწმუნებული ვარ, ამან ჩემი გადაწყვეტილებები ძალიან შეცვალა და დაამახინჯა კიდეც. ეს არ იყო სიკვდილის შიში, არამედ შიში იმისა, თუ რა მოხდებოდა ჩემს პატარა შვილებთან. ამან ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა“, — თქვა მან.
ანდერსონს ორი ვაჟი, ბრენდონი და დილანი, ჰყავს. სწორედ დედობამ გახადა ექიმების პროგნოზი მისთვის კიდევ უფრო მძიმე.
იმ პერიოდში C ჰეპატიტის მკურნალობის შესაძლებლობები დღევანდელთან შედარებით ძალიან შეზღუდული იყო. თავად დაავადებას კი ხშირად „ჩუმ ინფექციას“ უწოდებენ ახლაც, რადგან ადამიანს შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი სიმპტომები საერთოდ არ ჰქონდეს, თუმცა ვირუსმა ღვიძლის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.
პამელა ანდერსონმა ჰეპატიტ C-ის შესახებ პირველად 2002 წელს ისაუბრა. მისი თქმით, ინფექცია 1990-იანი წლების ბოლოს მიიღო, როცა ყოფილ მეუღლესთან, მუსიკოს ტომი ლისთან, ტატუს გაკეთებისას მისი ნემსით ისარგებლა...
წლების შემდეგ სამედიცინო სფეროში ვითარება შეიცვალა.2011 წელს ჰეპატიტის წინააღმდეგ მკურნალობის მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა. ახალი თაობის მედიკამენტებმა დაავადების განკურნება შესაძლებელი გახადა.
ანდერსონმა საბოლოოდ მკურნალობა 2015 წელს დაიწყო.და მაშინაც კი, როცა განკურნების შესაძლებლობა უკვე არსებობდა, მას ეს პროცესი იაფად არ დასჯდომია.როგორც მსახიობმა amfAR-ის სცენაზე გაიხსენა, მკურნალობამ წაიღო „ყველაფერი, რაც ბანკში მქონდა“.2015 წლის ბოლოს განიკურნა. მისი ისტორია ამით დასრულდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაავადებამ მასზე მხოლოდ ფიზიკური კვალი არ დატოვა.
amfAR-ის სცენაზე ანდერსონმა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე აღიარებაც გააკეთა.მან თქვა, რომ დაავადებასთან დაკავშირებული სირცხვილისა და დანაშაულის განცდა მისთვის ხანგრძლივი, თითქმის ქვეცნობიერი მეგზური აღმოჩნდა. „ის ჩემში რჩება, ის კვლავ მაწუხებს“, — თქვა მან.
ანდერსონმა ეს განცდა ბავშვობაში გადატანილ სექსუალურ ძალადობასაც დაუკავშირა. მისი თქმით, ორივე გამოცდილებამ მასში ისეთი განცდა დატოვა, თითქოს ეს ყველაფერი შუბლზე ჰქონდა ამოტვიფრული — თითქოს ის „დაზიანებული საქონელი“ იყო.
მაგრამ ანდერსონის გამოსვლა საბოლოოდ ტრავმაზე არ ყოფილა.პირიქით — მისი მთავარი გზავნილი ძალა, თვითგამორკვევა და საკუთარი ისტორიის თავიდან დაწერა იყო.მსახიობმა თქვა, რომ თავისი სიმართლის გამოხატვის გზა ხელოვნებაში იპოვა.
„ჩემი სიმართლე ჩემი საქმის საშუალებით მოვიდა — იმ გზების პოვნით, რომელთა დახმარებითაც საკუთარი თავის გამოხატვა ხელოვნების საშუალებით შემეძლო.“მისი თქმით, ხელოვნებამ მისცა ის ძალა, რომელიც სჭირდებოდა, რათა საკუთარი გამოცდილებისთვის ახალი მნიშვნელობა მიეცა. ანდერსონმა აღნიშნა, რომ დღეს თავს უფრო ძლიერ და უფრო შესაძლებლობებით სავსე ადამიანად მიიჩნევს, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა.„მე მსხვერპლი არ ვარ. მე გამარჯვებული ვარ.“ - აღნიშნა პამელამ.
„მე ძლიერი ქალი ვარ და შესაძლებლობებით სავსე — ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე შემეძლო მეოცნება“, — თქვა მან. და ეს მართლაც ასეა, ბოლო წლებში "ახალი პამელა" გაცილებით მოთხოვნადი და პატივცემულია, ვიდრე წლების წინ.
როგორც ცნობილია, მრავალი წლის წინ "მალიბუს მაშველების" სექსუალური ლამაზმანს მხოლოდ ამ ამპლუაში აღიქვამდნენ.



ულამაზეს პამელას გამუდმებით სთავაზობდნენ სექსუალურ როლებს, შიშველ ფოტოსესიებს... პირად ცხოვრებაშიც არ უმართლებდა და საკმაოდ რთული გზა გაიარა ამ მხრივაც... წლების შემდეგ კი, ის სრულიად სხვა იმიჯით დაბრუნდა - დღევანდელი პამელა არის ქალი, რომელიც აგიტაციას უწევს ბუნებრიობას, იკეთებს მინიმალურ მეიქაფს, საცხოვრებლად დაბრუნდა ბებიის ძველ სახლში, რომელიც გაარემონტა, გააშენა ბაღ-ბოსტანი, სადაც თავად უვლის ყველაფერს, ბევრ დროს ატარებს სამზარეულოში და ზრუნავს უკვე წამოზრდილ შვილებზე.

ახალ იმიჯს კი მალე როლებიც მოჰყვა - საკმაოდ ანგარიშგასაწევი და სერიოზული და დღეს პამელა, რომელიც უკვე 60 წელს "უკაკუნებს", წითელი ხალიჩების მუდმივი ვარსკვლავია და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში.



