"სიმსუქნის მიუხედავად, ბავშვი შეიძლება არასაკმარისად იყოს ნაკვები" - მარი მალაზონია საუბრობს, რა იწვევს ბავშვებში სიმსუქნეს და რას უნდა მიაქციონ უფროსებმა ყურადღება - მშობლები

"სიმსუქნის მიუხედავად, ბავშვი შეიძლება არასაკმარისად იყოს ნაკვები" - მარი მალაზონია საუბრობს, რა იწვევს ბავშვებში სიმსუქნეს და რას უნდა მიაქციონ უფროსებმა ყურადღება

2026-09-22 10:48:07+04:00

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა იწვევს ყველაზე ხშირად ბავშვებში სიმსუქნეს და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა და უფროსებმა:

- ბავშვებში სიმსუქნის მექანიზმის გააზრებისას ნაწლავის ჯანმრთელობა არ უნდა დაგვავიწყდეს. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნაწლავის მდგომარეობა და მასთან შეხამებული კვების მოდელები. კვება უნდა იყოს დაბალანსებული, რაციონალური და გონივრულად შერჩეული. მასში მთავარი პრინციპი უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც თეფშზე რაციონის კანონზომიერებას გულისხმობს - ხუთი ჯგუფის სულ ცოტა ხუთი ფერის პროდუქტი და მრავალფეროვნება, ანუ ცისარტყელა თეფშზე.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ბავშვის ყოველდღიურობა კვებისა და ცხოვრების წესის სხვა ფაქტორების შეხამებით უნდა წარმოვადგინოთ. ამასთან, უნდა გავიაზროთ, რომ თეფშზე დატანილი ჯგუფები მხოლოდ სახელწოდებები არ არის. ეს კონკრეტული ნივთიერებების შემცველი კონკრეტული პროდუქტებია.

ამ შემთხვევაში წყალი და წყალშემცველი პროდუქტები უმნიშვნელოვანესი ჯგუფია, რომელიც ბავშვის კვების რაციონში აუცილებლად უნდა იყოს, როდესაც სიმსუქნის თავიდან აცილებას ვცდილობთ ან მას ვმართავთ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მცენარეული და ცხოველური ცილის ურთიერთშეხამება. ცილა კვების რაციონში უმნიშვნელოვანესი ღერძია როგორც სიმსუქნის პროფილაქტიკისთვის, ისე მისი მართვისთვის. უნდა გავითვალისწინოთ ბოსტნეულის მნიშვნელობა, როგორც მცენარეული ბოჭკოს წყაროსი და დანაყრების საშუალების. იგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობის მართვის კარგი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყოველდღიურ რაციონში ბოსტნეულის, ხილისა და მთლიანი მარცვლეულის შეხამებაზე ვსაუბრობთ. ეს არის პროდუქტების ის ჩამონათვალი, რომელიც თეფშზე იყრის თავს და დაბალანსებული კვების პრინციპებს ეფუძნება. ​მაგრამ არის თუ არა საკმარისი ბავშვთა სიმსუქნის პროფილაქტიკისა თუ მართვისთვის მხოლოდ კვებაზე საუბარი?

რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ კვებაზე ყურადღების გამახვილება

შევთანხმდით, რომ - არა. უშუალოდ სიმსუქნესთან მიმართებით არ უნდა დაგვავიწყდეს სიმსუქნე, როგორც ცხოვრების წესის ერთ-ერთი ფაქტორი. აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, თუ როგორია ბავშვის ძილის რეჟიმი, ძილის ულუფა და რაციონი, ანუ ძილის ჰიგიენა ბავშვებში; რა მდგომარეობაშია ფიზიკური აქტივობის მაჩვენებლები; როგორია კვების გადანაწილება დროის, ულუფისა და რაციონის მიხედვით. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ადეკვატურია ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში წყლის მოხმარების მაჩვენებელი და ვაფასებთ თუ არა ამას კრიტიკულად. მაგალითად, რამდენად ვაკვირდებით ბავშვის ყოველდღიურ კვებაში რისკის შემცველი პროდუქტების ჩართულობას, სადაც ბევრია ფუჭი კალორია და ძალიან დაბალია საკვები ნივთიერებების შემცველობა; სადაც მაღალია პროცესირებული, ანუ უკიდურესად დამუშავებული საკვების წილი; სადაც მაღალია ტრანსცხიმების, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების, სხვადასხვა საცდურისა და საამებელი პროდუქტების გამოყენება. ეს პროდუქტები, სამწუხაროდ, ხშირად უყვართ ბავშვებსაც და დიდებსაც, თუმცა კონკრეტული ტიპის საკვები და სასმელი ბავშვის სიმსუქნისთვის ყოველდღიურ რისკს წარმოადგენს. ​

