"სკოლას მოსწავლის ჩანთის გახსნისა და შიგნით ჩახედვის უფლება არ აქვს" - იურისტი სკოლაში მობილურების აკრძალვისა და დისციპლინური სასჯელების შესახებ - მშობლები

"სკოლას მოსწავლის ჩანთის გახსნისა და შიგნით ჩახედვის უფლება არ აქვს" - იურისტი სკოლაში მობილურების აკრძალვისა და დისციპლინური სასჯელების შესახებ

2026-09-21 11:32:07+04:00

აქვს თუ არა სკოლას უფლება, მოსწავლის ჩანთა გახსნას, აისახება თუ არა ბავშვის სასკოლო შეფასებაზე არასასურველი ქცევა და რა დისციპლინური სასჯელები არსებობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" იურისტი, სამართლის ასოცირებული პროფესორი, თამარ კერძაია საუბრობს:

- 2026 წლის 1 სექტემბრიდან მოსწავლეს სასწავლო გარემოში ტელეფონისა და სმარტსაათის გამოყენება ეკრძალება. კერძოდ: მოსწავლეს შეუძლია, ტელეფონი სკოლაში წაიღოს, მაგრამ პირველი გაკვეთილის დაწყებამდე და ბოლო გაკვეთილის დასრულების შემდეგ, ამ შუალედში, მათ შორის შესვენებების ჩათვლით, მოსწავლეს ტელეფონისა და სმარტსაათის გამოყენების უფლება არ აქვს. გასათვალისწინებელია, რომ რაკი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლის მიერ ტელეფონის ან სმარტსაათის გამოყენება უკვე აკრძალულია, სკოლა ვალდებულია, მშობელთან ოფიციალური საკომუნიკაციო არხი უზრუნველყოს იმ შემთხვევისთვის, თუ მშობელს ბავშვის მოკითხვა ან მასთან დაკავშირება დასჭირდება. დარღვევის შემთხვევაში კი დისციპლინური პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული როგორც მოსწავლის, ისე სკოლის წარმომადგენლების მხრიდან.

გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც ტელეფონი სასწავლო მიზნებისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენება. ასევე, გადაუდებელი აუცილებლობისას, რაც ძალადობასა და ბულინგს მოიცავს.

- ზოგადად, აქვს თუ არა სკოლას ბავშვის პირადი ნივთების შემოწმების უფლება? მაგალითად, ჩანთის ან ტელეფონის. შეუძლია თუ არა მასწავლებელს, ადმინისტრაციას ან მანდატურს ტელეფონის გახსნა და პირადი ნივთების დათვალიერება?

- სკოლას მოსწავლის ფიზიკური შეხებით ჩხრეკის უფლება არ აქვს. სკოლას მხოლოდ სპეციალური მეტალოდეტექტორით მოსწავლის უკონტაქტო დათვალიერების უფლება აქვს. ამ დროსაც შესაბამისი წესების დაცვა აუცილებელია. პირველი, მოსწავლის უკონტაქტო დათვალიერება მხოლოდ იმავე სქესის წარმომადგენლის ან მანდატურის მიერ არის შესაძლებელი. პროცესს სკოლის მინიმუმ კიდევ ერთი თანამშრომელი უნდა ესწრებოდეს, რათა პროცესი მხოლოდ ორ ადამიანს - შემამოწმებელსა და შესამოწმებელ პირს - შორის არ მიმდინარეობდეს. დათვალიერების შესახებ მშობლის ინფორმირება აუცილებელია, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მოსწავლეთა კოლექტიური ჩხრეკა კი აკრძალულია. ანუ, როგორც აღვნიშნეთ, ფიზიკური ჩხრეკა საერთოდ აკრძალულია, მაგრამ უკონტაქტო კოლექტიური შემოწმებაც დაუშვებელია. მაგალითად, უფლებამოსილი წარმომადგენელი კლასში ვერ შევა და ბავშვების კოლექტიურ ჩხრეკას ვერ გამოაცხადებს.

