ბავშვები ძალიან სწრაფად სწავლობენ არა მხოლოდ იმას, რასაც მშობლები პირდაპირ ეუბნებიან, არამედ იმასაც, როგორ მიიღონ მათგან სასურველი პასუხი. ისინი აკვირდებიან ჩვენს მიმიკას, ტონს, რეაქციებს, ხვდებიან, როდის ჯობს თხოვნა, როდის — გაჩუმება და რომელ მშობელთან რა მიდგომა „მუშაობს“. სწორედ ამიტომ აღზრდისას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მოთხოვნებსა და წესებს, არამედ იმასაც, რა გზას ვუტოვებთ ბავშვს მიზნის მისაღწევად.
ზედმეტმა სიმკაცრემ, მუდმივმა კონტროლმა და მხოლოდ შედეგზე ორიენტირებამ შესაძლოა ბავშვს ძალისხმევის ნაცვლად სხვა გამოსავლის ძებნა ასწავლოს — როგორ აირიდოს თავიდან დასჯა, როგორ დამალოს შეცდომა ან როგორ მიიღოს სასურველი შედეგი ყველაზე მარტივი გზით.
ამაზე საუბრობს ფსიქოლოგი რუსო კილაძე და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რამდენად ადვილად ერგებიან ბავშვები უფროსების ქცევასა და მათ მიერ შექმნილ წესებს: „ბავშვები ძალიან მოქნილები და ადაპტურები არიან. ძალიან მარტივად ხვდებიან თქვენი მიმიკით, რა სჭირდებათ — მამას როგორ უთხრან, დედას როგორ უთხრან, რა ფორმით და ა.შ. თუ მარტო შედეგზე ვიქნებით ორიენტირებული, ბავშვი აუცილებლად მოიფიქრებს რაღაც მეთოდს, რომ შედეგი მალე მიიღოს, მაგრამ არ ჩადოს ძალისხმევა. არადა, ყველაფერი სწორედ ძალისხმევით მიიღწევა. ყველაზე მკაცრი მშობლები ზრდიან ყველაზე მატყუარა შვილებს. ყველაზე ლმობიერები - უპასუხისმგებლო შვილებს... თუმცა, რამდენად იდეალური მშობელიც არ უნდა იყოთ, თქვენი შვილი რომ ფსიქოთერაპევტთან მივა, მაინც ყველაფერში თქვენ დაგადანაშაულებთ.“