რა უნდა იცოდეს მშობელმა ბავშვის სიმსუქნის შესახებ

ამ ყველაფერზე იმდენად ხშირად ვსაუბრობთ, რომ დღევანდელი ჩემი არცერთი ფრაზა, თუ გადაცემის ერთგული მაყურებელი ბრძანდებით, არ გაგიკვირდებათ. თუმცა, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი, რომელიც სიმსუქნესთან დაკავშირებით წარმოდგენას ერთგვარად აჯამებს - რა უნდა იცოდეს მშობელმა თუ უფროსმა, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რათა ბავშვს სიმსუქნე არ ჩამოყალიბდეს, ხოლო სიმსუქნის არსებობისას მაქსიმალურად ეთიკურად და ემოციური სფეროს დამზოგველად ვიმოქმედოთ, რომ ბავშვის ჯანმრთელობა მაქსიმალურად შენარჩუნდეს.

​აქ სამი ძირითადი ინსტრუმენტი და სამი მნიშვნელოვანი წახნაგი უნდა გავითვალისწინოთ: ​

სიმსუქნეს ერთი მიზეზი არ აქვს

პირველი: კიდევ ერთხელ გავახსენოთ თავს, რომ სიმსუქნე მხოლოდ ერთი ფაქტორით ან მხოლოდ ჭამისადმი დამოკიდებულებით განპირობებული მდგომარეობა არ არის. ეს არის მულტიფაქტორული, ანუ ბევრი ფაქტორით ერთდროულად განპირობებული მდგომარეობა, სადაც ყველა ბავშვს შეიძლება, განსხვავებული მიზეზი ან მიზეზთა ერთობლიობა ჰქონდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სიმსუქნის მართვაც ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებითა და პერსონალურად უნდა დაიგეგმოს. ეს პირველი მნიშვნელოვანი საკითხია. ​

სიმსუქნის მიუხედავად, ბავშვი შეიძლება არასაკმარისად იყოს ნაკვები

მეორე: ის არის, რაზეც ხმამაღლა ნაკლებად ვსაუბრობთ - სიმსუქნის მიუხედავად, ბავშვი შეიძლება არასაკმარისად იყოს ნაკვები. დიახ, სიმსუქნე არის მდგომარეობა, რომლის მიღმაც ანთებითი პროცესები და ე.წ. მალნუტრიცია უნდა ვივარაუდოთ, სადაც, ჭარბი წონისა და სიმსუქნის მიუხედავად, ბავშვს კონკრეტული ნივთიერებები აკლია. ​

რატომ არის საშიში კვების თვითნებური შეზღუდვა

ამის გათვალისწინებით, გავიაზროთ მესამე საკითხი: თუ სიმსუქნის მართვისთვის შეზღუდვას თვითნებურად ავირჩევთ ან ბავშვს ამ რეჟიმში ძალიან დიდხანს დავტოვებთ, ამით ხელოვნურად შევქმნით წინაპირობას დამატებითი პრობლემების აღმოსაცენებლად. ამით სხვადასხვა ნივთიერების დეფიციტს არა თუ აღმოვფხვრით, არამედ გავაღრმავებთ. სიმსუქნით განპირობებული კონკრეტული ნივთიერებების ნაკლებობის ფონზე, თვითნებური შეზღუდვისას შესაძლოა, რამდენიმე საკვები ნივთიერება შვილებს უნებურად და გაუაზრებლად დავაკლოთ.

სამი მთავარი საკითხი, რომელიც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ

​არის თუ არა ეს გასათვალისწინებელი სიმსუქნის ყველა შემთხვევაში? დიახ. ეს ის სამი წახნაგია, რომლებიც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ: ​სიმსუქნის მულტიფაქტორულობა, ანუ მრავალი მიზეზით განპირობებულობა, ინდივიდუალური მიზეზები და, შესაბამისად, პერსონალური სტრატეგიის შემუშავება; ​ის, რომ სიმსუქნე თავად არის არასაკმარისი ნაკვებობა და ანთება, რომელიც ორგანიზმში ბევრ პრობლემას ქმნის; ​თვითნებური შეზღუდვის დიდი პასუხისმგებლობით შეფასება და მასზე უარის თქმა, რადგან იგი დეფიციტის დამატებით წინაპირობას ქმნის.