სოციალურ ქსელებში ალბათ შეგხვედრიათ ვიდეოები, რომელთა ახსნაც ერთი შეხედვით რთულია: პატარა გოგონა მშვიდად ზის ან წევს, მის გარშემო კი ძაღლები არიან მოკალათებულნი, ზოგჯერ გოჭი და ქათამებიც. ბავშვი მათ უმღერის, ეფერება და პინჩერის ჯიშის ძაღლები, რომლებიც განსაკუთრებით ენერგიული და ფიცხი ხასიათით არიან ცნობილი, ერთმანეთის მიყოლებით მშვიდდებიან და იძინებენ.
გოგონას ელენა სოფია ჰქვია. ის ბრაზილიაში ცხოვრობს და ინტერნეტში „პინჩერების მომაჯადოებლის“ სახელით გახდა ცნობილი.
მისი ისტორია განსაკუთრებით საინტერესოა იმიტომ, რომ თავდაპირველად ოჯახს არც პოპულარული სოციალური ქსელის შექმნა ჰქონია დაგეგმილი და არც სოფიასთვის „ინფლუენსერის კარიერა“.

2023 წელს, როდესაც სოფია 5 წლის იყო, მამამისმა, ტატუს ოსტატმა ფაბრისიო დავიმ, გადაიღო ვიდეო, რომელშიც ბავშვი ჰამაკში იწვა, მის გვერდით მოკალათებულ ცხოველებს საბავშვო სიმღერებს უმღეროდა და აძინებდა.
ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა.
მოულოდნელად ჩანაწერმა უზარმაზარი ყურადღება მიიპყრო. სხვა ადგილობრივი მედიის ცნობით, ოჯახის ერთ-ერთმა პირველმა ვიდეომ დაახლოებით 4 მილიონი ნახვა დააგროვა.

ამის შემდეგ მამამ სოფიასა და ცხოველების ურთიერთობის გადაღება გააგრძელა. სწორედ ის იღებდა და ამონტაჟებდა ვიდეოებს, ხოლო ბავშვის სოციალური ქსელების მართვაში მშობლები მონაწილეობდნენ.
რამდენიმე თვეში სოფიას უკვე ასობით ათასი გამომწერი ჰყავდა. ვიდეოებს ბრაზილიის დიდი ტელეარხებიც დაინტერესდნენ.
სოფიას ოჯახში 9 პინჩერი, კატა, გოჭი და ქათამი ცხოვრობენ. ყველაზე უფროს ძაღლს ლოლა ჰქვია. 2023 წელს ის 5 წლის იყო, ყველაზე პატარა, სკუბი კი — მხოლოდ 6 თვის. სწორედ სკუბის ასახელებდა სოფია თავის განსაკუთრებულ ფავორიტად.
ოჯახის მონაყოლიდან კიდევ ერთი საინტერესო გარემოება ირკვევა: პირველი ძაღლი მათ სოფიას დაბადებამდეც ჰყავდათ. როდესაც დაინახეს, როგორი ძლიერი სიყვარული ჰქონდა ბავშვს ცხოველების მიმართ, მათი ოთხფეხა ოჯახის წევრების რაოდენობაც თანდათან გაიზარდა.
სოფიას ცხოველებთან ურთიერთობა მხოლოდ მათი დაძინებით არ შემოიფარგლება. ვიდეოებში ის მათთან ჩვეულებრივ საბავშვო თამაშებსაც თამაშობს — ხან ექიმია და ცხოველები „პაციენტები“ არიან, ხან წიგნებს უკითხავს, ხან მათთან ერთად ისვენებს და სეირნობს.

