როცა ბავშვი არ გიჯერებთ — 8 ნაბიჯი, რომლებიც დასჯაზე უკეთ "მუშაობს" - მშობლები

როცა ბავშვი არ გიჯერებთ — 8 ნაბიჯი, რომლებიც დასჯაზე უკეთ "მუშაობს"

2026-09-17 09:44:24+04:00

ბავშვი არ ასრულებს თქვენს თხოვნებს, გეკამათებათ, თავად იძლება მითითებებს და ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაც გრჩებათ, თითქოს სახლში ყველაფერი მის სურვილზეა აწყობილი. ასეთ დროს მშობლები გამოსავალს ეძებენ.

დაუმორჩილებლობა ყოველთვის განებივრებას არ ნიშნავს. პატარა ბავშვებისთვის „არა“ ხშირად განვითარების ბუნებრივი ნაწილია — ისინი სწავლობენ დამოუკიდებლობას, საკუთარ სურვილებს ამოწმებენ და ჯერ კიდევ უჭირთ ემოციებისა და იმპულსების მართვა. ამიტომ პირველი ნაბიჯი ბავშვის „გამოსწორება“ კი არა, იმის გარკვევაა, რას ვითხოვთ მისგან და შეესაბამება თუ არა ეს მოთხოვნა მის ასაკსა და შესაძლებლობებს.

ჯერ საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვით

რამდენი წლისაა ბავშვი? შეუძლია იმ საქმის დამოუკიდებლად შესრულება, რასაც სთხოვთ? ზუსტად ესმის, რას ელით მისგან? ძალიან დაღლილი, მშიერი ან გაღიზიანებული ხომ არ არის? თქვენს ოჯახში წესები მუდმივია თუ ხან მოქმედებს და ხან — არა?

მაგალითად, 3 წლის ბავშვისგან სათამაშოების დამოუკიდებლად დალაგების მოთხოვნა შეიძლება ზედმეტი იყოს, მაგრამ მას უკვე შეუძლია მშობელთან ერთად რამდენიმე სათამაშოს ყუთში ჩაყრა. ასაკის მატებასთან ერთად პასუხისმგებლობაც თანდათან იზრდება.

თუ ბავშვი მიჩვეულია, რომ პროტესტის შემდეგ უფროსები გადაწყვეტილებას ცვლიან, პრობლემა ხშირად არა „ცუდ ხასიათში“, არამედ "დაულაგებელ" საზღვრებშია.

1. დააწესეთ მკაფიო საზღვრები, მაგრამ ნუ გადააქცევთ ყველაფერს ძალაუფლების ბრძოლად

თუ წესი ნამდვილად მნიშვნელოვანია, მშვიდად და თანმიმდევრულად დაიცავით. მაგალითად: „ვიცი, რომ თამაში გინდა, მაგრამ ახლა ძილის დროა“ ან „გაბრაზება შეიძლება, დარტყმა — არა“.

ბავშვის ტირილი, გაბრაზება ან პროტესტი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მშობელმა მოთხოვნა უნდა გააუქმოს. ამავე დროს, მიზანი არ უნდა იყოს ბავშვის „დამარცხება“ და ნებისმიერ ფასად დამორჩილება.

ზოგიერთ სიტუაციაში მოთხოვნის გადახედვაც ნორმალურია. თუ ბავშვი დაღლილია ან დავალება მის ასაკს არ შეესაბამება, მოტხოვნის შეცვლა და მეტი მოქნილობა სისუსტე არ არის.

2. მიეცით არჩევანი იქ, სადაც არჩევანი შესაძლებელია

ბავშვებს თანამშრომლობა უფრო უადვილდებათ, როდესაც გარკვეულ კონტროლს თავადაც გრძნობენ.

„ჩაიცვი!“ ნაცვლად შეიძლება უთხრათ: „ლურჯი მაისური გინდა თუ მწვანე?“

„ახლავე დაალაგე!“ ნაცვლად: „ჯერ მანქანებს დავალაგებთ თუ კუბიკებს?“

თუმცა არჩევანი მხოლოდ მაშინ შესთავაზეთ, როდესაც ორივე ვარიანტი თქვენთვის მისაღებია. თუ სახლიდან აუცილებლად უნდა გახვიდეთ, კითხვა „გინდა წავიდეთ?“ ბავშვს არჩევანის ილუზიას უქმნის.

3. ბავშვს ასაკის შესაბამისი პასუხისმგებლობები მიეცით

ოჯახში ბავშვს მხოლოდ უფლებები კი არა, პატარა პასუხისმგებლობებიც უნდა ჰქონდეს. ასაკის მიხედვით ეს შეიძლება იყოს სათამაშოების ალაგებაში მონაწილეობა, სუფრაზე ხელსახოცების მიტანა, საკუთარი ტანსაცმლის კალათაში ჩადება, შინაური ცხოველისთვის წყლის დასხმა ან ყვავილების მორწყვა.

მნიშვნელოვანია, რომ საოჯახო საქმეები მხოლოდ სასჯელად არ იქცეს. უკეთესია ბავშვმა თანდათან გაიგოს: „ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და თითოეული ჩვენგანი რაღაცას აკეთებს საერთო საქმისთვის“.

