"აზრი, თითქოს პური მხოლოდ ბევრ ნახშირწყალს შეიცავს, სწორი არ არის. ცილასაც შეიცავს დიდი რაოდენობით" - პროფესორი გლუტენთან და პურთან  დაკავშირებულ მითებზე - მშობლები

"აზრი, თითქოს პური მხოლოდ ბევრ ნახშირწყალს შეიცავს, სწორი არ არის. ცილასაც შეიცავს დიდი რაოდენობით" - პროფესორი გლუტენთან და პურთან  დაკავშირებულ მითებზე

2026-09-20 14:15:33+04:00

პური ერთ-ერთი პირველი პროდუქტია, რომელსაც წონის დაკლების ან ჯანსაღ კვებაზე გადასვლის დროს ადამიანები რაციონიდან იღებენ. ამის მთავარი მიზეზი ნახშირწყლებია — გავრცელებულია მოსაზრება, რომ პური მათ დიდი რაოდენობით შეიცავს და ამიტომ დიეტურ კვებასთან შეუთავსებელია. თუმცა რამდენად გამართლებულია პურზე სრულად უარის თქმა და ყველა ადამიანისთვის პრობლემურია თუ არა გლუტენი?

ამ თემაზე გადაცემა „იმუნიტეტეში“ გამოყენებითი მეცნიერების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნუგზარ ჯოგლიძემ ისაუბრა.

წამყვანი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული მოსაზრება, რომ სწორი კვებისა და დიეტის დროს პური აუცილებლად უნდა ამოვიღოთ რაციონიდან. მან პროფესორს სთხოვა განემარტა, რა სარგებლობა აქვს პურს და არსებობს თუ არა საერთოდ მისი სრულად შეზღუდვის აუცილებლობა.

ნუგზარ ჯოგლიძის თქმით, პურისადმი ასეთი დამოკიდებულება მცდარია:

„რა თქმა უნდა, ეს მცდარი შეხედულებაა. პური ისეთი პროდუქტია, რომლის გარეშე ადამიანს ალბათ ცხოვრება გაუჭირდება — ჯანმრთელობა მაქვს მხედველობაში. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ პურში შედის B ჯგუფის ვიტამინები — რვა B ვიტამინი. ყველა B ვიტამინს თავისი ფუნქცია აქვს, დაწყებული ნერვული სისტემის მოწესრიგებიდან, დამთავრებული კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული ფუნქციებით.“

პროფესორი ასევე აღნიშნავს, რომ პური ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროა და მისი შეფასება მხოლოდ ნახშირწყლების შემცველობის მიხედვით სწორი არ არის.

„პური არის ენერგიის წყარო. გარდა ამისა, ცილასაც შეიცავს დიდი რაოდენობით. აზრი, თითქოს ის უბრალოდ ბევრ ნახშირწყალს შეიცავს, სწორი არ არის.“

ნუგზარ ჯოგლიძემ ყურადღება გაამახვილა ფქვილის წარმოების ტექნოლოგიაზეც. მისი განმარტებით, მარცვლის ფრაქციებად დაყოფისას მიიღება სხვადასხვა ტიპის ფქვილი — თეთრი, რუხი და უფრო მუქი ფქვილი, ცალკე კი რჩება ქატო.

ამისგან განსხვავებულია მთლიანი მარცვლის დაფქვის პრინციპი: „არის მეორე ტექნოლოგია, როდესაც ხორბალს მთლიანად ფქვავენ — ამას ცეხვილი ფქვილი ჰქვია. ცეხვილი ფქვილი შეიცავს ყველა იმ ვიტამინს, ამინომჟავას, ცილასა და ნახშირწყალს, რაც მარცვალშია.“

„ყველანაირ შებერილობასა და დისკომფორტს გლუტენს აბრალებენ“

საუბარი შეეხო კიდევ ერთ გავრცელებულ შეხედულებას — რომ გლუტენი თავისთავად მავნებელია და ამიტომ უმჯობესია მისი რაციონიდან ამოღება.

პროფესორის თქმით, გლუტენის მიმართ შიში ხშირად გადაჭარბებულია და მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისი გამორიცხვა საჭირო არ არის.

„ისიც არასწორია, როდესაც გლუტენზე საუბრისას ამბობენ, რომ გლუტენი მავნებელია და ამით მომხმარებელს აშინებენ. გლუტენი ერთ-ერთი ცილაა. გარდა ამისა, იმის მიხედვითაც, თუ რამდენ პროცენტ გლუტენს შეიცავს ფქვილი, ფასდება პურის ხარისხი. ყველანაირ შებერილობასა და დისკომფორტს გლუტენს აბრალებენ. ეს სწორი არ არის, რადგან შებერილობა ძალიან ბევრმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს.“

პროფესორის შეფასებით, პურს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვს — რადგან ის ყოველდღიურად მოხმარებადი პროდუქტია, მისი საშუალებით ადამიანის რაციონი დამატებითი სასარგებლო ნივთიერებებითაც შეიძლება გამდიდრდეს. „ერთ-ერთი მოწინავეა იმ პროდუქტებს შორის, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია სხვა დამატებითი სასარგებლო ნივთიერებები მივიღოთ, გამომდინარე იქიდან, რომ პური ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია.“

რას ურჩევენ გასტროენტეროლოგები იმ მშობლებს, ვისი შვილებიც ძირითადად პურით, კარტოფილითა და მაკარონით იკვებებიან
პური, რომელიც არ ასუქებს. იდეალურია მათთვის, ვინც უფრთხილდება წონას ან ჯანსაღი კვება უყვარს - რეცეპტი ნატა გაგუასგან