ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება კადრები საბავშვო ბაღებიდან, სადაც პატარა ბავშვები გაუჩერებლად ტირიან, აღმზრდელებს ებძვიან და მათგან გაქცევას ცდილობენ, ზოგი ურტყამს კიდეც, ზოგ ჯგუფში კი მასწავლებელს კარი აქვს გადაღობილი, რათა პატარები არ გაექცნენ. რა თქმა უნდა, ბაღები და იქ არსებული ვითარება ყურადღების ცენტრში მოექცა.

აღმოჩნდა, რომ ეს ვიეტნამური ბაღებია, სადაც მსგავსი "ქაოსი" დიდად არავის უკვირს. ამ ბაღებში საინტერესო აღმოჩნდა ისიც, რომ თურმე იქ ბავშვის მიყვანა 3 თვიდან არის შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ აღმზრდელებზე დიდი დატვირთვა მოდის, მათი რაოდენობაც არაა საკმარისი. მასწავლებლები ინტერვიუებში მიუთითებენ, რომ ახალი ნაკადის მიღებისას ბავშვებისგან წიხლები, კაწვრა, კბენა და თმების წიწკნა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამას მიჩვეულები არიან. აღსანიშნავი ისიც, რომ აღმზრდელთა უმრავლესობა 35 წლამდე ასაკისაა.
ვიეტნამში სკოლამდელი განათლების სისტემაში რამდენიმე ასაკობრივი საფეხურია. ყველაზე პატარები — 3-დან 36 თვემდე ბავშვები — ე.წ. nursery ჯგუფებში არიან, ხოლო 3-6 წლის ბავშვები უკვე kindergarten-ის ასაკობრივ ჯგუფებში გადადიან.

ოფიციალური ვიეტნამური ნორმებით, ყველაზე პატარა ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს 3-12 თვის ასაკის 15 ბავშვი, 13-24 თვის ასაკში ოცი ბავშვი, 2-3 წლიანებში 25 ბავშვიც. 5-6 წლის ჯგუფში 35 ბავშვია ნებადართული.
ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამის მიზეზი ძალიან მოკლე დეკრეტული შვებულებაა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ვიეტნამის შრომის კანონმდებლობით დასაქმებულ ქალს მშობიარობასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივ, 6-თვიანი შვებულება ეკუთვნის. სურვილის შემთხვევაში, დამსაქმებელთან შეთანხმებით, მას შეუძლია შემდეგ უხელფასო შვებულებაც აიღოს. კანონით სამსახურში უფრო ადრე დაბრუნებაც შესაძლებელია, როგორც წესი, მხოლოდ მშობიარობიდან მინიმუმ 4 თვის შემდეგ და შესაბამისი პირობების დაცვით.
მაშ, რატომ არსებობს 3 თვიდან მიმღები ბაგები? იმიტომ, რომ ყველა ოჯახი ერთნაირ მდგომარეობაში არ არის. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა აქვთ დაბალშემოსავლიან და მიგრანტ ოჯახებს, მათ შორის სამრეწველო ზონებში დასაქმებულ მშობლებს. 2023 წლის კვლევაში, რომელიც ვიეტნამის სამრეწველო რეგიონებში მშობლებსა და ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებს იკვლევდა, მშობლები ერთ-ერთ მნიშვნელოვან საჭიროებად ასახელებდნენ 18 თვემდე ბავშვების მიღებას, ბაღის გახანგრძლივებულ საათებსა და მოქნილ სამუშაო გრაფიკთან შეთავსებულ მომსახურებას. მიგრანტი მშობლების 70%-ისთვის ბავშვის მოვლის მომსახურების ფასი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო.
ვიეტნამური რეკომენდაციებით, აღმზრდელებს ურჩევენ, გაარკვიონ, როგორ ამშვიდებენ ბავშვს სახლში.ზოგ ბავშვს საყვარელი სათამაშო ეხმარება, ზოგს — თავისი პლედი ან სხვა ნაცნობი ნივთი. ბავშვს შეიძლება დროებით მისცენ საშუალება, უბრალოდ აღმზრდელთან ახლოს იჯდეს და ჯერ საერთოდ არ ჩაერთოს საერთო აქტივობაში.
მასწავლებელს ურჩევენ ბავშვის კალთაში ჩასმასაც, რათა მან უსაფრთხოების განცდა მიიღოს. შემდეგ ყურადღება თანდათან გადააქვთ სათამაშოებზე, მუსიკაზე, სიმღერასა და ჯგუფურ თამაშებზე.ვიეტნამის საჯარო სკოლამდელი დაწესებულებებისთვის მოქმედი ნორმით, 6 ჩვილს ერთი მასწავლებელი უვლის. თუმცა ფაქტია, ეს მეთოდები და დარიგებები არ არის საკმარისი და ვიეტნამის მაგალითი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ასეთი პაწაწინა ბავშვების ბაგაში მიყვანა არ არის კარგი გამოსავალი, განსაკუთრებით, ბავშვისთვის.
ამიტომ ახალი ბავშვების მიღებისას ვითარება მართლაც ძალიან რთულია: ერთ აღმზრდელს ერთდროულად ბევრი ატირებული და გაბრაზებული ბავშვის დამშვიდება უწევს.