გადავა თუ არა თქვენი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში, თუკი სისტემური რეგისტრაციის ვადებში ვერ მოასწრებთ მის რეგისტრაციას - განმარტავს ადვოკატი - მშობლები

გადავა თუ არა თქვენი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში, თუკი სისტემური რეგისტრაციის ვადებში ვერ მოასწრებთ მის რეგისტრაციას - განმარტავს ადვოკატი

2026-09-19 10:24:37+04:00

გადავა თუ არა თქვენი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში, თუ სისტემური რეგისტრაციის ვადებში მისი რეგისტრაცია ვერ მოასწარით? — ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც მიწის ნაკვეთით წლებია სარგებლობს, თუმცა ის დღემდე მის სახელზე რეგისტრირებული არ არის.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, სისტემური რეგისტრაციის ვადის გასვლა თავისთავად არ ნიშნავს, რომ მოქალაქის დაურეგისტრირებელი მიწა ავტომატურად სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. 2026 წლის 1 იანვრიდან მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციის მოთხოვნა კვლავ შეუძლიათ, თუმცა უკვე სპორადული რეგისტრაციის წესით (სპორადული რეგისტრაცია მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს, რომ მიწის რეგისტრაციის პროცესი მოქალაქემ თავისი ინიციატივით, ინდივიდუალურად უნდა დაიწყოს). ამასთან, 2027 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტებში (თვითმმართველი ქალაქების გარდა) საჯარო რეესტრი სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში კვლავ ახორციელებს, მათ შორის, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას.

თუმცა არსებობს შემთხვევა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება: თუ წლებია სარგებლობთ მიწის ნაკვეთით, მაგრამ ის თქვენს სახელზე რეგისტრირებული არ არის, აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ, რა სტატუსით არის ეს ტერიტორია საჯარო რეესტრში აღრიცხული. განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევა, როდესაც მიწა, რომელიც მოქალაქეს თავისი ჰგონია და იყენებს კიდეც, საჯარო რეესტრში უკვე სახელმწიფოს საკუთრებად არის რეგისტრირებული.

სწორედ ასეთ შემთხვევაზე ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი თამარ გაბადაძე. ის განმარტავს, რას უნდა მიაქციოს ყურადღება მოქალაქემ, თუ ნაკვეთს უკვე აქვს საკადასტრო კოდი, სახელმწიფოს საკუთრებად არის აღრიცხული და ამონაწერში სახელმწიფოს საკუთრების უფლების შეზღუდვის შესახებ ჩანაწერიც ფიქსირდება.

„გადავა თუ არა თქვენი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში, თუკი სისტემური რეგისტრაციის ვადებში ვერ მოასწრებთ მის რეგისტრაციას?

ბევრი მოქალაქე ინტერესდება აღნიშნულით და მინდა, ერთ-ერთ შემთხვევაზე გაგიმახვილოთ ყურადღება.

თუ თქვენთვის საინტერესო მიწის ნაკვეთი აღრიცხულია სახელმწიფოს საკუთრებად, შესაბამისი საკადასტრო კოდი აქვს მინიჭებული და ვალდებულებების გრაფაში არის მითითება, რომ სახელმწიფოს საკუთრების უფლება შეზღუდულია 2026 წლის პირველ იანვრამდე, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ.

თუ თქვენი მიწის ნაკვეთი სწორედ ამ საზღვრებში მდებარეობს, დაიწყეთ სარეგისტრაციო წარმოება, აზომეთ მიწის ნაკვეთი და აუცილებლად მიმართეთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუნდაც სპორადული წესით, ანუ თქვენი ინიციატივით დაიწყეთ წარმოება.

მართალია, აღნიშნული ნაკვეთი დღეის მდგომარეობით სახელმწიფოს საკუთრებადაა აღრიცხული, თუმცა ვალდებულების ნაწილი, რომელიც შესაბამის ამონაწერში უკვე მიგითითეთ, 2026 წლის პირველი იანვრიდან მოეხსნება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხდება სრულუფლებიანი მესაკუთრე და მას, როგორც ნებისმიერ მესაკუთრეს, რომელიც ქონებაზე საკუთრების უფლებას ფლობს, შეუძლია სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს განკარგოს აღნიშნული ქონება“, — განმარტავს ადვოკატი თამარ გაბადაძე.

როგორ შეგვიძლია თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონება - განმარტავს ადვოკატი
ვინ შეძლებს მიწების უფასოდ დაკანონებას - ახალი რეფორმის დეტალები