"ეს საშუალებები სათამაშო არ არის... მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს მათი შვილებისთვის დიდი საფრთხეა" - მევლუდ მელაძე სქროლის, კვადროციკლისა და სამთვლიანი ტრანსპორტი საფრთხეებზე - მშობლები

"ეს საშუალებები სათამაშო არ არის... მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს მათი შვილებისთვის დიდი საფრთხეა" - მევლუდ მელაძე სქროლის, კვადროციკლისა და სამთვლიანი ტრანსპორტი საფრთხეებზე

2026-09-17 09:07:17+04:00

ბოლო პერიოდში სოფლებსა და რეგიონებში სულ უფრო ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები კვადროციკლებით, ელექტრო სკუტერებითა და სხვა მსგავსი სატრანსპორტო საშუალებებით სამანქანო გზებზე დამოუკიდებლად გადაადგილდებიან. ზოგჯერ მათ ამავე ტრანსპორტით მცირეწლოვანი ბავშვებიც გადაჰყავთ, რაც საგზაო უსაფრთხოების კუთხით დამატებით რისკებს ქმნის. რამდენადაა მსგავსი გადაადგილება დასაშვები, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ მშობლებს და რა პრობლემებია კანონმდებლობასა და აღსრულებაში - ამ საკითხებზე საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე, გვესაუბრება:

- ყოველ მოვლენას თავისი წინაპირობა აქვს - პროცესი სადღაც იწყება და შემდეგ გარკვეული ფორმით ვითარდება. ეს საწყისები კონკრეტულ საფრთხეებს შეიცავს, რომელთა დანახვაც წინასწარაა შესაძლებელი. თუ რისკებს წინასწარ ვერ ვხედავთ, მათი გამოვლენისთანავე შესაბამისი რეაგირება და ჩარევაა საჭირო, რომ საფრთხეები თავიდან ავირიდოთ.

ჩვენს რეალობაში ჩინურ იაფფასიან ბაზარზე წვდომამ განაპირობა ის, რომ მსგავსი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების შემოყვანა გაიოლდა და გაიაფდა. დაბალმა ფასმა და მარტივმა მოვლა-პატრონობამ მოსახლეობას მათი მასობრუვად შეძენის შესაძლებლობა მისცა. თავისთავად, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა ამ მიმართულების განვითარებას მეორე მხარეც - მზადყოფნა, სწავლება, რეგულაციები, მოთხოვნები და აღსრულება უნდა დახვედროდა.

ამ ნაწილში სახელმწიფო საგრძნობლად ჩამორჩა. შედეგად მივიღეთ რეალობა, როდესაც ტრანსპორტი გვაქვს, თუმცა მისი სწორად გამოყენება არ ვიცით. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც ცოდნამდე და განათლებამდე მიდის. ვფიქრობ, საგზაო უსაფრთხოების სწავლება ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან უნდა იწყებოდეს, შემდეგ სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში გრძელდებოდეს. შესაძლოა, ყველა ვერ გახდეს მეცნიერი, მაგრამ საგზაო მოძრაობის მონაწილე, ამა თუ იმ ფორმით, თითოეული ჩვენგანი ხდება.

პატარა ბავშვები და თინეიჯერები საფრთხეს საერთოდ ვერ აღიქვამენ. ამიტომ, რისკები უფროსმა თაობამ, მშობლებმა და ახლობლებმა უნდა შეაფასონ. ამ პროცესში სახელმწიფო სტრუქტურებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ. ერთი მხრივ, საგანმანათლებლო კუთხით უნდა გადაიდგას ნაბიჯები, ხოლო, მეორეს მხრივ - ინფრასტრუქტურა მოეწყოს. რაკი ამ რეალობას ვერ გავექცევით და ელექტრო სკუტერები თუ სხვა მსგავსი საშუალებები უკვე არსებობს, გარემო მაქსიმალურად ისე უნდა მოვაწყოთ, რომ გადაადგილება უსაფრთხო იყოს. მაგალითად, ევროპის სხვადასხვა ქვეყანამ სიჩქარე 25 კმ/სთ-მდე შეზღუდა - ევროპაში ვერ შევა ისეთი სკუტერი, რომელსაც მცირეწლოვანი გამოიყენებს და 25 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება შეეძლება.

