საბავშვო ბაღებში მასობრივი ინტოსიკაციის შემდეგ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი ნაწილის მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კვლევა ჯერ გრძელდება.
რა არის ნოროვირუსი, რატომ შეუძლია მას მოკლე დროში ბევრი ბავშვის დაავადება და როდის ხდება ინფექცია განსაკუთრებით საყურადღებო?
ნოროვირუსი მწვავე ვირუსული გასტროენტერიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევია. ის აზიანებს კუჭ-ნაწლავის სისტემას და ყველაზე ხშირად იწვევს უეცარ ღებინებასა და დიარეას.
ინფექცია შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, თუმცა საბავშვო ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები და სხვა დაწესებულებები, სადაც ბევრი ადამიანი ახლო კონტაქტში იმყოფება, მისი სწრაფი გავრცელებისთვის ხელსაყრელი გარემოა.
ნოროვირუსის დამახასიათებელი თვისება მისი უკიდურესად მაღალი გადამდებლობაა. ინფიცირებული ადამიანი გარემოში ვირუსის მილიარდობით ნაწილაკს შეიძლება გამოყოფდეს, ხოლო სხვა ადამიანის დასაინფიცირებლად ძალიან მცირე რაოდენობაც საკმარისია.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ნოროვირუსს მსოფლიოში მწვავე გასტროენტერიტის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად ასახელებს. მისი მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 685 მილიონი შემთხვევა ხდება, მათგან დაახლოებით 200 მილიონი — 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ამავე წყაროს მიხედვით, ვირუსი ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით გადადის,ეს ნიშნავს, რომ ინფიცირებული ადამიანის განავალში არსებული ვირუსის უმცირესი, თვალით უხილავი ნაწილაკები საბოლოოდ სხვა ადამიანის პირში ხვდება. მაგალითად, ინფიცირებული ადამიანი ტუალეტის შემდეგ ხელებს კარგად ვერ იბანს, შემდეგ ეხება სათამაშოს, კარის სახელურს, მაგიდას ან სხვა ნივთს. ამავე ნივთს სხვა ბავშვიც ეხება და თუ შემდეგ ხელს პირთან მიიტანს ან დაუბანელი ხელით საკვებს შეჭამს, ვირუსი მის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს.
გავრცელება შესაძლებელია დაბინძურებული საკვებითა და წყლითაც, თუმცა საკვები და წყალი ნოროვირუსით თავისთავად არ ბინძურდება — ვირუსის პირველადი წყარო ისევ ინფიცირებული ადამიანია. მისი განავლის ან ღებინების უმცირესი ნაწილაკები შეიძლება ხელების, დაბინძურებული ზედაპირების ან კანალიზაციის საშუალებით მოხვდეს საკვებსა და წყალში, იქიდან კი — სხვა ადამიანის ორგანიზმში.
ინფიცირებულ ადამიანს სიმპტომების გაქრობის შემდეგაც შეუძლია გარკვეული ხნის განმავლობაში ვირუსის გამოყოფა, ამიტომ გარეგნულად უკვე გამოჯანმრთელებულმა ადამიანმაც შეიძლება ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში საკვები დააბინძუროს.
ნოროვირუსით ინფიცირების შემდეგ სიმპტომები, ჩვეულებრივ, 12–48 საათში იწყება. ყველაზე დამახასიათებელია:
უმეტეს შემთხვევაში დაავადება ხანმოკლეა და ადამიანი 1–3 დღეში გამოჯანმრთელდება.
ჯანმრთელი ბავშვების უმრავლესობაში ნოროვირუსული ინფექცია მძიმე შედეგის გარეშე სრულდება. მთავარი საფრთხე თვითონ ვირუსი კი არა, ღებინებისა და დიარეის შედეგად სითხისა და ელექტროლიტების დაკარგვა — გაუწყლოებაა.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისა და პატარა ბავშვებისთვის, რადგან მათ ორგანიზმში სითხის მარაგი შედარებით მცირეა და ხშირი ღებინებისა და დიარეის დროს დეჰიდრატაცია უფრო სწრაფად შეიძლება განვითარდეს.
გაუწყლოებაზე შეიძლება მიუთითებდეს პირის სიმშრალე, შარდვის შემცირება, მუქი შარდი, ტირილი ცრემლების გარეშე, უჩვეულო ძილიანობა, მოდუნება ან ძლიერი გაღიზიანება. მძიმე გაუწყლოებისას ბავშვს შეიძლება საავადმყოფოში მკურნალობა და სითხის გადასხმაც დასჭირდეს.
ნოროვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური წამალი ჩვეულებრივ არ გამოიყენება და ანტიბიოტიკები ვირუსზე არ მოქმედებს.
მკურნალობის მთავარი ამოცანაა დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების აღდგენა. ღებინების შემთხვევაში სითხე ბავშვს მცირე ულუფებით და ხშირად უნდა მიეცეს. საჭიროებისას გამოიყენება სპეციალური ორალური რეჰიდრატაციის ხსნარი.
თანამედროვე პედიატრიული რეკომენდაციებით, ხანგრძლივი შიმშილი საჭირო არ არის. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ბავშვი თანდათან უნდა დაუბრუნდეს ასაკისთვის ჩვეულებრივ, დაბალანსებულ კვებას. ასევე მოძველებულ მიდგომად ითვლება ყველა ბავშვის ხანგრძლივად ძალიან შეზღუდულ მკაცრ დიეტაზე დატოვება.
განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, თუ ბავშვი სითხეს ვერ იკავებს და გამუდმებით, ყველაფერზე აღებინებს, მნიშვნელოვნად შეუმცირდა შარდვა, უჩვეულოდ მოდუნებული ან ძილიანია, აქვს სისხლიანი დიარეა, ძლიერი მუცლის ტკივილი, ღებინება ორ დღეზე მეტხანს გრძელდება ან მშობელს გაუწყლოების ნიშნები შეამჩნია. პატარა ბავშვებში დეჰიდრატაციის ნიშნები უფრო სწრაფ შეფასებას მოითხოვს.
ნოროვირუსთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა: ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალება საპნითა და წყლით ხელების დაბანის სრულფასოვანი შემცვლელი არ არის. CDC ნოროვირუსის პრევენციისთვის ხელების საპნითა და წყლით სულ მცირე 20 წამის განმავლობაში დაბანას ურჩევს.
ინფიცირებული ადამიანი ვირუსს გამოყოფს ავადმყოფობის დროს და გამოჯანმრთელების შემდეგაც. CDC-ის მიხედვით, ვირუსი განავალში ორი კვირა ან უფრო მეტხანსაც შეიძლება გამოიყოფოდეს, თუმცა გადაცემის რისკი განსაკუთრებით მაღალია სიმპტომების დროს და მათი დასრულების პირველ დღეებში. ამიტომ ბავშვი ბაღში არ უნდა დაბრუნდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ღებინება რამდენიმე საათით შეუწყდა; გავრცელებული რეკომენდაციაა, დიარეისა და ღებინების დასრულებიდან მინიმუმ 48 საათი გავიდეს.
ამრიგად, ნოროვირუსი ბავშვების უმრავლესობისთვის მძიმე დაავადება არ არის, მაგრამ მისი განსაკუთრებული პრობლემა ძალიან სწრაფი გავრცელებაა. ბავშვებისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე ხშირი ღებინებისა და დიარეის შედეგად განვითარებული გაუწყლოებაა.