შეცდომები, რომელთა წყალობით ბავშვი ძილის წინ უფრო ენერგიული და აქტიური ხდება: "წიგნის წაკითხვა და ჩახუტება საკმარისი არ არის" - მშობლები

შეცდომები, რომელთა წყალობით ბავშვი ძილის წინ უფრო ენერგიული და აქტიური ხდება: "წიგნის წაკითხვა და ჩახუტება საკმარისი არ არის"

2026-09-15 08:47:39+04:00

ბავშვი აბანავეთ, პიჟამაში გამოაწყვეთ, წიგნი წაუკითხეთ, შუქი ჩაუქრეთ და ელით, რომ პატარას ტკბილად ჩაეძინება. მაგრამ ბავშვი მოულოდნელად წამოხტება, დარბის ან ტირის ან კიდევ ერთ ზღაპარს ითხოვს და ყველაფრისთვის მზადაა ძილის გარდა. რატომ ხდება ასე?

ზოგიერთი ჩვეული მოქმედება, რომელსაც უფროსები საღამოს აკეთებენ, შეიძლება შეუმჩნევლად უშლიდეს ხელს ბავშვის დაძინებას. ბავშვთა ძილის კონსულტანტები და ნეიროფსიქოლოგები ასახელებენ შეცდომებს, რომლებსაც მშობლები ყველაზე ხშირად უშვებენ ბავშვის დაძინებისას. როგორ უნდა გადავიდეთ აქტიური დღიდან ძილის რეჟიმზე.

შეცდომა №1 — აქტიური თამაშები ძილის წინ

მამა სამსახურიდან ბრუნდება და ბავშვთან თამაშს იწყებს. პატარა დარბის, ხტუნავს, კივის, იცინის. შემდეგ მშობლები საათს შეხედავენ, მიხვდებიან, რომ ძილის დროა და ხუთ წუთში ცდილობენ ბავშვის დაწვენას.

მაგრამ ბავშვი ტელეფონი არ არის, რომელსაც ერთი ღილაკის დაჭერით „ძილის რეჟიმზე“ გადავიყვანთ. მის ნერვულ სისტემას დრო სჭირდება აქტიური მდგომარეობიდან მშვიდ მდგომარეობაზე გადასასვლელად.

თუ უშუალოდ დაძინებამდე ბავშვი ბევრს მოძრაობდა, ემოციურად იყო აღგზნებული, ირგვლივ ხმაური იყო ან ბევრი ახალი შთაბეჭდილება მიიღო, მას დამშვიდება და ძილზე გადართვა გაუჭირდება.

ზოგჯერ მშობლები ბავშვის ასეთ აღგზნებას იმას მიაწერენ, რომ მას ჯერ არ ეძინება: „რა ძილი, შეხედეთ, რამდენი ენერგია აქვს!“

სინამდვილეში კი საღამოს მოულოდნელი „მეორე სუნთქვა“ ზოგჯერ სწორედ გადაღლილობისა და ზედმეტი აღგზნების ნიშანია.

როგორ მოვიქცეთ?

საჭირო არ არის, ბავშვს მთელი საღამო მშვიდად ჯდომა ვაიძულოთ. უბრალოდ, ძილის მოახლოებასთან ერთად აქტივობის ინტენსივობა თანდათან უნდა შევამციროთ.

მაგალითად, დაჭერობანა შეიძლება მშვიდი თამაშით შევცვალოთ, შემდეგ გადავიდეთ პიჟამის ჩაცმაზე, წიგნის კითხვასა და ჩახუტებაზე.

ასე იქმნება ერთგვარი „კიბე ძილისკენ“ — ბავშვი აქტიური მდგომარეობიდან ეტაპობრივად გადადის მოდუნებასა და სიმშვიდეზე.

შეცდომა №2 — ეკრანი ძილის წინ

„მულტფილმს უყურებს და ბოლოს და ბოლოს მშვიდად წევს. ესე იგი, ისვენებს“.

გარედან მართლაც შეიძლება ასე ჩანდეს, მაგრამ ის, რომ ბავშვი ოთახში აღარ დარბის, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მისი ნერვული სისტემა ძილისთვის მზადაა.

ეკრანი ნიშნავს მკვეთრ სინათლეს, სწრაფად ცვალებად გამოსახულებებს, მუსიკას, საუბარს, სიუჟეტს და უამრავ გამღიზიანებელს. გარდა ამისა, საღამოს ეკრანის სინათლემ შეიძლება გავლენა მოახდინოს ძილის ჰორმონის, მელატონინის, გამომუშავებასა და ორგანიზმის ძილისთვის მომზადებაზე.

