სკოლა ზოგჯერ მხოლოდ სკოლა არ არის. ის შეიძლება გადარჩენისა და მომავლის რწმენის სიმბოლო გახდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სკოლის ისტორია ომსა და განადგურებას უკავშირდება.
ასეთია ერგნეთის საჯარო სკოლა, რომელიც ორჯერ სრულიად განადგურდა და ორჯერვე თავიდან აღდგა. თითოეული აგურის ხელახლა დაწყობა მხოლოდ შენობის აღდგენას არ ნიშნავდა. ეს იყო განათლების კერისა და მომავლის რწმენის დაბრუნება.
დღეს სკოლაში 29 მოსწავლე სწავლობს. პატარა კონტინგენტი აქ განსაკუთრებულ, თითქმის ოჯახურ გარემოს ქმნის. ბავშვებს ერთმანეთი და მასწავლებლები კარგად იცნობენ, თითოეულ მოსწავლეს კი ინდივიდუალური ყურადღება ეთმობა.
„ჩვენი სკოლა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის. ეს არის გამძლეობის, სიცოცხლისუნარიანობისა და იმედის სიმბოლო. მოსწავლეთა მცირე რაოდენობა ქმნის განსაკუთრებულ, თითქმის ოჯახურ გარემოს. აქ თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური ყურადღება ეთმობა, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის კი მჭიდრო, გულწრფელი ურთიერთობაა“, - გვიყვება მაგული ოქროპირიძე ერგნეთის საჯარო სკოლის შესახებ.
მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებიც კონფლიქტისპირა რეგიონში ცხოვრებას ახლავს, სკოლაში ყოველდღიურობა სწავლის სურვილით, შემოქმედებითი ენთუზიაზმითა და ერთმანეთის მხარდაჭერით გრძელდება. სკოლას კი არაერთი საჭიროება აქვს. აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელიც ბავშვებს აგრძნობინებს, რომ ისინი და მათი სკოლა საზოგადოების ყურადღების მიღმა არ რჩებიან. სწორედ ამ მიზნით ერგნეთის საჯარო სკოლას კომპანია „ბიბლუსის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და მოსწავლეებს სასკოლო საჩუქრები გადასცეს.
წიგნები, საკანცელარიო ნივთები და სასკოლო აქსესუარები ბავშვებისთვის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან სიხარულად იქცა. თითოეული ნივთის დათვალიერება და ახალი წიგნების ხელში აღება მათთვის სასიამოვნო ემოციებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ამ ვიზიტის მნიშვნელობა მხოლოდ საჩუქრებში არ ყოფილა.
„ბიბლუსის“ ვიზიტი და ბავშვებისთვის სასკოლო საჩუქრების გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური მოვლენა აღმოჩნდა. კონფლიქტისპირა რეგიონში მდებარე, მცირეკონტინგენტიანი სკოლისთვის მსგავს მხარდაჭერას რამდენიმე საკვანძო ასპექტი აქვს. კონფლიქტისპირა ზოლში მცხოვრები ბავშვებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმის განცდას, რომ ისინი მივიწყებულნი არ არიან. კერძო სექტორისა და მსხვილი ორგანიზაციების ყურადღება მათ აძლევს დამატებით სტიმულს, ისწავლონ და განვითარდნენ. გარდა ამისა, ეს ოჯახებისთვის ფინანსური შეღავათი გახლავთ. სასკოლო ნივთებისა და წიგნების შეძენა გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მსგავსი საჩუქრები რეალურად ამსუბუქებს ადგილობრივი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ ტვირთს. ამავდროულად, ახალი წიგნები, საკანცელარიო ინვენტარი და საგანმანათლებლო რესურსები მოსწავლეებს ეხმარება, არ ჩამორჩნენ თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს. ბიზნესის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში აჩვენებს სოლიდარობას და საზოგადოების ერთიანობას მომავალი თაობის დასახმარებლად,“ - აღნიშნავს მაგული ოქროპირიძე.
ერგნეთის სკოლაში გამართული შეხვედრაზე თითოეულმა ბავშვმა თავი განსაკუთრებულად იგრძნო. და ალბათ სწორედ ეს არის მხარდაჭერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - ბავშვისთვის თქმა, რომ ის მნიშვნელოვანია.
სკოლა, რომელიც ორჯერ განადგურდა და ორჯერვე აღდგა, დღესაც აგრძელებს ცხოვრებას. 29 ბავშვი ყოველდღე მიდის სკოლაში, სწავლობს, კითხულობს, ოცნებობს და მომავალზე ფიქრობს. და როდესაც მათ გვერდით ადამიანები და ორგანიზაციები დგანან, მხარდაჭერა მხოლოდ წიგნებისა და სასკოლო ნივთების გადაცემაზე მეტი ხდება. ის ბავშვებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათი განათლება, მათი სკოლა და მათი მომავალი მნიშვნელოვანია.
R