გარდა ამისა, არსებობს სპეციალური მოწმობები, სანომრე ნიშნები და სხვა მექანიზმები, რომლებიც პროცესს გარკვეულ ჩარჩოებსა და სწორ მიმართულებას აძლევს. ასევე, მოქმედებს მთელი რიგი აკრძალვები, მათ შორის მკაცრი ასაკობრივი ზღვარი და მასზე შესაბამისი რეაგირება. ჩვენთან კი, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამო, მცირეწლოვნებს პასუხს ვერ სთხოვენ - ეს პრობლემა მაღაზიების ქურდობისა თუ დარბევის შემთხვევებშიც არაერთხელ გამოვლინდა. რაკი კანონმდებლობაში ეს საკითხი გამოტოვებულია, მის მოსაგვარებლად დრო არავის რჩება. რადგან ეს ინფორმაცია საზოგადოებაში ვრცელდება, მოზარდები ყველაფერს იგებენ, თამამდებიან და ქუჩებში სხვადასხვა საშუალებით გადაადგილებას უპრობლემოდ ბედავენ, ხედავენ, რომ ამას რეაგირება არ მოჰყვება.

საერთო სურათი რომ შევაფასოთ, სახელმწიფოს როლი ამ პროცესში გადამწყვეტია, თუმცა, ჩვენს რეალობაში ის ძალიან შესუსტებულია. სახელმწიფოს შესუსტებული როლი საზოგადოებას თვითნებობის უფლებას აძლევს, რასაც დღეს ხილულ შედეგამდე მივყავართ. ეს მრავალი ფაქტორის ერთობლიობაა და ცალკეულ მიზეზს ვერ გამოვყოფთ. საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება. სიტუაცია ძალიან საყურადღებოა და რეაგირება სასწრაფოდაა დასაწყები. ინფრასტრუქტურას რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში, შეზღუდვების დაწესება, მათი აღსრულება და მცირეწლოვანთა განათლებაა აუცილებელი.

- ახლახან გავრცელდა ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქე აღნიშნავდა, რომ ერთ-ერთ სოფელში, სამანქანო გზაზე, 13 წლის მოზარდი ელექტროსამთვლიანით გადაადგილდებოდა და შიგნით 9-10 წლის ბავშვები ესხდნენ. საინტერესოა, როდესაც საპატრულო პოლიცია ასეთ ფაქტს ხედავს, არსებობს თუ არა ჯარიმის ან სხვაგვარი ზემოქმედების მექანიზმი, თუ ამ კუთხით კანონმდებლობაში სრული სიცარიელეა?

- წესით, პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება. პოლიციელს აქვს უფლება, ფაქტი დააფიქსიროს და მშობელს კანონდარღვევის აღკვეთა მოსთხოვოს. თუმცა, სამწუხაროდ, პროცესი უფრო ღრმად ვერ მიდის. ამის გამო, სამართალდამცავები ხშირად მხოლოდ ბავშვების გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. ეს კი, საბოლოო ჯამში, არასრულწლოვნების წახალისებასა და გათამამებას იწვევს. ისინი კიდევ უფრო მეტად ერთვებიან მსგავს აქტივობებში. ვფიქრობ, ამ თემაზე აქტიურად უნდა ვსაუბრობდეთ, ფაქტებს ვაფიქსირებდეთ და მშობლებს ინფორმაციას ვაწვდიდეთ. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ შვილებისთვის ასეთ ტრანსპორტზე წვდომის მიცემა უდიდესი საფრთხეა და ის გასართობ საშუალებას არ წარმოადგენს. როგორც წესი, მამებსა და ბაბუებს უხარიათ, როდესაც პატარა ბავშვი ტრანსპორტს მართავს. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ეს შესაძლოა, სავალალო შედეგით დასრულდეს. ტრაგედიის დადგომის შემდეგ კი გვიანია. რადგან მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს და პროცესები საკუთარ თავზე არ გამოუცდია, მძიმე შედეგებს ვიღებთ. ჩემი ოჯახის პირადი გამოცდილებაც რომ ავიღო: ჩემს შვილს თანატოლებმა ავტომობილით მიაკითხეს. საჭესთან 13 წლის მოზარდი იჯდა. მათ სიჩქარეს გადააჭარბეს, მართვაზე კონტროლი დაკარგეს და ორი ბავშვი დაიღუპა. პასუხისმგებლობა კი არავის დაკისრებია. მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იმუშავებს იმაზე, რომ არასრულწლოვნებსაც ჰქონდეთ გარკვეული პასუხისმგებლობა, კანონის მიმართ შიში და რიდი, პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება. პატარა ქვეყანა ვართ და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დანაშაულს სასჯელი არ მოჰყვება, სწრაფად ვრცელდება. უპასუხისმგებლობას კი სწორედ იმ კატასტროფამდე მივყავართ, რასაც დღეს ვხედავთ.

