"ბავშვი სკოლაში გამოძინებული უნდა წავიდეს - ეს წესი ნებისმიერ ასაკს ეხება" - თამარ ედიბერიძე საუბრობს, როგორ გავუმარტივოთ ბავშვს სასკოლო გარემოსთან ადაპტირება - მშობლები

"ბავშვი სკოლაში გამოძინებული უნდა წავიდეს - ეს წესი ნებისმიერ ასაკს ეხება" - თამარ ედიბერიძე საუბრობს, როგორ გავუმარტივოთ ბავშვს სასკოლო გარემოსთან ადაპტირება

2026-09-15 13:25:03+04:00

რა ძირითადი ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის სკოლისათვის მომზადებისას და რამდენად მნიშვნელოვანია, მას წინასწარ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მივაწოდოთ ინფორმაცია, თემაზე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე საუბრობს:

- ბავშვი სკოლაში გამოძინებული უნდა წავიდეს - ეს წესი ნებისმიერ ასაკს ეხება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ის დანაყრებული იყოს. ეს განსაკუთრებით ადრეული ასაკის მოსწავლეებს ეხება, თუმცა არც უფროსკლასელებისთვისაა მეორეხარისხოვანი. ​ამასთანავე, შუალედში წასახემსებლად სათანადო დრო, ადგილი, სივრცე და გარემო უნდა გამოიყოს. ბავშვს კუთხისა თუ მოფარებული ადგილის ძებნა არ უნდა უწევდეს იმისათვის, რომ წაიხემსოს. თავად წასახემსებელი ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რომ მის მოპოვებაზე დიდი დრო და ენერგია არ დაიხარჯოს. ​დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ეს პირობები მაქსიმალურად იყოს დაცული. შედარებით მოზრდილი მოსწავლეები გარკვეულწილად თვითონაც შეძლებენ ადაპტირებას, თუმცა პირველ და მეორე კლასელებს ხშირად უჭირთ ორიენტირება, როდესაც ცალკე ბუფეტია მოსაძებნი, ცალკე - საპირფარეშო. ​საპირფარეშოსა თუ სხვა მნიშვნელოვანი სივრცეების მდებარეობა ბავშვს პირველივე დღეს უნდა გავაცნოთ და არა - პირველი კვირის განმავლობაში. ისევე, როგორც მასწავლებელსა და სკოლის სტრუქტურას ვეცნობით, პირველივე დღესვე უნდა ვაჩვენოთ, სად არის წასახემსებელი ადგილი, ჰიგიენის წერტილი თუ სასმელი წყალი. ეს ფიზიოლოგიურად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დეტალებია, რათა პატარა ბავშვს ამ საკითხებზე ნერვიულობა და ძებნა არ მოუწიოს.

- როგორ უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს, რომლებიც მეორე, მესამე ან მომდევნო კლასებში გადადიან?

- ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, მოსწავლე იგივე სკოლაში აგრძელებს სწავლას თუ გარემოს იცვლის - ანუ ხვდება თუ არა მას რაიმე სიახლე, თუ უბრალოდ ახალ სასწავლო წელს იწყებს. ​კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს როგორც ნაცნობ, ისე ახალ გარემოებებზე ვესაუბროთ. წინასწარ უნდა შევამზადოთ იმისათვის, თუ ვინ დახვდება - მისი მეგობრები, ნაცნობები თუ მასწავლებლები. იდეალური იქნება, თუ სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მათთან დაკავშირებასა და გასაუბრებას შეძლებს. ​

ამასთანავე, წინასწარ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია მოსალოდნელი სიახლეების შესახებაც: ექნება თუ არა ახალი საგანი, რას მოიცავს ეს დისციპლინა, იცვლება თუ არა ჩაცმულობის სტილი, მერხების განლაგება თუ სკოლის შინაგანაწესი. სიახლეების შესახებ წინასწარი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათ შორის ცოტა მოზრდილი ბავშვებისათვის.

რა ასაკიდან უნდა იძინებდეს ბავშვი ცალკე ოთახში და რომელ ასაკში რამდენი საათი უნდა ეძინოს - თამარ ედიბერიძის რეკომენდაციები
საკვები პროდუქტები, რომლებიც ბავშვს ტვინის და მეხსიერების განვითარებაში ეხმარება - თამარ ედიბერიძე ასახელებს