ასევე არ არის აუცილებელი ყოველი მოვალეობა პრივილეგიით ან ჯილდოთი „იყიდოთ“. ზოგი საქმე უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

4. თქვით კონკრეტულად, რას ელით

პატარა ბავშვისთვის აბსტრაქტული მითითებები ხშირად რთული გასაგებია. ამიტომ „კარგად მოიქეცი“, „წესიერად იყავი“ ან „ოთახი მოაწესრიგე“ ნაკლებად ეფექტურია.

უფრო გასაგებია: „მანქანები ამ ყუთში ჩავაწყოთ“, „წიგნები თაროზე დავალაგოთ“, „ჭამის წინ ხელები დავიბანოთ“.

შეგიძლიათ დავალება თამაშადაც გადააქციოთ: „ვნახოთ, სანამ ეს სიმღერა დასრულდება, რამდენ სათამაშოს მოვასწრებთ ყუთში ჩაყრას“.

5. ნუ მისცემთ ერთდროულად ბევრ მითითებას

განსაკუთრებით პატარა ბავშვს გრძელი ინსტრუქცია შეიძლება უბრალოდ დაავიწყდეს. მიუახლოვდით, დაამყარეთ თვალით კონტაქტი და უთხარით ერთი მოკლე, გასაგები რამ.

„წადი ოთახში, ჩაიცვი, სათამაშოები დაალაგე, ჩანთა წამოიღე და ფეხსაცმელიც ჩაიცვი“ გაცილებით რთული შესასრულებელია, ვიდრე ეტაპობრივი მითითებები.

6. წინასწარ გააფრთხილეთ ცვლილებების შესახებ

ბავშვებისთვის განსაკუთრებით რთულია სასიამოვნო საქმიანობის მოულოდნელად შეწყვეტა. ამიტომ გაფრთხილება ხშირად ამცირებს პროტესტს:

„კიდევ 10 წუთი ითამაშებ და მერე აბაზანაში მივდივართ“.

ცოტა ხანში შეგიძლიათ შეახსენოთ: „კიდევ 2 წუთი დაგრჩა“.

ასე ბავშვს დრო აქვს ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადასასვლელად.

7. ემოცია მიიღეთ, საზღვარი კი შეინარჩუნეთ

შესაძლებელია ერთდროულად უთხრათ ბავშვს: „ვხედავ, ძალიან გაბრაზდი, რადგან კიდევ გინდოდა თამაში“ და მაინც არ შეცვალოთ გადაწყვეტილება.

ბავშვის ემოციის აღიარება არ ნიშნავს მისთვის ყველაფრის ნებას დართვას. პირიქით, ის სწავლობს, რომ გაბრაზება, წყენა და იმედგაცრუება ნორმალური გრძნობებია, მაგრამ ყველა ქცევა მისაღები არ არის.

8. ყურადღება მხოლოდ ცუდ ქცევას ნუ მოჰყვება

თუ ბავშვი ყურადღებას ძირითადად მაშინ იღებს, როდესაც ყვირის, კამათობს ან რაღაცას ითხოვს, ასეთი ქცევა შეიძლება უნებლიეთ გაძლიერდეს.

შეამჩნიეთ თანამშრომლობაც: „დავინახე, რომ სათამაშოები მაშინვე შეაგროვე“, „მადლობა, რომ დამეხმარე“, „ყოჩაღ, რომ თვითონ გაგახსენდა ხელების დაბანა“.

უმჯობესია შეაქოთ კონკრეტული ქცევა და ძალისხმევა და არა უბრალოდ უთხრათ: „კარგი ბიჭი ხარ“ ან „კარგი გოგო ხარ“.

და ყველაზე მნიშვნელოვანი — საზღვრები სიყვარულს არ აუქმებს

ბავშვს წესები და სითბო ერთდროულად სჭირდება. ჩაეხუტეთ, ეთამაშეთ, მოუსმინეთ მის ამბებს, დაინტერესდით იმით, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ბავშვის მონაყოლი შეიძლება უფროსისთვის უმნიშვნელო ჩანდეს, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანი იყოს.

ჯანსაღ ოჯახურ ურთიერთობაში არც ბავშვია „ოჯახის უფროსი“ და არც მშობლის მიზანია ბავშვის სრული დამორჩილება. უფროსი იღებს ასაკისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ადგენს უსაფრთხო საზღვრებს, ბავშვს კი ამ საზღვრებში აძლევს არჩევანის, დამოუკიდებლობისა და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობას.

საბოლოო მიზანი „დამჯერი ბავშვის“ გაზრდა კი არა, ისეთი ბავშვის აღზრდაა, რომელსაც თანდათან შეუძლია წესების დაცვა, პასუხისმგებლობის აღება, სხვების საჭიროებების გათვალისწინება და საკუთარი ემოციებისა და სურვილების მართვა.

რას გვეუბნება ბავშვის სიჯიუტე და როგორ უნდა მართოს ეს თანამედროვე მშობელმა
ჯიუტ და ჭირვეულ ბავშვებთან გამკლავების ჭკვიანური ხერხები: შენიშვნების კორიანტელით და ბრძანებებით მაინც არაფერი გამოდის