ბავშვებისა და მოზარდებისთვის ტექნოლოგიურ განათლებაზე წვდომის გაფართოება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 10 წლის განმავლობაში BTU-მ შექმნა პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებს ციფრული უნარების განვითარებაში, ხელოვნური ინტელექტის გაცნობაში, ინოვაციურ აზროვნებასა და საერთაშორისო შესაძლებლობებისთვის მომზადებაში ეხმარება.
ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა Junior Tech, რომელიც UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამა 15-დან 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის შეიქმნა და ციფრული წიგნიერების, კომუნიკაციისა და პრაქტიკული ტექნოლოგიური უნარების განვითარებას ემსახურებოდა. პროექტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალურად დაუცველ, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში ჩართულ ახალგაზრდებს.
BTU-მ ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხელოვნური ინტელექტის განათლებაც განავითარა. შეიქმნა AI Literacy Bootcamp, რომელიც მონაწილეებს ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, მის პრაქტიკულ გამოყენებასა და უსაფრთხო ციფრულ ქცევას აცნობს. ამავე მიმართულებას აგრძელებს AI4Globe - UNESCO-ს მიერ აღიარებული საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის AI წიგნიერების კომპონენტსაც მოიცავს.
ახალგაზრდების ინოვაციური და სამეწარმეო უნარების განვითარებას ემსახურება UPSHIFT - სოციალური ინოვაციების პროგრამა 14-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის. ინიციატივის ფარგლებში მონაწილეები იკვლევენ საკუთარ თემებში არსებულ პრობლემებს და მენტორების მხარდაჭერით ქმნიან მათ გადასაჭრელად ინოვაციურ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ იდეებს. პროგრამა აერთიანებს დიზაინ აზროვნებას, სოციალურ მეწარმეობასა და პრობლემების პრაქტიკულ გადაწყვეტას.
პროექტების პარალელურად, BTU მთელი ქვეყნის მასშტაბით თანამშრომლობს სკოლებთან და ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ ბანაკებს, ჰაკათონებსა და თემატურ საგანმანათლებლო აქტივობებს ატარებს. ეს ინიციატივები მონაწილეებს გუნდური მუშაობის, კრეატიული აზროვნებისა და ტექნოლოგიური იდეების პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.
UNICEF-თან თანამშრომლობით BTU-ში გაიხსნა ბავშვის უფლებათა ცენტრი, რომელიც ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნის გავრცელებასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ცენტრი აერთიანებს აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობას და ბავშვთა უფლებების საკითხების უფრო ფართო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას უწყობს ხელს.
ახალგაზრდების საერთაშორისო წარმატების მხარდაჭერისთვის BTU-მ პარტნიორებთან ერთად საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბიც შექმნა. ჰაბი ინფორმატიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენას, ეროვნული ნაკრებების მომზადებასა და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას უზრუნველყოფს. მისი მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს ტექნოლოგიური განათლების პოტენციალი გლობალურ დონეზე წარმოაჩინოს.
10 წლის განმავლობაში BTU-ს ბავშვებისა და მოზარდებისთვის შექმნილი ინიციატივები ცალკეული საგანმანათლებლო პროექტებიდან მრავალმხრივ მიმართულებად ჩამოყალიბდა. უნივერსიტეტმა ათასობით ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა, მიეღო თანამედროვე ცოდნა, განევითარებინა ციფრული და სამეწარმეო უნარები და საკუთარი შესაძლებლობები ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეცნიერების მიმართულებით აღმოეჩინა.
R