ადგილობრივი მედიისა და ჟურნალ People-ის ცნობით, 27 წლის ფინელი ინფლუენსერი ოლივია ორასი პლასტიკური ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
31 აგვისტოს ოლივია ლიპოსაქციისთვის ჰელსინკიში მდებარე კერძო პლასტიკური ქირურგიის ცენტრს ესტუმრა. ანესთეზიის დროს ბლოგერმა მოულოდნელად გონება დაკარგა და კომაში ჩავარდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და რამდენიმე დღეში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა...
ოლივიას ოჯახი უკვე დაუკავშირდა პოლიციას. სამართალდამცველებმა გამოძიება გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის მუხლით დაიწყეს: რამდენიმე ექიმი ეჭვმიტანილია, კლინიკა კი დროებით დაიხურა.
გამოძიების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, გარდაცვალების შესაძლო მიზეზი ოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე ორასის მიერ გადატანილი გრიპი იყო - მწვავე რესპირატორული ინფექციის დროს ანესთეზია შესაძლოა ფატალური ყოფილიყო.
ოლივია ორასი ცნობილი მხატვრის, იოჰანა ორასისა და ხელოვნების დილერის, რეიჯო ორასის ოჯახში დაიბადა და პოპულარული მოზარდობის ასაკიდან გახდა. 2016 წელს დოკუმენტური ფილმის „იდეალური სელფის“ მთავარი გმირი იყო. ფილმი მის ცხოვრებასა და საჯაროობის უარყოფით გავლენებს ეძღვნებოდა.



ოლივია ძალიან პოპულარული ინფლუენსერი იყო, თუმცა ცხოვრება ადვილი არ ყოფილა: ღიად საუბრობდა ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაზე და მკურნალობას რეაბილიტაციის ცენტრში გადიოდა. მას შემდეგ, რაც მამამისს ფილტვის ფიბროზი დაუდგინდა, ორასმა დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია Oras Respiratus Ry, რომელიც მხარს უჭერს ფილტვების სკრინინგულ კვლევას.