„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - საერთაშორისო კონფერენცია 10 ქვეყნის ექსპერტებს გააერთიანებს - მშობლები

„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - საერთაშორისო კონფერენცია 10 ქვეყნის ექსპერტებს გააერთიანებს

2026-09-24 14:07:44+04:00

ალტე უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორობით გაიმართება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - AIMCare 2026.

ორდღიანი კონფერენცია 2026 წლის 29-30 ოქტომბერს თბილისში, Hilton Garden Inn-ში ჩატარდება და გააერთიანებს მედიცინის, ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს, მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და ინოვატორებს.

ღონისძიებას დაესწრებიან წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლები, კლინიცისტები, ინჟინრები და ჯანდაცვის სექტორის ექსპერტები 10 ქვეყნიდან: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ირლანდია, პოლონეთი, ჩეხეთი და იორდანია.

კონფერენციაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე, რაც ქართულენოვან მონაწილეებს საშუალებას მისცემს, სრულფასოვნად გაეცნონ საერთაშორისო მომხსენებლების პრეზენტაციებს და ჩაერთონ კონფერენციის პროგრამაში.

მედიცინის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთო პლატფორმა

ხელოვნური ინტელექტი უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამედიცინო კვლევის, განათლების, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ჯანდაცვის პროცესების მართვაზე. ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს შორის თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლივი განხილვა.

მონაწილეები იმსჯელებენ ხელოვნური ინტელექტის როლზე თანამედროვე მედიცინაში, დარგობრივ ინოვაციებზე, ახალი ტექნოლოგიების პრაქტიკულ შესაძლებლობებსა და ჯანდაცვის სექტორის მომავალზე.AIMCare 2026-ის მიზანია, შექმნას ინტერდისციპლინური სივრცე, სადაც მედიცინის, აკადემიური და ტექნოლოგიური სფეროების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ კვლევის შედეგებს, პროფესიულ გამოცდილებასა და ინოვაციურ ხედვებს.

ალტე უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ცოდნისა და რესურსების გაერთიანებას, ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებას და ხელოვნური ინტელექტის სამედიცინო განათლებასა და პრაქტიკაში უსაფრთხო და ეფექტიანი დანერგვის შესახებ დისკუსიის განვითარებას.

ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტის აკადემიურ საქმეთა და კვლევის მიმართულებით, დოქტორ ირმა გრძელიძის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში დღეს უკვე ცვლის კვლევის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და სამედიცინო განათლების პროცესებს. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტების პასუხისმგებლობაა, მომავალ პროფესიონალებს მისცენ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნა, არამედ მათი კრიტიკულად, ეთიკურად და პაციენტის ინტერესების დაცვით შეფასების უნარიც:

„AIMCare 2026 სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ის აერთიანებს მედიცინის, ტექნოლოგიებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ახალგაზრდა მკვლევრებს საკუთარი იდეებისა და ნაშრომების წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. თსსუ-სთან თანამშრომლობით გვინდა, შევქმნათ პლატფორმა, რომელიც რეალურ გავლენას მოახდენს საქართველოში სამედიცინო განათლების, კვლევისა და ჯანდაცვის განვითარებაზე“, - ირმა გრძელიძე, ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიურ საქმეთა და კვლევის მიმართულებით, დოქტორი.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებები

AIMCare 2026-ის პროგრამა ხელოვნური ინტელექტის მედიცინასა და ჯანდაცვაში გამოყენების სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  • ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიულ ჩარევებში;
  • ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში;
  • ხელოვნური ინტელექტი კლინიკური პრაქტიკის ადმინისტრირებასა და მართვაში.

კონფერენციაზე მონაწილეები განიხილავენ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი დაავადებების გამოვლენის, კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების, პროფესიული სწავლებისა და ჯანდაცვის პროცესების მართვის შესაძლებლობებს. ყურადღება დაეთმობა როგორც ტექნოლოგიურ პროგრესს, ასევე მის გამოყენებასთან დაკავშირებულ ეთიკურ გამოწვევებს, მონაცემთა უსაფრთხოებასა და სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას ადამიანის მიერ პროცესების კონტროლის აუცილებლობას.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ხელოვნური ინტელექტის სამედიცინო სფეროში გამოყენებას სამეცნიერო, კლინიკური, ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო პერსპექტივებიდან შეხედონ.

თსსუ-ის აკადემიური განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი განმარტავს, რომ უნივერსიტეტს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს როგორც სამედიცინო განათლებაში, ისე კვლევასა და კლინიკურ პრაქტიკაში:

„ხელოვნური ინტელექტი ქმნის დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესების ახალ შესაძლებლობებს, თუმცა მისი ინტეგრაცია პასუხისმგებლიან მიდგომას, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვას, ეთიკური საკითხების გააზრებასა და ადამიანის მიერ პროცესების კონტროლის შენარჩუნებას მოითხოვს. AIMCare 2026 ამ საკითხების ინტერდისციპლინური განხილვის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ამ მიმართულებით ალტე უნივერსიტეტთან თანამშრომლობა შესაძლებლობას გვაძლევს, გავაერთიანოთ ცოდნა და გამოცდილება და ხელი შევუწყოთ ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო და ეფექტიან დანერგვას საქართველოს სამედიცინო და საგანმანათლებლო სივრცეში.“ - რიმა ბერიაშვილი, თსსუ-ის აკადემიური განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი.

AIMCare 2026-ში მონაწილეობა შეუძლია აკადემიურ პერსონალს, სამედიცინო სფეროს პროფესიონალებს, მკვლევრებს, პედაგოგებსა და ინოვატორებს, როგორც მომხსენებლის, ისე მსმენელის სტატუსით.

კონფერენცია მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს შესაძლებლობას აძლევს, წარმოადგინონ თემატიკასთან დაკავშირებული სამეცნიერო ნაშრომები, კვლევები და ინოვაციური პროექტები. მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ პანელურ დისკუსიებში და ჩაატარონ პრაქტიკული ვორქშოპები, რისთვისაც წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო.

გასათვალისწინებელია, რომ ვისაც საბოლოო ნაშრომის კონფერენციის ოფიციალურ კრებულში გამოქვეყნება სურს, ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 9 ნოემბერი. აბსტრაქტების კრებულსა და კონფერენციის საბოლოო მასალებს მიენიჭება ISSN და DOI, რაც მათ სამეცნიერო სივრცეში იდენტიფიცირებასა და ციტირებას შეუწყობს ხელს.

კონფერენცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

AIMCare 2026 გაიმართება 29-30 ოქტომბერს, Hilton Garden Inn-ში, მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №64ა.

კონფერენციისა და აბსტრაქტების წარდგენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:

https://ic.alte.edu.ge/call-for-abstracts/

R