რაც შეეხება შეკითხვას პირად ნივთებთან დაკავშირებით: სკოლას მოსწავლის ჩანთის გახსნისა და შიგნით ჩახედვის უფლება არ აქვს. ეს მხოლოდ უკონტაქტო დათვალიერების პროცესშია შესაძლებელი. ანუ მეტალოდეტექტორით ჩანთის ან სხვა ნივთის შემოწმება შესაძლებელია, თუმცა მისი გახსნა და დათვალიერება - არა. თუ საქმე ისეთი სიმძიმის სავარაუდო დისციპლინურ გადაცდომას ეხება, რომ მოსწავლის ან მისი ნივთების ფიზიკური ჩხრეკა აუცილებელი ხდება, ამის უფლება მხოლოდ უფლებამოსილ ორგანოს, კერძოდ სამართალდამცავებსა და პოლიციას აქვს. ისინიც, რა თქმა უნდა, შესაბამისი პროცედურების დაცვით მოქმედებენ.

მართალია, სკოლას უფლება აქვს მოსწავლეს ტელეფონი ჩამოართვას მთელი საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში, თუმცა სკოლას ტელეფონში არსებული შეტყობინებების ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის შემოწმების უფლება არ აქვს. ეს მოსწავლის პირადი სივრცეა და სკოლას შიდა ინფორმაციის გაცნობა ეკრძალება.

ზოგადად, კანონი ტელეფონში არსებული შიდა ინფორმაციის შემოწმებას მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ითვალისწინებს. იქაც ძალიან მკაცრი წესების დაცვით. ტელეფონის ჩამორთმევა მასში არსებულ შინაარსთან კავშირში არ არის.

- რამდენად აქვს პედაგოგს უფლება, არასასურველი ქცევის გამო მოსწავლეს ნიშანი დააკლოს და ეს აკადემიურ მოსწრებაზე ასახოს?

- საბედნიეროდ, მოქმედი კანონმდებლობით, მოსწავლის არასასურველი ქცევის გამო აკადემიური შეფასების შემცირება პირდაპირ აკრძალულია. ანუ, თუ მოსწავლე გაკვეთილზე ცუდად იქცევა და სკოლის მიერ დადგენილ დისციპლინურ წესებს არღვევს, ეს მის ნიშანზე არავითარ შემთხვევაში არ აისახება. თუ მას კარგი აკადემიური მოსწრება აქვს, 10-იანი დაეწერება.

არასასურველ ქცევას რაც შეეხება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსწავლე საერთოდ არ უნდა დაისაჯოს. უბრალოდ, მისი დასჯა ქულის დაკლებით დაუშვებელია. მოსწავლის ყოფაქცევის დარღვევაზე რეაგირების მეთოდები კანონით არის გაწერილი. სკოლა ვალდებულია, ეს სანქციები შინაგანაწესში გაწეროს და მოსწავლესა და მშობელს აუცილებლად გააცნოს. მოსწავლემ წინასწარ უნდა იცოდეს, თუ რა ითვლება დარღვევად. კანონით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გარდა - როგორიცაა გაფრთხილება, საყვედური თუ მკაცრი საყვედური - სკოლას უფლება აქვს სხვა ზომებიც განსაზღვროს. თუმცა, ეს სასჯელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სასტიკი და მოსწავლის პატივსა და ღირსებას არ უნდა ლახავდეს. მაგალითად, ბავშვის მთელი კლასის წინაშე კუთხეში დაყენება დაუშვებელია, რადგან ის დაცინვის ობიექტი ხდება. ასევე, დაუშვებელია რაიმეს იძულებით გაკეთება...

ერთ-ერთი სკოლის პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როდესაც დაშავების გამო ბავშვს ფურცელზე ათასჯერ აწერინებდნენ სიტყვა "ბოდიშს".

სამართლებრივადაც ეს არაგონივრულ და არათანაზომიერ სასჯელად ითვლება, რაც მოსწავლის პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს. ეს კომპონენტი აუცილებლად დაცული უნდა იყოს, რათა მოსწავლის დამცირება ან მისი ღირსების შელახვა არ მოხდეს.

კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მოსწავლის ნებისმიერ, მათ შორის არასასურველ ქცევას, თავისი ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს. ეს მიზეზი შესაძლოა, ჩვენ - უფროსები - ვიყოთ, ამიტომ ბავშვის იძულება და მისი ღირსების შემლახველი დასჯა დაუშვებელია.