- საფრთხეებზე საუბრისას, კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ, კონკრეტულად, რა რისკები ახლავს მცირეწლოვნებისა და თინეიჯერების მიერ კვადროციკლის, სკუტერისა თუ ელექტროსამთვლიანის გამოყენებას?

- მართვას სჭირდება ცოდნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საშუალებები უწყინრად გამოიყურება, მათ შორის, კვადროციკლი ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია. კვადროციკლი არის ტრანსპორტი, რომელზეც მართვის დაკარგვა, გადაბრუნება და სხეულის დაზიანება ყველაზე ადვილადაა შესაძლებელი.

ის, რომ ტრანსპორტი სათამაშოს ჰგავს, მის უსაფრთხოებას არ ნიშნავს. თუ ბავშვს ეს სფერო აინტერესებს, ჯობს, სპეციალურ სკოლაში იაროს, სადაც მართვასა და რისკების გადაზღვევას ისწავლის. ვინც საფრთხეებს იცნობს, ის გაცილებით ფრთხილად მოქმედებს. ხოლო ის, ვისაც ცოდნა არ აქვს, საფრთხეს მხოლოდ მაშინ აღიქვამს, როდესაც უბედური შემთხვევა უკვე მომხდარია.

- ელექტრო სკუტერით (სქროლით) ან სხვა მსგავსი საშუალებით გადაადგილებისას, სჭირდება თუ არა არასრულწლოვანს რაიმე სახის დოკუმენტი ან ნებართვა?

- ცივილიზებულ სამყაროში ასაკობრივი შეზღუდვები მოქმედებს. ჩვენთან ასაკობრივი ბარიერი მხოლოდ ტრანსპორტის გაქირავებისასაა სიმბოლურად დაწესებული, ხოლო ყიდვის შემთხვევაში არანაირი კონტროლი არ არსებობს. ამ მიმართულებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს. წლების წინ, როდესაც ვამბობდი, რომ ორთვლიანი ტრანსპორტი საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, ფართოდ გავრცელდებოდა, ეს ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა. ქალაქის ცენტრის მჭიდრო განაშენიანების გამო, ავტომობილითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება გაჭირდა. თბილისის რელიეფის გათვალისწინებით, ველოსიპედის გამოყენება რთულია, რის გამოც ელექტრო ან შიდაწვის ძრავიანი ორთვლიანი ტრანსპორტი ყველაზე მოხერხებული ალტერნატივა გახდა. ეს პროგნოზი გამართლდა, თუმცა საკანონმდებლო რეგულაციები და საზოგადოებრივი ცნობიერება ამ პროცესს ჩამორჩა. დღეს არ არსებობს მკაფიო სისტემა, თუ რა მოეთხოვება მშობელს ან პატრულს, ან რა პასუხისმგებლობა მოჰყვება დარღვევას. მკაცრი კონტროლის არარსებობის პირობებში კი ბავშვები იმას აკეთებენ, რაც სურთ. ეს საკითხი აუცილებლად დასარეგულირებელია.

- სკუტერებზე კიდევ ერთხელ მინდა გკითხოთ. ქალაქში ამ ტრანსპორტით არაერთი არასრულწლოვანი თუ სრულწლოვანი გადაადგილდება. სჭირდება თუ არა სკუტერის ქირაობას ან პირად გამოყენებას რაიმე დოკუმენტი?

- გაქირავებისას ასაკობრივი შეზღუდვა განაცხადში მითითებულია, თუმცა ქუჩაში მდგარი აპარატი მომხმარებლის ვინაობას ეფექტურად ვერ ამოწმებს - ბავშვები მშობლის საბანკო ბარათებსა და აპლიკაციებს იყენებენ. ხოლო პირადი სკუტერის ყიდვა და გადაადგილება ნებისმიერს შეუძლია. პრობლემა მხოლოდ არასრულწლოვნებს არ ეხება.

