რუსთავი-2-ზე "დილა მშვიდობისა საქართველოს" რუბრიკის - "ჩვენი დედები" სტუმარი იყო საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, რომელმაც დედის სტატუსზე და მრავალშვილიან დედობაზე ისაუბრა:
- მე ვთვლი, რომ მრავალშვილიანი დედობა საამაყოა. მინდა ვუსურვო ყველა ქალს, რომ შეძლოს ბევრი შვილის ყოლა, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენს შვილებს დავუტოვოთ - ბევრი და და ბევრი ძმა.
პირველი ლედის სტატუსშიც მე, პირველ რიგში, დედა ვარ... მარტო ჩემი შვილების არა, მე ვცდილობ, რომ ყველა დედის სატკივარი გავიზიარო, იმიტომ, რომ დედისთვის, ჩემთვის და ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია მისი შვილის, პირველ რიგში, ჯანმრთელობა,მერე კეთილდღეობა და, რა თქმა უნდა, განათლება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი.არა აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსი გვაქვს. ის სტატუსი, რომ დედა ვართ, უკვე ყოვლის მთქმელია.
ჩემს შვილებს რაც შეეხება, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი ვუყვარდეთ. ერთმანეთი რომ ეყვარებათ, სამშობლოც ეყვარებათ და ღმერთიც, რაც მე ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია.დედამ უნდა ასწავლოს პირველ რიგში თავის შვილებს ერთმანეთის სიყვარული, რომელიც მერე, დამიჯერეთ, ადამიანების სიყვარულში გადადის... ერთი ფრაზა გავიგე სულ რამდენიმე დღის წინ და ძალიან მომეწონა და ვთქვი, რომ ჩემი დევიზიც ეს უნდა იყოს-მეთქი: სიყვარული არ არის მარტო თბილი გრძნობაო. სიყვარული არის ძალა, რომელიც ყველა სიძნელეს გადაგალახვინებსო.
მე ვთვლი, რომ სიყვარულით იწყება და მთავრდება ყველაფერი.თუ შევძლებთ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს, ეს არის ნამდვილი ბედნიერება. ეს არის ის, რა, რისთვისაც უნდა ვიცხოვროთ.
...დრომ მოიტანა ალბათ, მაგრამ სულ პატარაობიდან მინდოდა, რომ ბევრი შვილი მყოლოდა, იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება არის, რომ ჩემს ოჯახში გავიზარდე. ღმერთმა მომცა უფლება, დედაჩემი და მამაჩემი ყოფილიყვნენ გიორგი და ეთერი. მამაჩემმა ისე გაგვზარდა, რომ ჩვენ, ბიძაშვილებს, არასდროს დაგვიძახია ერთმანეთისთვის ბიძაშვილი, იმიტომ, რომ როგორც დები ისე ვიზრდებოდით, როგორც ძმები იზრდებოდნენ მამაჩემის ბიძაშვილის შვილები ჩემთან ერთად. ამიტომ მქონდა ეს ბედნიერება და ფუფუნება, რომ ერთი თაობის ბავშვები ერთად გავზრდილიყავით და და ძმა დაგვეძახა ერთმანეთისთვის.
ამიტომ ჩემთვის სულ იყო რაღაც ოცნება, რომ მეც ბევრი შვილი მყოლოდა, რომ ჩემს შვილებს ბევრი დედმამიშვილი ჰყოლოდათ. ალბათ არ მიფიქრია, რომ ოთხი შვილი მეყოლებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ოთხი შვილი მყავს. ახლა რომ ვუყურებ მათ, როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე, როგორ უყვართ ერთმანეთი, ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება და მე ვთვლი, რომ ჩემთვის, როგორც ქალისთვის, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე დიდი კარიერული სვლა, რომ მე ოთხი შვილის დედა ვარ.

...ერთი შვილი და მრავალი შვილი დიდად არ ცვლის დედის სტატუსს, მაგრამ მე ვთვლი, ერთი შვილი რომ გყავს, უფრო მეტი დრო გჭირდება, რომ მასთან იყო, რადგან მას არ ჰყავს არავინ შენ გარდა, რომ გაართოს ელემენტარულად. შენ უნდა ეთამაშო, შენ უნდა წაუკითხო წიგნი, შენ უნდა ასწავლო, როგორ მოიქცეს მაგიდასთან... მრავალშვილიან ოჯახში დები და ძმები ასრულებენ უნებურად ამ როლს. შეგიძლია შენ თავთან მარტო დარჩე, იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ერთმანეთი, ზრუნავენ.
მეოთხე შვილი გაცილებით, თავის ასაკთან შედარებით, უფრო ჭკვიანია, უფრო მეტი იცის ცხოვრებაზე. ლიზამ იცის გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვენ ყველამ, იმიტომ, რომ მას აქვს უკვე ყველა მისი დის და ძმის გამოცდილება — რაღაცა დანახული, ნასწავლი, მოსმენილი. ამიტომ მე ვთვლი, რომ მრავალშვილიანი ოჯახი ერთი გუნდია, რომელიც ყველა სიძნელეს გადალახავს.
....სიძნელე ყველა ოჯახშია, აბსოლუტურად ყველა ოჯახში. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ბავშვი იზრდება იმ ოჯახში. დედები, რომლებიც დღის განმავლობაში მუშაობენ, მათთვის გაცილებით რთულია დროის გადანაწილება. ყველაზე რთული, ალბათ, ჩვენს დროში ეს არის მრავალშვილიანი დედისთვის დროის გადანაწილება, რომ შენ თავსაც საკმარისი დრო გამოუყო და, რა თქმა უნდა, შენს შვილსაც, თუნდაც ელემენტარული — რომ მოხვალ, ჰკითხო, დღეს როგორი დღე ჰქონდა შენს შვილს. ამიტომ ძალიან რთულია, ნამდვილად რთულია, მაგრამ მე მაინც ოპტიმისტი ვარ. ყოველთვის ვცდილობდი, არა მარტო ჩემი სტატუსის ფონზე, სულ ვცდილობ, რომ რამით, თუ შემიძლია გამოვასწორო ჩემ გარშემო მდგომარეობა, ვცდილობ, რომ გამოვასწორო.