ბულინგის აღკვეთა და მასზე რეაგირება სკოლის პირდაპირი ვალდებულებაა. კანონი "საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შესახებ" ბულინგსა და კიბერბულინგთან დაკავშირებით სკოლის ვალდებულებებს პირდაპირ განსაზღვრავს. პირველ რიგში, განვმარტოთ, თუ რა არის ბულინგი, კიბერბულინგი და როდის გადადის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულში.

ბულინგი მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი, დამაკნინებელი, დამაშინებელი ან ჩაგვრელი ქცევაა. კიბერბულინგი კი ყოველივე ამის ინტერნეტსივრცეში გადატანას გულისხმობს. მაგალითად: მოსწავლეთა ჯგუფებში ბავშვის შეურაცხყოფა, დაცინვა, ფოტოს ან ვიდეოს გაზიარება (ან ამით მუქარა), ნივთის წართმევა, ფიზიკური ზემოქმედება... ეს ყველაფერი ბულინგია.

რაც შეეხება სკოლის ვალდებულებებს, ისინი ორ ნაწილად იყოფა:

პირველი პრევენციული დონეა - რა მექანიზმები უნდა გაატაროს სკოლამ ბულინგის თავიდან ასაცილებლად. კანონი სკოლას ავალდებულებს (რასაც, სამწუხაროდ, ბევრი დაწესებულება არ ასრულებს), რომ წელიწადში ორჯერ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატაროს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემები ხშირად ინფორმაციის ნაკლებობით იწყება.

მეორე მხრივ, უკვე მომხდარ ბულინგზე სკოლა ვალდებულია, ოპერატიული რეაგირება ჰქონდეს: შეისწავლოს ფაქტები, დაუკავშირდეს მშობელს, ჩართოს მანდატური, ხოლო სისხლის სამართლის ნიშნების გამოკვეთისას - სამართალდამცავი ორგანოები.

- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სკოლიდან გარიცხვას ეხება. რა შემთხვევაში შეიძლება გაირიცხოს მოსწავლე და არსებობს თუ არა ასაკობრივი ზღვარი, როდესაც მოზარდი ხელშეუხებელია?

- პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა კანონით აკრძალულია. შესაბამისად, რა სახის დარღვევაც არ უნდა იყოს, 1-დან მე-9 კლასის ჩათვლით გარიცხვის სანქცია არ გამოიყენება. ამიტომ მოსწავლეების ამით დაშინებას აზრი არ აქვს.

- მაშინ რა ბერკეტი აქვს მასწავლებელს, დირექტორს ან მშობელს იმ რთული მოსწავლის მიმართ, რომელზეც ვერაფერი მოქმედებს?

- გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მთავარი მიზეზის დადგენაა. პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით გარიცხვა დაუშვებელია, თუმცა სკოლას სხვა დისციპლინური სანქციების გამოყენება შეუძლია. ეს სანქციები გონივრული, დასაბუთებული და ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს.

თუ ამ ზომებით ქცევის გამოსწორება ვერ ხერხდება, სკოლა ვალდებულია პროცესში ფსიქოლოგი და სპეციალისტები ჩართოს...

- ქცევის გამოსასწორებლად ერთ-ერთ ზომად კლასიდან გაძევებასაც იყენებენ ხოლმე...

- ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ: 1-დან მე-9 კლასის ჩათვლით სკოლიდან საბოლოო გარიცხვა დაუშვებელია (მე-10 კლასიდან ეს შესაძლებელია). თუმცა კლასიდან გაძევება ან სკოლიდან დროებით დათხოვნა კანონმდებლობით გათვალისწინებულია.

მასწავლებელს უფლება აქვს, მოსწავლე გაკვეთილიდან გაუშვას. სკოლის დირექტორს მოსწავლის სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის უფლება აქვს. ხოლო თუ ეს ვადა 5-იდან 10 დღემდე იზრდება, სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებაა საჭირო, რომლის შემადგენლობაშიც მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები შედიან.

თუმცა ამ დროსაც თანაზომიერების, გონივრულობისა და დასაბუთებულობის პრინციპები უნდა იყოს დაცული. მოსწავლე მეთვალყურეობის გარეშე არ უნდა დარჩეს - კლასიდან გაძევება დერეფანში უმეთვალყურეოდ დატოვებას არ ნიშნავს.