13 წლის მოსწავლე მასწავლებელს თავს დაესხა და დანით დაჭრა, დანაშაულს კი თავზე დამაგრებული კამერით იღებდა - შემთხვევა იტალიაში, რომელსაც ქართველი ემიგრანტი ეხმაურება - მშობლები

13 წლის მოსწავლე მასწავლებელს თავს დაესხა და დანით დაჭრა, დანაშაულს კი თავზე დამაგრებული კამერით იღებდა - შემთხვევა იტალიაში, რომელსაც ქართველი ემიგრანტი ეხმაურება

2026-09-21 15:07:22+04:00

13 წლის მოსწავლემ რომში მასწავლებლის წინააღმდეგ თავდასხმა წინასწარ დაგეგმა - შეიარაღდა ორი დანით, გაიკეთა ჩაფხუტი, დაიმაგრა კამერა - შემდეგ მასწავლებელს სახეზე სპრეი შეასხა და სამი ჭრილობა მიაყენა. მისი მიზანი იყო ყველაფერი გადაეღო და ონლაინ გაევრცელებინა. ქალი გადარჩა, თუმცა ახლა გამოძიება კიდევ ერთ ვერსიას ამოწმებს - ხომ არ იდგა მოზარდის უკან ონლაინ ჯგუფი ან ვინმე, ვინც მას თავდასხმისკენუბიძგებდა. შემთხვევა რომის, Centocelle-ის რაიონში, Giovanni Verga-ს სკოლაში 18 სექტემბერს მოხდა. 66 წლის ისტორიისა და ჰუმანიტარული საგნების მასწავლებელი იზაბელა მარსილიო საკლასო ოთახში იმყოფებოდა, როდესაც 13 წლის მოსწავლე შევიდა და მას თავს დაესხა.

წინასწარ დაგეგმილი დანაშაული

მოზარდი სკოლაში დაგვიანებით მივიდა და ჩანთაში ორი დანა ჰქონდა. პირდაპირ საკლასო ოთახში არ შესულა - ჯერ საპირფარეშოში შევიდა, სადაც თავდასხმისთვის მოემზადა. მას ეკეთა ჩაფხუტი, რომელზეც კამერა იყო დამაგრებული, ჩაიცვა ხელთათმანები, აიღო წიწაკის სპრეი და დანები ტანსაცმელში დამალა. შემდეგ კი საკლასო ოთახისკენ წავიდა.

იტალიური მედიის ცნობით, მოზარდი ონლაინ კონტაქტობდა გარკვეულ პირებთან და თავდასხმის გადაღებას ცდილობდა. გამოძიებამ მოგვიანებით მისი ტელეფონიდან ჩათების შესწავლა დაიწყო.

თავდასხმამდე მას ონლაინ ჩატში გამოუქვეყნებია შეტყობინება:

"ბიჭებო, მერე საინფორმაციო გამოშვებას უყურეთ.“

შემდეგ კამერა ჩართო.

ჯერ სპრეი, შემდეგ სამი დარტყმა

საკლასო ოთახში შესვლისთანავე 13 წლის ბიჭმა მასწავლებელს სახეში წიწაკის სპრეი შეასხა, შემდეგ კი დანით რამდენჯერმე დაარტყა. მასწავლებელმა მოგვიანებით გაიხსენა, რომ თავდამსხმელი არ საუბრობდა.

თავდასხმის შეჩერება სხვა მოსწავლემ შეძლო - 13 წლის ბიჭმა კონგოდან, რომელიც თავდამსხმელს მივარდა და ხელი დაუჭირა, რის შედეგადაც მან დამატებითი დარტყმების განხორციელება ვეღარ შეძლო. მასწავლებელი გადარჩა. ის უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.

მაგრამ მომხდარის ყველაზე ემოციური ნაწილი სწორედ ამის შემდეგ გაირკვა.

"მისი ჩახუტება მინდა“

გადარჩენილი მასწავლებელი ამბობს, რომ 13 წლის თავდამსხმელის ჩახუტება სურს და რომ ახლა უფრო მეტად ნანობს, რომ მანამდე ვერ გააცნობიერა, რამდენად ღრმა პრობლემები ჰქონდა მოზარდს.

ამავე დროს, მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა იმ კონგოელ მოსწავლეს, რომელმაც თავდამსხმელი შეაჩერა.

კონგოელი მოსწავლე იტალიაში მშობლების გარეშე ჩავიდა და არასრულწლოვანთა სპეციალურ საცხოვრებელში ცხოვრობს. თავდასხმის დროს სწორედ ის მივარდა 13 წლის თავდამსხმელს, დანა წაართვა და მასწავლებლის გადარჩენა შეძლო.

კიდევ ერთი შოკისმომგვრელი დეტალი

პოლიციამ 13 წლის ბიჭის სახლში მცირე არსენალი აღმოაჩინა. მის ოთახში იპოვეს softair-ის თოფი, რამდენიმე მჭიდი, დანები, ჩაფხუტი და ჰაერის პისტოლეტი.

განაგრძეთ კითხვა