20 წლის წინ რუსეთის საზოგადოება მძიმე ისტორიამ შეძრა — მოსკოველი მეხუთეკლასელი ვალია ისაევა, რომელიც მხოლოდ 11 წლის იყო, დედა გახდა. ბავშვის მამა მასზე რვა წლით უფროსი, 19 წლის ხაბიბ პატახონოვი იყო. მაშინ პატარა ვალია ტელეეკრანებიდან ყველას სთხოვდა, ახალშობილი ქალიშვილი მისთვის არ წაერთმიათ და პირობას დებდა, რომ კარგი დედა იქნებოდა.


20 წელზე მეტი გავიდა. მისი ქალიშვილი ამინა უკვე 21 წლისაა, ხოლო დედა-შვილი ერთმანეთს არ ელაპარაკება. 2026 წლის სექტემბერში ისინი იმავე ტელეგადაცემის სტუდიაში შეხვდნენ ერთმანეთს, რომლიდანაც მათი ისტორია წლების წინ მთელმა ქვეყანამ გაიგო. ამჯერად შეხვედრა სენტიმენტებით არ დასრულებულა: დედა და ქალიშვილი ერთმანეთს მძიმე ბრალდებებს უყენებდნენ, ცემა-ტყეპამდეც მივიდა.

ვალია ისაევა მეურვე ბებიასთან იზრდებოდა. მოგვიანებით ვალიამ მუსლიმა დაირქვა.
ოჯახს ფინანსურად უჭირდა და ბებია ბინაში ოთახს აქირავებდა. ერთ-ერთი მდგმური ტაჯიკეთიდან მოსკოვში სამუშაოდ ჩასული ხაბიბ პატახონოვი იყო. სწორედ მასთან დაიწყო 11 წლის გოგონას ურთიერთობა.

ვალიას ორსულობის შესახებ საკმაოდ გვიან გაიგეს. 2005 წლის ივლისში მან საკეისრო კვეთით გოგონა გააჩინა. მას ამინა დაარქვეს.
საქმეში სამართალდამცველებიც ჩაერთნენ. ხაბიბის წინააღმდეგ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საბოლოოდ მას სამი წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს და ვალიასთან ერთად ცხოვრება აუკრძალეს გოგონას სრულწლოვანებამდე.

იმ პერიოდში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ახალშობილი ამინას ბედი იყო. არსებობდა შესაძლებლობა, რომ ბავშვი დედისთვის ჩამოეშორებინათ, თუმცა ვალია ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
მაშინ 11 წლის დედა ახალშობილის დატოვებას ითხოვდა და ხაბიბსაც იცავდა. გოგონა ამბობდა, რომ შვილზე თავად იზრუნებდა.

მომდევნო წლებში ვალია და ხაბიბი საბოლოოდ მაინც ერთად დარჩნენ. მოგვიანებით ოფიციალურად დაქორწინდნენ და კიდევ სამი შვილი — ვაჟები ამირი, დამირი და იუსუფი შეეძინათ.
თითქოს ისტორიას ბედნიერი დასასრული გამოუჩნდა, თუმცა წლების შემდეგ სრულიად სხვა სურათი გამოიკვეთა.

ვალიამ მოგვიანებით არაერთხელ ისაუბრა ოჯახში ძალადობაზე. მისი თქმით, ხაბიბი მას სცემდა და ეჭვიანობის ნიადაგზე ძალადობდა. ჯერ კიდევ 2017 წელს ის ჰყვებოდა შემთხვევაზე, როდესაც ქმარმა მანქანაში სცემა და შემდეგ სახლში გამოკეტა.
2026 წლის გადაცემაშიც ვალიამ თქვა, რომ ამინა ბავშვობიდან ხედავდა მამის მხრიდან დედაზე ძალადობას. მისი მონათხრობით, ოჯახში მომხდარის შესახებ ახლობლებმაც იცოდნენ, მაგრამ სათანადო მხარდაჭერა ვერ მიიღო.

მედიაში წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ ხაბიბს ტაჯიკეთში სხვა ოჯახი ჰყავდა. ვალია და ხაბიბი საბოლოოდ დაშორდნენ. 2026 წლის მონაცემებით, ხაბიბი ნიუ-იორკში ცხოვრობს.
ყველაზე მძიმე განცხადება ვალიამ 2026 წელს გააკეთა. ქალი, რომელიც 11 წლის ასაკში ყველას სთხოვდა, შვილს ნუ წამართმევთო, ახლა ამბობს, რომ მაშინ შეცდა.
მისი თქმით, რომ არა ასეთი ადრეული დედობა, შეეძლო ესწავლა, პროფესია მიეღო, ემუშავა და სრულიად განსხვავებული ცხოვრება ჰქონოდა. დღეს ის ნანობს, რომ თავის დროზე მეურვეობის ორგანოებს ამინას წაყვანის უფლება არ მისცა.
თუმცა დედა და ქალიშვილი მომხდარს სრულიად განსხვავებულად ხედავენ.
21 წლის ამინას თქმით, ბავშვობიდანვე მას უმცროსი და-ძმების მოვლა დააკისრეს. იგი ამბობს, რომ ფაქტობრივად ძიძის ფუნქციას ასრულებდა და სწორედ ამან შეუშალა ხელი საკუთარი ცხოვრების მოწყობასა და განათლების მიღებაში.
2026 წლის გადაცემაში ვალია ქალიშვილს ადანაშაულებდა, რომ მან სკოლა მიატოვა, არ სწავლობდა, არ მუშაობდა და ოჯახს არც უმცროსი ბავშვების მოვლაში და არც ხარჯების დაფარვაში ეხმარებოდა.
ამინას ვერსია განსხვავებულია: მისი თქმით, დედა მას მუდმივად იყენებდა უმცროსი ბავშვების მომვლელად და საბოლოოდ მას უბრალოდ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება მოუნდა.

ამინა ასევე ამტკიცებს, რომ დედა მას სცემდა და საბოლოოდ სახლიდან გააგდო. მისი მონათხრობით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც წასასვლელი არსად ჰქონდა და ღამის გათევა მაღაზიაშიც კი მოუხდა.
თავის მხრივ, ვალია ქალიშვილს მძიმე ბრალდებებს უყენებს. იგი ამბობს, რომ ამინამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გულახდილი ფოტოებით ოჯახი „შეარცხვინა“. ვალია ასევე ამტკიცებს, რომ მეხუთე შვილზე ორსულობისას ამინამ მუცელში დაარტყა, რასაც ნაადრევი მშობიარობა მოჰყვა. ეს დედის ვერსიაა და გადაცემაში ამ ბრალდების დამოუკიდებელი დადასტურება წარმოდგენილი არ ყოფილა.
20 წლის წინ კამერების წინ ვალია ახალშობილ ამინას გულში იკრავდა და მის დატოვებას ითხოვდა. 2026 წლის სექტემბერში კი მათი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. გადაცემის ფრაგმენტში დედა-შვილი ერთმანეთს ეჩხუბება და ვალია ამინას ურტყამს.

დღეს ისინი უკვე დაახლოებით სამი წელია ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ამინა მეგობართან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და მიმტანად მუშაობს. მისი თქმით, ფინანსურად უჭირს. ვალიას ვაჟებიდან უფროსი და შუათანა მამის ნათესავებთან, ტაჯიკეთში ცხოვრობენ.