პინჩერებს საკმაოდ ენერგიული და ფიცხი ძაღლების რეპუტაცია აქვთ, ვიდეოებში კი სოფიას გვერდით ერთდროულად რამდენიმე მათგანი სრულიად მშვიდად წევს.
გოგონამ ადგილობრივ ჟურნალისტებს უამბო, რომ ძაღლების დასაძინებლად საყვარელ საბავშვო სიმღერებს მღერის.
ოჯახის თქმით, მთავარი საიდუმლო მხოლოდ სიმღერა არ არის. ძაღლები სოფიასთან დაბადებიდანვე ძალიან ახლო ურთიერთობაში არიან და ბავშვი მათ მუდმივად ეფერება და ეთამაშება.
ოჯახის განმარტებით, ძაღლების ხასიათი დიდწილად იმ გარემოს უკავშირდება, რომელშიც გაიზარდნენ — მათ ყოველთვის სიყვარულითა და ყურადღებით ექცეოდნენ. ცხოველები მიჩვეული არიან სოფიას ხმას, შეხებასა და მოფერებას და მოსწონთ, როდესაც ბავშვი მათთვის მღერის.
სოფიას დედის თქმით, რეალურ ცხოვრებაში ეს ძაღლები მთელი დღე ასე მშვიდად ნამდვილად არ არიან.ისინი დარბიან, თამაშობენ, ყეფენ და ცელქობენ, მაგრამ როდესაც სოფია სიმღერას იწყებს, მშვიდდებიან.

ვიდეოები იმდენად უჩვეულოდ გამოიყურებოდა, რომ სოციალურ ქსელში სხვა ვერსიაც გავრცელდა.
ზოგიერთმა მომხმარებელმა ივარაუდა, რომ ერთდროულად ამდენი პინჩერის ასე მშვიდად ყოფნა შეუძლებელი იყო და ოჯახი ძაღლებს ვიდეოს გადაღებამდე დამამშვიდებელ პრეპარატებს აძლევდა.
2024 წლის აპრილში ოჯახს ამ ბრალდებაზე საჯაროდ პასუხის გაცემა მოუხდა.
მშობლებმა განმარტეს, რომ ცხოველებს არ აძინებენ და არ აძლევენ დამამშვიდებელ საშუალებებს. მათი თქმით, სოციალურ ქსელში ატვირთული 15-20-წამიანი ვიდეო არ ასახავს ძაღლების მთელ დღეს.
სოფიას ვიდეოების გავრცელების სისწრაფემ მისი მშობლებიც გააოცა.
2023 წლის ნოემბერში ადგილობრივი გამოცემა A Gazeta do Acre წერდა, რომ გოგონას Instagram-ზე დაახლოებით 400 ათასი გამომწერი ჰყავდა და გარკვეულ პერიოდში გვერდს დღეში კიდევ 1 000-2 000 ადამიანი ემატებოდა.
მიუხედავად ასეთი პოპულარობისა, ოჯახი ამბობდა, რომ სოფიას გამომწერების დიდი ნაწილი არა აკრედან, არამედ ბრაზილიის სხვა რეგიონებიდან იყო.
სოფიას დედა შვილს ერთგვარ ინფლუენსერსაც უწოდებდა, თუმცა არა მხოლოდ სოციალური ქსელის პოპულარობის გამო. მისი აზრით, გოგონა სხვა ბავშვებს ცხოველების სიყვარულისკენ უბიძგებდა.
როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა უნდოდა გამოსულიყო, გოგონამ უპასუხა, რომ ექიმობა და ცხოველებზე ზრუნვა სურდა — ანუ, ფაქტობრივად, ვეტერინარობაზე ოცნებობდა.
მისი მშობლებისთვის კი სოციალური ქსელის გვერდს კიდევ ერთი მიზანი აქვს.
ოჯახის აზრით, სოფიასა და მისი ცხოველების ვიდეოებმა ბავშვებს ორი რამ შეიძლება აჩვენოს: ცხოველების მიმართ სიყვარული და ის, რომ ბავშვობა მხოლოდ ტელეფონსა და ეკრანთან გატარებული დრო არ არის.
სოფიას დედა ამბობდა, რომ თანამედროვე ბავშვები ხშირად დიდ დროს ატარებენ ტელეფონებთან, მათ კი სურთ, შვილს ის გამოცდილებაც ჰქონდეს, რაც თავად ჰქონდათ ბავშვობაში — თამაში, ცხოველებთან ურთიერთობა და ყოველდღიური პატარა თავგადასავლები.