ამიტომ არ გამოიყენოთ ტელეფონი ან პლანშეტი ბავშვის დასამშვიდებლად უშუალოდ დაძინების წინ.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ მულტფილმის გამორთვას პროტესტი მოჰყვება — ბავშვი კიდევ ერთ მულტფილმს ითხოვს, ტირის, ბრაზდება და მშვიდად დაძინების ნაცვლად ოჯახში დამატებითი კონფლიქტი იწყება.

უმჯობესია, ეკრანთან გატარებული დრო უფრო ადრე დასრულდეს და ძილის წინ მშვიდი საქმიანობისთვის დარჩეს დრო.

შეცდომა №3 — ყოველ საღამოს ძილისთვის მომზადება სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს

დღეს ბავშვს თამაშისას ჩაეძინა. ხვალ — მულტფილმის შემდეგ. ზეგ კი დედა მოულოდნელად ეუბნება: „მორჩა, სწრაფად გაიხეხე კბილები და დაწექი!“

შემდეგ კი მშობლებს უკვირთ, რატომ აპროტესტებს ბავშვი დაძინებას.

პატარა ბავშვებისთვის პროგნოზირებადობა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ არის სასარგებლო ძილისწინა რიტუალი.

ეს არ არის მოქმედებების „ჯადოსნური ნაკრები“, რომლის შემდეგაც ბავშვს აუცილებლად ხუთ წუთში უნდა ჩაეძინოს. მისი დანიშნულებაა, ბავშვის ტვინმა ერთმანეთის მიყოლებით მიიღოს ნაცნობი სიგნალები: დღე მთავრდება, აქტივობა მცირდება და მალე ძილის დრო მოვა.

რიტუალი არც ხანგრძლივი უნდა იყოს და არც რთული. მაგალითად:

სათამაშოები დავალაგეთ, დავიბანეთ, პიჟამა ჩავიცვით, განათება შევამცირეთ, წიგნი წავიკითხეთ, ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ღამე მშვიდობისა ვუსურვეთ.

მთავარია, მოქმედებების ეს თანმიმდევრობა ბავშვისთვის გასაგები იყოს და ყოველდღიურად მეორდებოდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ძილისწინა რიტუალი მანამდე უნდა დავიწყოთ, სანამ ბავშვი უკიდურესად გადაიღლება.

თუ უკვე ტირის, თვალებს იფშვნეტს, დაღლილობისგან ძალა აღარ აქვს და საკუთარ ემოციებს ვეღარ უმკლავდება, ყველაზე კარგად დაგეგმილმა რიტუალმაც კი შეიძლება ვერ უზრუნველყოს ის სიმშვიდე, რომელსაც მშობლები ელიან.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ძილის განწყობის შექმნაში

ბავშვის ძილი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. მნიშვნელოვანია დღის კომფორტული რეჟიმი, ძილის საკმარისი მოთხოვნილება, შესაბამისი გარემო, ძილის წინ მშვიდი პერიოდი, პროგნოზირებადი რიტუალი და ბავშვისთვის ჩვეული დაძინების მეთოდი.

ამიტომ ერთი უნივერსალური რჩევა, მაგალითად, „ნუ აბანავებთ ბავშვს ძილის წინ“, პრობლემას ვერ გადაჭრის.

ღამისთვის კარგი მომზადება არის მოქმედებების ისეთი თანმიმდევრობა, რომლის შემდეგაც კონკრეტულად თქვენი ბავშვი მშვიდდება და მისთვის ფხიზელი მდგომარეობიდან ძილზე გადასვლა უფრო მარტივი ხდება.

თუ დაძინებას რეგულარულად ახლავს ხანგრძლივი პროტესტი და ტირილი ან ბავშვის დაძინებას 40–60 წუთი სჭირდება, მიზეზი შესაძლოა მხოლოდ ძილისწინა რიტუალი არ იყოს. ყურადღება უნდა მიექცეს დღის რეჟიმს, დაგროვილ დაღლილობასა და ძილის სხვა პირობებს.

ზოგჯერ საკმარისია, ოდნავ შევცვალოთ ძილის წინა ბოლო საათი — გარემო უფრო პროგნოზირებადი გავხადოთ, ზედმეტი აღგზნება შევამციროთ და ბავშვის დღის რეჟიმს მეტი ყურადღება მივაქციოთ. ამის შედეგად დაძინების პროცესი თანდათან შეიძლება გაცილებით მშვიდი გახდეს.

ენერგიული და ფხიზელი ბავშვის ლოგინში ჩაწვენას მხოლოდ იმიტომ, რომ დილით ადრე უნდა გაიღვიძოს, აზრი არ აქვს - ძილის სპეციალისტის რჩევები