ჩვენს ქვეყანაში ორთვლიანი ტრანსპორტის მართვის კულტურა ახლა ყალიბდება, რის გამოც ცოდნა და გამოცდილება ჯერ კიდევ მწირია. შედეგად, სკუტერით გადაადგილებისას უამრავი ადამიანი დაშავდა, მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა ან დაიღუპა. ეს ტრანსპორტი შეცდომებს არ პატიობს.

თუ ველოსიპედის მართვისას შესაძლებელია საჭისთვის ხელის გაშვება, სკუტერის შემთხვევაში ერთხელიანი მართვაც კი წონასწორობის მყისიერ დაკარგვასა და ვარდნას იწვევს. რადგან სწავლება და ტესტირება არ არსებობს, მობილურის თუნდაც ჯიბიდან ამოღება პირდაპირ წაქცევითა და მძიმე ტრავმებით სრულდება.

- მოტოციკლისა და სკუტერის მოძრაობის წესები თუ რეგულირდება? ავტომობილების მსგავსად, წესების დარღვევისთვის ჯარიმები გათვალისწინებულია?

- შესაბამისი საგზაო ნიშნებიც კი იშვიათობაა… ველობილიკები მოულოდნელად წყდება და მინიშნებაც კი არ არის, თუ საით უნდა განაგრძოს გზა მძღოლმა. შესაბამისად, რის დარღვევას დააფიქსირებენ? სკოლებში საგზაო მოძრაობის წესები არ ისწავლება, ხოლო შესაბამისი ცოდნის გარეშე საკანონმდებლო რეგულაციები ეფექტური ვერ იქნება.

- როგორია უცხოური პრაქტიკა? განვითარებულ ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების მკაცრი წესები მოქმედებს?

- რა თქმა უნდა. განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, ჰოლანდიაში, მოხვევისას მანევრის გამოტოვებაზე ან სხვა დარღვევაზე შესაბამისი პასუხისმგებლობა და ჯარიმები მოქმედებს. პოლიცია ორთვლიანი ტრანსპორტის დარღვევებზე ისევე რეაგირებს, როგორც ავტომობილებზე.

- ასაკობრივი შეზღუდვაც მკაცრია?

- დიახ, ტრანსპორტის მართვის უფლება ასაკის მატებასთან და შესაბამისი სასწავლო კურსების გავლის შემდეგ გაიცემა.

- არსებობენ თუ არა ჩვენს ქვეყანაში სპეციალისტები, რომლებიც მოზარდებს უსაფრთხო გადაადგილების წესებს შეასწავლიან?

- რადგან სახელმწიფოს მხრიდან სავალდებულო მოთხოვნა არ არსებობს, ოფიციალური სასწავლო პროგრამებიც არ გვაქვს. ავტომობილის მართვის სწავლებისასაც კი არ არსებობს მინიმალური სტანდარტი და ინსტრუქტორთა სერტიფიცირების სისტემა. ამ კუთხით დიდი ჩამორჩენაა. ბევრი არა, მაგრამ არსებობს სკოლები, სადაც მსურველს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება საკუთარი ინიციატივით შეუძლია. თუმცა, ეს პროცესი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს.

- რა იქნება თქვენი მთავარი რეკომენდაცია მშობლებისთვის, როდესაც საქმე მსგავს სატრანსპორტო საშუალებებსა და უსაფრთხოებას ეხება?

- მნიშვნელოვანია, მშობლებმა გააცნობიერონ, რომ ეს საშუალებები სათამაშო არ არის. მე ძალიან ფრთხილი ვიქნებოდი. სანამ შვილს ასეთ ტრანსპორტს ანდობენ, უმჯობესია, გაიარონ კონსულტაცია, თავად გაჰყვნენ, პრაქტიკა გაატარონ, იპოვონ სკოლა, სადაც შეასწავლიან, რა რისკებია მოასალოდნელი და ამის შემდეგ, ეტაპობრივად მისცენ მართვისა და გადაადგილების უფლება.

თამარ იაკობაშვილი