

თავად ნოდარ დუმბაძე 1984 წელს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამონარიდი ნანული გუგუნავას ინტერვიუდან:
"...ზაზაზე არასდროს ლაპარაკობდა. ეგ კი არა, მე რომ საქეიფოდ მეგონა, თურმე, ზაზას საფლავზე ათენებდა ხოლმე. ჩვენთან არაფერს ამბობდა, სხვებისგან ვიგებდით, რადგან საფლავი სულ სიგარეტის ნამწვით სავსე ხვდებოდათ...
- ბატონ ნოდარს სიკვდილთან მართლაც უჩვეულო დამოკიდებულება ჰქონდა...
- ხუმრობდა, ისე მივეჩვიე სიკვდილს, იმდენჯერ მოვხვდი "იქით", საიქიოს გზას თვალდახუჭული ვაგნებო. ალბათ, მაინც ეშინოდა სიკვდილის, მაგრამ არც ამაზე ლაპარაკობდა, ოღონდ... მე რომ ძალიან ცუდად ვიყავი, მაშინ ჰქონია დიდი განცდა, თუმცა არაფერს მაგრძნობინებდა. ერთხელ მახსოვს, შევნიშნე, ფარდასთან ზურგით იდგა და ტიროდა. მახსოვს კიდევ, მისაღებ ოთახში, დივანზე წამოწოლა უყვარდა, მე სავარძელში ვიჯექი ხოლმე. სამივე კედელზე ზაზას ფოტო გვეკიდა და ხშირად შემინიშნავს: ერთ ფოტოს მე ვუყურებდი, ერთს ნოდარი. თითქოს თვალებით ჭრიდა სურათს, მაგრამ ბავშვზე არასდროს ვლაპარაკობდით. ეს ისეთი საშინელება იყო...
საერთოდ, ნოდარისნაირ კაცს ბარე ორსაც ვერ შეხვდებით. სხვაგვარად გამორჩეული იყო ნათესავებთანაც, ოჯახშიც. უწესიერესი კაცი იყო.
ახლა ცოცხალი რომ იყოს, ორივენი ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით. ძალიან მიჭირს უმისოდ. ჩემი ცხოვრება ნოდარის გარეშე არ არსებობს. დღე არ გავა, მასზე და ზაზაზე არ ვფიქრობდე და მათი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს არ ვგრძნობდე. ხალხს უკვირს, რომ არ ვმღერი. ერთ წვეულებაზე ვიღაცას უთქვამს, რა მოწყენილი ქალიაო. უამრავი წელიწადია, არც მიმღერია, არც მიცეკვია. არ მაქვს სამაგისოდ საქმე."