"როგორც მშობლები გამოვკითხეთ, ბავშვებს ღებინება საღამოს საათებში დაეწყოთ, ყველა საჯარო ბაღიდან არის...” - რა ვითარებაა  ამჟამად კლინიკებში, სადაც ინტოქსიკაციით ბაღის ბავშვები გადაიყვანეს - მშობლები

"როგორც მშობლები გამოვკითხეთ, ბავშვებს ღებინება საღამოს საათებში დაეწყოთ, ყველა საჯარო ბაღიდან არის...” - რა ვითარებაა  ამჟამად კლინიკებში, სადაც ინტოქსიკაციით ბაღის ბავშვები გადაიყვანეს

2026-09-18 11:23:43+04:00

თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიებას ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აწარმოებს. "მოამბე" ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორს, მაია ჩხაიძეს, ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ბავშვები ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში ღამის განმავლობაში შეიყვანეს.

"16 პაციენტია შემოსული გუშინ. ძირითადად, როგორც მშობლები გამოვკითხეთ, ანამნეზში ღებინება საღამოს საათებში დაეწყოთ. ზოგს დიარეა აქვს გამოხატული, ზოგს - არა, ცხელების გარეშე; ყველა საჯარო ბაღიდან არის. რეანიმაცია და ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებიათ, მაგრამ დიაგნოზის დასაზუსტებლად, ვთქვათ, ეს კვებითი ინტოქსიკაციაა თუ სხვა რამ, რაც გასტროენტერიტს იწვევს - ამის დასადგენად ნაღებინები მასის გამოკვლევაა საჭირო, რისი საშუალებაც კლინიკაში არ არის, და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ მასას წაიღებს და გამოიკვლევს. ჯერჯერობით ვერ გაეწერებიან, იმიტომ, რომ ზოგი ღამის 1 საათზეა შემოსული, ზოგი - ღამის 2 საათზე. ჯერჯერობით უნდა დავაკვირდეთ, იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, შეიძლება, დიარეამაც წამოიწიოს. გასტროენტერიტის კლინიკა ამ ეტაპზე ყველასთანაა გამოხატული."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

"გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე 6 სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს”, - წერია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.